ავიაკომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბორტით მხოლოდ კანონიერი გზით მოხვედრილი მგზავრები გადაჰყავთ და არ უპასუხეს კითხვას, ჩამოიყვანეს თუ არა გიორგი ბაჩიაშვილი მათ:
„გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია“.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ფინანსისტმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს, 29 მაისს სასამართლო სხდომაზე პირველად ისაუბრა, როგორ მოხვდა საქართველოში ქვეყნის მალულად დატოვების შემდეგ.
„შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში: ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“, - თქვა ბაჩიაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა ქვეყანა, რომელშიც ის ბოლო პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბორტი, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა, flightradar24-ის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 26 მაისს გაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ჩაფრინდა დუბაიში და მალევე დაბრუნდა უკან. რადიო თავისუფლებამ Georgian Airways-ს ჰკითხა, ვისი დაკვეთით შესრულდა ეს ფრენა და ვინ იყო მგზავრი.
„კერძო პირების მიერ ყოველდღე ხდება რეისების დაკვეთა და პერსონალურ მონაცემებს ვერ გავცემთ“, - კომპანიაში არ უპასუხეს კითხვას, ეს კონკრეტული ფრენა სახელმწიფოს დაკვეთით შესრულდა თუ კერძო პირის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც:
„26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი“.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.
დღეს, 29 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის სასამართლო სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა, რომ ის უცხო ქვეყანაში „გაიტაცეს“ და ასე დააბრუნეს თბილისში.
„მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის - ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“, - თქვა მან.
ფორუმი