Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხ აეროდრომზე დაზიანებულია 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი - მედია უკრაინულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით


უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში [СБУ] წყაროები ადასტურებენ თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე ერთბაშად ოთხ აეროდრომზე.

იტყობინებიან, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები იწვის აეროდრომებზე - „ბელაია“ ["Белая"], „დიაგილევო“ ["Дягилево"] , ოლენია“ ["Оленья"] და „ივანოვო“ ["Иваново"].

ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს საერთაშორისო მედიაც. BBC წერს, რომ დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის - А-50, ТU-95, და ТU-22 М3. ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მიერ, ხოლო გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

ასევე, BBC-მ საკუთარი საკონტაქტო არხებით მიიღო ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა სახელწოდებით - „ობობას ქსელი“ და მას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი.

მანამდე, რუსეთის ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შესახებ. აქვე ვრცელდება ვიდეომასალები, რომლებზეც ასახულია დრონები და ისმის სროლის ხმა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში თვითმხილველი ამბობს, რომ დრონები აფრინდნენ სატვირთო ავტომობილიდან. რუსეთის ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი Baza აღნიშნავს, რომ - სატვირთოს მძღოლი დაკავებულია, თუმცა მან შესაძლოა არაფერი იცოდა დრონების შესახებ.

მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ჩიბისმა დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება აფრთხილებს ყველას, რომ არ გაავრცელონ ვიდეომასალები ჯერ ისევ მიმდინარე შეტევის შესახებ.

იერიში მოიცავს ირკუტსკის, მურმანსკისა და რიაზანის ოლქებს. ეს არის დრონების პირველი შეტევა ციმბირის ტერიტორიაზე. ინფორმაცია დაადასტურა ირკუტსკის გუბერნატორმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG