რა ხდება ირანში, როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ისრაელისა და აშშ-ის, აიათოლას რეჟიმის მიმართ? ამ თემებზე The Current Time-ი ირანელ პოლიტოლოგსა და ჟურნალისტს, ამირ ჩახაკს ესაუბრა.
- თქვენი ბევრი ნათესავი ცხოვრობს ირანში?
- კი, ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ვუკავშირდები: დები, ძმები, ახლობლები, კოლეგებიც. 50-100 ადამიანს მაინც ველაპარაკე ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი მათგანი ჩემსავით თეირანშია დაბადებული და გაზრდილი.
- რა ხდება ქვეყანაში, რას ჰყვებიან?
- ზოგ ობიექტს ისევ ურტყამენ რაკეტებით, თეირანთან ახლოს, ე.წ. „დიდი თეირანის“ რაიონში - ყაზარმებს და რაღაც საწყობებს. საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს, მაგრამ, მგონი, არცთუ ეფექტიანად.
მაგრამ ქალაქი ბევრმა არ დატოვა, მხოლოდ ნაწილმა. ყველას ერთი და იგივე კითხვები აქვს: სად, როგორ წავიდნენ? რამდენი დღით? მერე როგორ იცხოვრონ?
- ახსენეთ, რომ 17 ივნისიდან ირანში ინტერნეტი გაქრა. რა იცით ამის შესახებ - ირანის ხელისუფლებამ გათიშა თუ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად გამოირთო?
გლობალური ინტერნეტის მონიტორინგის ორმა წამყვანმა კომპანიამ - Kentik-მა და Netblocks-მა - NBC News-ს უთხრეს, რომ 17 ივნისს ირანში ინტერნეტი მკვეთრად შენელდა. 18 ივნისს Netblocks-მა განაცხადა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად გაითიშა გარე ქსელიდან. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა ისრაელის კიბერშეტევების საპასუხოდ.
- ვარკვევთ მიზეზებს. 17 ივნისს თქვეს, ირანმა ინტერნეტზე წვდომა შეზღუდაო. მაგრამ 18 ივნისს კავშირგაბმულობის სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ.
და ყველა აბონენტს 50 გბ აჩუქეს.
- რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ თქვენს ახლობლებს, ნაცნობებს ირანში, რა განწყობაა ქვეყანაში?
- ყველა დათრგუნულია. ჟურნალისტები ხანდახან ცდილობენ გაარკვიონ, ვინ ვის [ირანის მოსახლეობა] წინააღმდეგაა. ჰოდა, ირანელების უმეტესობა არც რეჟიმს არ უჭერს მხარს და არც იმას, რაც ამ 46 წლის განმავლობაში ხდებოდა. უმეტესობა წინააღმდეგია. ალი ხამენეი (ირანის უზენაესი ლიდერი) დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირანელებს ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ შეუყვარდათ. მის გამო დატოვეს თეირანი და ახლა არ იციან, როგორ იცხოვრონ.
- ირანში ისრაელის ოპერაციას ელოდნენ?
- წინა კვირამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საჰაერო დაბომბვები იქნებოდა. ეგონათ, რომ ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა ბირთვული იარაღის თაობაზე.
შოკი იყო. დილით ამდგარი იგებ, რომ 12 გენერალი მოკლულია და რაკეტებს ისვრიან. შოკი უფრო იმან გამოიწვია, რომ ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა, რა უნდა გვექნა. სადღაც ერთი დღის შემდეგ დაიწყო ხალხმა თეირანის დატოვება.
როდესაც ვამბობთ „თეირანის დატოვება“, უნდა გავაანალიზოთ, რომ „დიდ თეირანში“ 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თავად ქალაქში კი - 10 მილიონი. სად წავა ამდენი ხალხი?
ძირითადად ჩრდილოეთისკენ გაემართნენ, კასპიის ზღვისკენ. ზოგს იქ აგარაკები ჰქონდა, მაგრამ უმეტესობას - არ აქვს, რადგან თეირანში ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. უმეტესობას თეირანში რაღაც ბიზნესი ჰქონდა. ახლა ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამიტომ არიან შოკში. მთელ ირანში ჩამოყარეს ჭურვები, მაგრამ ძირითადად მაინც თეირანში, რადგან აქ არის თავმოყრილი სახელმწიფო ინსტიტუტები. ახლა ყველას ერთი კითხვა აწუხებს: როგორ ვიცხოვროთ?
