Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის


აქტივისტი ქეთი მოლაშვილი, რომელსაც შსს ფეისბუკის პოსტებით პოლიტიკოსების შეურაცხყოფას ედავება, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეცნობა საქმის მასალებს. 12 ივნისი, 2025 წელი
აქტივისტი ქეთი მოლაშვილი, რომელსაც შსს ფეისბუკის პოსტებით პოლიტიკოსების შეურაცხყოფას ედავება, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეცნობა საქმის მასალებს. 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ბოლო ორი დღეა განიხილავენ იმ ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეებს, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება შსს-მ ფეისბუკის სტატუსების გამო წამოიწყო.

ეს არის სრულიად ახალი მოცემულობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ დღეებში აამოქმედა და რომელიც იურისტებისა და უფლებადამცველების თქმით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

სასამართლოში წარდგენილი საქმეების თანახმად, პატაკის შემდგენი დეტექტივები, რომლებმაც 20-მდე მოქალაქის ფეისბუკის გვერდები „დაათვალიერეს“, ირწმუნებიან, რომ ფეისბუკპოსტებით მათ პოლიტიკოსები შეურაცხყვეს და შესაბამისად, დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი. ეს მუხლი კოდექსში სულ რამდენიმე თვის წინ, 6 თებერვალს, გაჩნდა - სწორედ მაშინ, როდესაც პროევროპული აქციებისა და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი კანონის გამკაცრება გადაწყვიტა, მაგალითად, შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.

რას გულისხმობს კოდექსში გაჩენილი ახალი მუხლი?

173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ითვლება საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის, ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.

ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

თუკი დანაშაული განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე იზრდება ან ისჯება 60-დღიანი პატიმრობით.

ამ მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევა არ ითვალისწინებს სიტყვიერ გაფრთხილებას. ანუ, თუკი, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის მოსამართლემ შესაძლოა ბრალდებულს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, 173-ე 16 პრიმა მუხლი მოსამართლეს ამის შესაძლებლობას უზღუდავს.

ვის და რას ედავებიან?

ეს არის იმ ადამიანების სია, რომელთა წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 და 11 ივნისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა.

  • ნანუკა ჟორჟოლიანი - ტელეწამყვანი;
  • ვახო სანაია - ტელეწამყვანი;
  • ვიკა ბუკია - ტელეწამყვანი;
  • დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი;
  • ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;
  • მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი;
  • თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;
  • ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;
  • ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
  • ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;
  • ანა სუბელიანი - აქტივისტი;
  • ბაია პატარაია - აქტივისტი;
  • დავით ქაცარავა - აქტივისტი;
  • გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი;
  • ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი;
  • ირაკლი გვალია - აქტივისტი;
  • მარიამ გეგუჩაძე - აქტივისტი;
  • გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი;
  • გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.


მათ მცირე ნაწილს 12 და 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა უკვე დააკისრეს ადმინისტრაციული ჯარიმები.

ეკა მიშველაძე (მარცხნივ) და ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, 12 ივნისი, 2025 წელი
ეკა მიშველაძე (მარცხნივ) და ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, 12 ივნისი, 2025 წელი

მაგალითად, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მანუჩარ ცაცუამ 13 ივნისს მაქსიმალური, 4000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა დეპუტატ მარიამ ლაშხის საცხოვრებელ კორპუსზე გაკეთებული წარწერის ფოტო ფეისბუკზე გააზიარა და მიაწერა:"მონას სახლთანაც მიუწერეს, ვინ და რაც არის" .

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ასე ახსნა:

„საქართველოში ისტორიულად არსებობს ოჯახის პატივისცემის კულტურა, რითაც, როგორც ფუნდამენტური ღირებულებით, ამაყობს ქართველი ერი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ფოტომასალის თანახმად, პოლიტიკოსის, მარიამ ლაშხის საცხოვრებელი სახლის კედელზე გაკეთდა წარწერა, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, არის შეურაცხმყოფელი და შეუთავსებელი საქართველოში დამკვიდრებულ ეთიკურ სტანდარტებთან....ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მარიამ ლაშხს ჰყავს ოჯახი და შვილები, რომლებსაც აქვთ მშვიდად ცხოვრების უფლება და არ არიან პასუხისმგებელნი მარიამ ლაშხის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მეთხუთმეტე მუხლმა და ევროპული კონვენციის მერვე მუხლმა უნდა დაიცვას პოლიტიკოსის, როგორც ინდივიდის პირადი და ოჯახური ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში, ეკატერინე მიშველაძემ სოციალურ ქსელში არა მხოლოდ გააზიარა ეთიკურად გაუმართლებელი ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ქცევა, არამედ თავისი კომენტარით გაამართლა იგი, რაც დაუშვებელია“.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ თავისი გადაწყვეტილების არგუმენტად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებაც საქმეზე „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“.

ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა ამბობს, რომ ფეისბუკის მომხმარებელი პასუხისმგებელია არათუ მხოლოდ საკუთარ პოსტზე, არამედ თავისი პოსტის ქვეშ დატოვებულ, სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზეც კი:

„მოცემულ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში ეკატერინე მიშველაძის მიერ შეგნებულად გასაჯაროებული პოსტი იწვევს სიძულვილს... რაზეც მეტყველებს ეკატერინე მიშველაძის პოსტზე სხვა პირების მიერ გაკეთებული კომენტარები, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცული ვერ იქნება. ვციტირებ პირველ კომენტარს: ამ თავსლაფის სხმას, არ ერჩივნა ერთი დაძახება აეტანა? სიცოცხლის ბოლომდე ამ დღეში უნდა იყოს. საკუთარმა შვილებმა უნდა აგინონ“.

მოსამართლის სიტყვისთვის 13 ივნისს გამართულ სხდომაზე ეკა მიშველაძეს არ მოუსმენია. მანუჩარ ცაცუამ ეს გადაწყვეტილება ცარიელ დარბაზში წაიკითხა.

ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია წინა დღით, 12 ივნისს გამართულ სხდომაზე დააფიქსირა.

სასამართლოს დარბაზში მან პროევროპული აქციებისას სასტიკად ნაცემი ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების ფოტოები მიიტანა:

ეკა მიშველაძე სასამართლო სხდომის დაწყებამდე, 12 ივნისი, 2025 წელი
ეკა მიშველაძე სასამართლო სხდომის დაწყებამდე, 12 ივნისი, 2025 წელი

„ვინც არ უნდა იყოს ადამიანი - იქნება ის პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი, მხატვარი, ექიმი, მასწავლებელი - როდესაც ვიღაცის ნება-სურვილს ასრულებს და უსიტყვოდ ემორჩილება ერთ ადამიანს, ასეთ ადამიანს უწოდებენ და ჰქვია მონა. მონა არ არის ცუდი სიტყვა, ეს არის ფაქტის კონსტატირება. როგორც, მაგალითად, მხატვარს რომ უწოდო მხატვარი, ჟურნალისტს - ჟურნალისტი.

მაგრამ თქვენთან მაქვს კითხვა, ბატონო მანუჩარ, ამ ადამიანებს იცნობთ?“ - ეკა მიშველაძემ ნაცემი ჟურნალისტების ფოტო აჩვენა მოსამართლეს, რაზეც მანუჩარ ცაცუამ უპასუხა:

„მოსამართლეებს კითხვებს არ უსვამენ.“

„არა? მაშინ მე რიტორიკულად დავსვამ კითხვებს“, - თქვა მან და განაგრძო:

„ეს არის მაკა ჩიხრაძე, ეს არის გურამ როგავა, ჩემი კოლეგა, ეს დათო ქაცარავა, ეს არის ბიჭი, რომელიც კომაში იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ ბიჭის თავით ფეხბურთი ითამაშეს აქციებზე. ამ ადამიანებზე ვინც იძალადა, რომელიმეს ამ შენობაში ფეხი შემოუდგამს? არცერთის მიმართ არ დამდგარა არანაირი პასუხისმგებლობა და თქვენ ახლა ამ ქვეყანაში, რომელსაც ეძახით სახელმწიფოს, აწყობთ ცირკს და ფარსს და ამ საქმის გარჩევით ხართ დაკავებული.“

ეკა მიშველაძის მსგავსად, ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსის გამო მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეს. ის სხდომას არ დასწრებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოფიო პაპასკირმა თქვა, რომ მიშა მშვილდაძემ შალვა პაპუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა „უწმაწური სიტყვების კორიანტელით“, რაც „არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში“ და მისი მიზანი იყო „პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფა“.

შსს-მ სამართალწარმოება მიშა მშვილდაძის მიმართ დაიწყო 2025 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტის გამო. მაშინ სულ ორი დღის ამოქმედებული იყო ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ტელეწამყვანმა გააზიარა ფოტოები შალვა პაპუაშვილის ფეისბუკგვერდიდან და დაწერა: „შარშან იუესაიდის ტრაკს ლოკავდა შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ტრაკის გალოკვა შეუძლია, უნივერსალია, ტრაკი ლოკვის ფილიპ კოკუა ბატონი შალვი“.

3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა 12 ივნისს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს. მისი პოსტი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს, შეეხებოდა. დეა მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას არ დასწრებია. მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს“.

ფეისბუკის პოსტების გამო 3000 და 4000-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს 12 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებს მარიამ გეგუჩაძესა და გიგა მაქარაშვილს.

დააჯარიმებს თუ ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვებს ნანუკა ჟორჟოლიანს მოსამართლე ნინო ენუქიძე, ეს 17 ივნისს გაირკვევა.

ნანუკა ჟორჟოლიანი ადვოკატებთან ერთად სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, 13 ივნისი, 2025 წელი
ნანუკა ჟორჟოლიანი ადვოკატებთან ერთად სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, 13 ივნისი, 2025 წელი

მას შსს მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება. შსს-ს წარმომადგენელს სამართალდარღვევის დასტურად მოჰყავს ჟურნალისტის გაზიარებულ პოსტზე დართული „გულებიანი ღიმილის“ „სმაილიც“.

31 მაისს ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გააზიარა მარიამ ლაშხის სახლის კედელზე გაკეთებული მინაწერის ფოტო [ფოტოზე აღბეჭდილია საცხოვრებელი კორპუსის კედელი წარწერით: „მარია ლაშხი რუსი მონა“] და გაზიარებულ პოსტს დაურთო ერთადერთი წინადადება: „მარიამ ლაშხის სახლი“, რომელიც სრულდება ე.წ. სმაილით:

„გავაზიარე[ფოტო] როგორც ნიუსი. ამ სტატუსში მე მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ეს ინფორმაცია, მარიამ ლაშხის სახლთან დაკავშირებით, გაავრცელა ყველა არხმა, მათ შორის იმედმა. „იმედს“ ჩაუთვალეთ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფად?“

რაც შეეხება წულუკიანის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში, ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა:

"ეს იყო ბრაზი [თეა წულუკიანის] განცხადებაზე, ეს იყო ანწუხელიძის დაცვა. ჩემი მიზანი არ ყოფილა თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ეს იყო ჩემი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა".

ნანუკა ჟორჟოლიანს შსს ედავება მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას კიდევ ერთი პოსტის გამოც. ამ სტატუსით ჟურნალისტი გამოეხმაურა პოლიტიკოსის ინტერვიუს, რომელიც მან ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას მისცა რამდენიმე თვის წინ:

"თქვა, რომ მას ესმის მასონების ხმები და მას აქვს ურთიერთობა "დიპ სტეიტთან", ის ბატის "სმაილი", რომელიც გამოვიყენე...ჩემთვის სიგიჟეა. ჩვენ ჟურნალისტებმა ხომ პოლიტიკოსების ნაბიჯები ხომ უნდა შევაფასოთ, მაგრამ ჟურნალისტობის მიღმა ჩვენ ხომ ადამიანები და მოქალაქეები ვართ, ის შეფასება იყო არა როგორც ჟურნალისტის, არამედ მოქალაქის. ჩემი შეფასება წულუკიანის განცხადებაზეც იყო, როგორც მოქალაქის და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ, როგორც ბრალმდებელი პროკურორი, ზუსტად იმავეს ფიქრობთ ანწუხელიძეზე, რასაც მე", - თქვა მან და მოსამართლეს მიმართა: "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წითელი ზღვარია ანწუხელიძე, წითელი ზღვარია მცირეწლოვანი შვილი. შეიძლება თეა წულუკიანს არ მოეწონა ჩემი რეაქცია ანწუხელიძეზე, მაგრამ ეს იყო ადეკვატური რეაქცია და თუ ჩვენ ამას დღეს ჩაგვიხშობენ, ვაი და ხვალ თქვენ კარზე მოვიდნენ, არ გვექნება საშუალება, რომ თქვენ დაგიცვათ".

