გამოცემის წყაროების თანახმად, ბაჩიაშვილი სასტუმროს ლობიში დააკავა ადგილობრივი პოლიციის რვაწევრიანმა ჯგუფმა.
ამავე ცნობებით, ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს დუბაიში, პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი საქართველოს მიმართულებით თვითმფრინავით გამოამგზავრეს.
- ბაჩიაშვილი, სუს-ის თანახმად, სამართალდამცავებმა „მწვანე ზონაში“ დააკავეს ანონიმური შეტყობინების შემდეგ. დეპორტაციის ოფიციალური პროცედურა არ განხორციელებულა.
- გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს წინაშე „მტკვარი ჰესის“ საქმეზე 29 მაისს უნდა წარდგეს. ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, იქ გააცნობს საზოგადოებას დაკავების დეტალებს.
„გარდიანის“ ცნობითვე, ბაჩიაშვილს დაკავებისას მისცეს ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა.
ბაჩიაშვილის ამერიკელ-კანადელმა ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა განაცხადა:
„სრულიად მოულოდნელი იყო მისი დაკავება. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა. ადგილობრივი გუნდი გვყავდა, და ის საკმაოდ კომფორტულად იყო მათ გარემოცვაში. როგორც ჩანს, უბრალოდ დააპატიმრეს და შემდეგ თვითმფრინავში ჩასვეს“.
უცნობია, რა იყო თვითმფრინავის მარშრუტი და როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი, - როგორც სუს-მა განაცხადა, - „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
ბაჩიაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.
რამდენიმე საათით ადრე, სანამ მისი დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა მასთან ინტერვიუ; მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.
„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია“, - ამბობს ბაჩიაშვილი.
გამოცემის ცნობით, ის ასევე ვარაუდობდა, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:
„ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს“.
ფორუმი