- დაბომბვა საწვავის ფასზე როგორ აისახა?
- საწვავზე სახელმწიფო ფასი ხელისუფლებას არ გაუზრდია, მაგრამ შოვნაა პრობლემა. რამდენიმე დღის წინ 2-3-კილომეტრიანი რიგები იდგა. 17 ივნისს საწვავის გაყიდვაზე ლიმიტი დააწესეს, მანქანაზე 30 ლიტრი. სხვა რამე განსაკუთრებული რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა. დღეს უკვე ჩანს, რომ თეირანში ურიგოდაც ჩაასხამ საწვავს, რადგან ქალაქში მანქანები გაიშვიათდა.
იმასაც ვიტყვი, რომ ირანში დოლარის კურსი დავარდა. იცით, რაზე შეიძლება რომ ეს მიუთითებდეს? იმაზე, რომ ხალხი უცხოურ ვალუტას ჯერ არ ყიდულობს. ჯერ ისე სერიოზულად არ აღიქვამენ სიტუაციას, რომ, აი, რაღაც სასწრაფოდ უნდა გააკეთონ: იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე მართლაც ძალიან დიდია.
- რა ხდება თეირანში სურსათის და წყლის მხრივ?
- დიდი კრიზისი არაა. ასეთი რამეც კი მოხდა, მაღაზიებმა სოლიდარობის ნიშნად კარები გააღეს და ფასები დაწიეს. ვიდეოებია, რომლებშიც ჩანს, როგორ არიგებენ პროდუქტებს უფასოდ.
მაგრამ ამასთან დაარტყეს თეირანის ჩრდილოეთით. რაღაც სამიზნე ჰქონდათ, მაგრამ სასმელი წყლის მილიც მოიშალა. შემდეგ თითქოს აღმოფხვრეს ეს პრობლემა.
ვერ იტყვი, რომ ხალხი შიმშილობს - ასეთი რამე არ ხდება. ჯერ პროდუქტებიც არის და წყალიც. მაგრამ ირანის ჩრდილოეთით, კასპიის ზღვასთან არის ქალაქები, საითკენაც ძალიან ბევრი თეირანელი წავიდა. ჩემი და გუშინ მიყვებოდა, რომ ამ ქალაქებში იმდენი დევნილია, პროდუქტები ელევათ. მაგალითად, წყლის ყიდვა რომ უნდათ, ყოველთვის არ არის, მიწოდებას ვერ აუდიან. თუ ასეთი მდგომარეობა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდა, ნამდვილად დიდი პრობლემები შეიქმნება.
- რას ფიქრობენ თქვენი ახლობლები ომში აშშ-ის შესაძლო ჩართვაზე?
- ეს რომ იოლი გზა იყოს, მაგალითად, ერთი-ორი დარტყმით შეიცვალოს ხელისუფლება, უსისხლოდ, - ბევრი იტყოდა, ჯანდაბას, იყოს ასე, მერე უკეთესი იქნებაო.
ეშინიათ. მაგალითად, ალი ხამენეი რომ მოკლან, ვინ შეცვლის მას? ვაითუ ქაოსი შეიქმნას? მერე რა მოხდება? ამის გამო ისინიც კი, ვინც ხამენეის მოწინააღმდეგეები არიან, ამბობენ: „არ ვიცი“.
ირანელების უმეტესობა ხელისუფლების წინააღმდეგია - აი, ზუსტად გუშინ ვესაუბრე ჩემს სამ ახლობელს. ამერიკის ჩართულობას ომში დიდად არც ისინი არ მიესალმებიან, რადგან თუ ეს მოხდა, მიწისქვეშ მდებარე ობიექტებს დაარტყამენ, ურანით გამდიდრებულს. ყველას გვეშინია რადიაციის. მგონია, ხალხი უფრო იმას ელოდება, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. მაგრამ საკითხავი ისაა, დაასრულებს კი ამას ამერიკის ჩართულობა?
ფორუმი