Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკპოსტის გამო ელენე ხოშტარიაც დააჯარიმეს 4000 ლარით


ელენე ხოშტარია მამუკა მდინარაძეზე დაწერილი ფეისბუკპოსტის გამო დააჯარიმეს.
ელენე ხოშტარია მამუკა მდინარაძეზე დაწერილი ფეისბუკპოსტის გამო დააჯარიმეს.

პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკპოსტის გამო. პოსტი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ეხებოდა.

ხოშტარიას ედავებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას“.

პოლიტიკოსს, დაჯარიმებასთან ერთად, სამი წლით ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება.

გადაწყვეტილება დღეს დილას გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა. ხოშტარია არცერთ სხდომას არ დასწრებია.

„ელენე ხოშტარია ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად... ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით... ელენე ხოშტარიას ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება სამი წლით“, - განაცხადა მოსამართლე თეთრაულმა.

მოსამართლის განმარტებითვე, ხოშტარიამ ჯარიმა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან შვიდ დღეში უნდა გადაიხადოს.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა, მონებო. წერეთ და იკითხეთ! რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს იგი ფეისბუკზე.

დღეს მხოლოდ გადაწყვეტილება გამოცხადდა - პროცესი 16 ივნისს გაიმართა. წინა სხდომაზე შსს-ის წარმომადგენელმა ანდრო გურულმა დაადასტურა, რომ ხოშტარიას ფეისბუკი პოლიციელებმა „კონკრეტული საჩივრის ფარგლებში“ დაათვალიერეს. ხოშტარიას მამუკა მდინარაძემ უჩივლა.

„დადგინდა, რომ ელენე ხოშტარიამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მამუკა მდინარაძეს”, - უთხრა სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.

ამავე სამართალდარღვევისთვის წინა კვირას სასამართლოში 20-ზე მეტი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და აქტივისტი დაიბარეს საქმის განხილვაზე.

ყველა მათგანი დააჯარიმეს სხვადასხვა ოდენობის თანხით.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG