Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია

დაკავებულია „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი. მისი დაკავების შესახებ დღეს, 27 მაისს იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".

წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუს-ი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

განახლება: გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.

2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG