Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს კრიპტოვალუტების საქმეზე


გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

დღეს, 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

„თანხის მითვისების“ გამო მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, „ფულის გათეთრების“ გამო კი - 11 წელი. საბოლოოდ, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა 10-წლიანი სასჯელი - მას 11 წლით პატიმრობა ასე მიესაჯა.

რამდენიმე საათით ადრე მოსამართლე გელაშვილმა ბაჩიაშვილს უარი უთხრა „კრიპტოვალუტების საქმეზე“ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე.

გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარგარეთაა - ის 2 მარტს გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურიის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.

„სამარცხვინო“, - ამ ერთი სიტყვით გამოეხმაურა საზღვარგარეთ მყოფი ბაჩიაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჯერ კიდევ 6 მარტს განაცხადა, რომ ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით.

ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა კი განაცხადა, რომ „ინტერპოლის ძებნა არ გულისხმობს გადმოცემას“: „ინტერპოლს ევალება, თუ საზღვართან მიდის ძებნილი, შეაყოვნოს, ცალკე პროცედურაა - დააკავებს თუ არა“.

მისი თქმით, „ინტერპოლსაც და ყველა სათანადო სტრუქტურას“ მიაწოდეს და მომავალშიც მიაწვდიან ინფორმაციას, „რომ ბაჩიაშვილი არ უნდა იყოს დაკავებული“.

ივანიშვილი იყო ინვესტორი - დაასკვნა სასამართლომ

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ მანაც მიიჩნია - ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილთან დავაში იყო „ინვესტორი“ და არა უბრალოდ დამხმარე პირი სესხის აღებაში.

ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ივანიშვილი „ინვესტორი“ არ ყოფილა, მხოლოდ სესხის აღებაში დაეხმარა მას, გარკვეული თანხა გადაუხადა, ხოლო დამატებით ივანიშვილს თანხა არ ეკუთვნოდა. იგი საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა.

სხვა ბრალდებები

ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:

  1. „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო - მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
  2. „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.

„პირადი ფინანსისტი“

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ახლა 40 წლისაა, წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად.

„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.

სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ის, ვინც აღმოაჩინა შეუსაბამობები შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დოკუმენტაციაში ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით, რამაც დაუდო სათავე მილიარდერი ექსპრემიერის მრავალწლიანი დავის საგას ბანკთან.

2022 წლის 9 სექტემბერს ბაჩიაშვილმა სინგაპურში, ივანიშვილის დავის მორიგ ეპიზოდში ივანიშვილის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, როგორც მისმა მრჩეველმა.

ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ხშირად წერდა ქართველი მილიარდერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ „შეკრული“ დასავლეთის შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG