Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ეპისკოპოსი მზია ამაღლობელის საქმეზე - შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი


მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და ამ საქმის სასამართლოში განხილვას ეხმაურება. ეპისკოპოსი ამბობს, რომ მას ესმის სახელმწიფო ინსტიტუციების ღირსების დაცვის მნიშვნელობაც და არც მზია ამაღლობელის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს, თუმცა სასჯელის ის ზომა, რომელიც მას ემუქრება, შეუსაბამოდ მიაჩნია.

"[მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს] ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4 - დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს.

მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ", - წერს ეპისკოპოსი და მორალურ კანონებზე, შენდობისა და პატიების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

"ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები - შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს", - ეპისკოპოსის ეს მოწოდება, სავარაუდოდ, მიემართება პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს, ვისზე თავდასხმასაც ედავება გამოძიება მზია ამაღლობელს.

ეპისკოპოსი გიორგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.

2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს "ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია" უწოდა.

2020 წელს ის "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG