თავდაპირველად ლევან მახარაშვილი გლდანის ციხეში მივიდა და ვარაუდობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იქ იმყოფებოდა, თუმცა ადმინისტრაცია - მისი თქმითვე, - ამბობდა, რომ ბაჩიაშვილი ჯერ „შესახლებული“ არ იყო.
„ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული“, - უთხრა მახარაშვილმა გლდანის ციხესთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
„მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო“, - თქვა მან.
ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი მისი ოჯახის წევრმა შეატყობინა და არ იცის დეტალები.
იგი ამბობს, რომ ბაჩიაშვილთან საუბრის შემდეგ გაავრცელებს დამატებით ინფორმაციას.
განახლება: ინფორმაცია განახლდა ადვოკატის მიერ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 27 მაისს, განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც:
„26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს”.
ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, საიდან და როგორ მოხდა ბაჩიაშვილის „იძულებით დაბრუნება“.
იურისტების საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ ბაჩიაშვილს წამების საფრთხე ემუქრება და აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებისთვის.
რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ. მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.
„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია“, - ამბობს ბაჩიაშვილი.
გამოცემის ცნობით, ის ასევე ვარაუდობდა, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:
„ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს“.
ფორუმი