ვინ უჩივის ჟურნალისტებსა და აქტივისტებს?

საქმის მასალების მიხედვით, პატაკები ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე დაწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივებმა, თუმცა ამ პატაკებში არ არის მითითებული, კონკრეტულად ვინ მიმართა გამომძიებლებს, შეესწავლათ, შეურაცხყვეს თუ არა მარიამ ლაშხი, თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილი.

აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სახელზე გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი
აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სახელზე გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი

12 ივნისს, როცა სხდომათა დარბაზში ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა (რომელსაც შსს მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება), ადვოკატების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ თქვა, რომ სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ანუ შსს-ს წარმომადგენლის სიტყვებით, საჩივრები, რომ სოციალურ ქსელში მათ მიაყენეს შეურაცხყოფა, დაწერეს არა თავად მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა, არამედ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

თუმცა მარიამ კერესელიძემ 13 ივნისს გამართულ სხდომაზე თქვა, რომ მამუკა მდინარაძის საჩივრის საქმეში დართვისა და ადვოკატებისათვის მისი გაცნობის აუცილებლობას ვერ ხედავს:

„სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი გახდა საჯარო პოსტი, რომელიც მტკიცებულების სახით წარმოდგენილია, ამიტომ აღნიშნული საჩივრის საქმეში წარმოდგენას არ ვეთახმებით“.

ხოლო ადვოკატების კითხვაზე, რა შინაარსის იყოს ეს საჩივარი, მარიამ კერესელიძემ უპასუხა: „არ მახსოვს“.

რაკი სასამართლოში შეტანილი საქმეების მასალებში არცერთი იმ პოლიტიკოსის გამოკითხვის ოქმი არ დევს, რომელთა შეურაცხყოფასაც ედავებიან 20-მდე ადამიანს, ადვოკატებმა სასამართლოში მათი მოწმის სტატუსით გამოკითხვა მოითხოვეს, რათა დაედგინათ, ნამდვილად გრძნობდნენ თუ არა ეს ადამიანები თავს შეურაცხყოფილად პოსტების გამო.

„იქნებ ეს ადამიანები საერთოდ არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად. სხვის სანაცვლოდ უფლების დაცვის მოთხოვნა, ასეთი ჩანაცვლებითი მოთხოვნა სამართალში გარანტირებულად არ გვაქვს. ამიტომ იქნებ მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა თავად გვითხრან, თვლიან თუ არა თავს შეურაცხყოფილად. ეს ჩვენ არ ვიცით..."

მათ მოთხოვნებს შსს-ს წარმომადგენელმა სოფიო პაპასკირმა უპასუხა და ასე ახსნა, რატომ „არ არის საჭირო პოლიტიკოსების გამოკითხვა“:

“იგრძნო თუ არა ქალბატონმა მარიამ ლაშხმა თავი შეურაცხყოფილად, ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ადგილი აქვს 173-ე მეთექვსმეტე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, თვითონ შემადგენლობას თავისი შინაარსით”.

სოფიო პაპასკირი და მარიამ კერესელიძე, შსს-ის წარმომადგენლები სასამართლოში მიშა მშვილდაძის პროცესის შემდეგ, 12 ივნისი, 2025 წელი
სოფიო პაპასკირი და მარიამ კერესელიძე, შსს-ის წარმომადგენლები სასამართლოში მიშა მშვილდაძის პროცესის შემდეგ, 12 ივნისი, 2025 წელი

ადვოკატები ორი დღის განმავლობაში ითხოვდნენ იმ დეტექტივების გამოკითხვასაც, რომლებმაც ჟურნალისტებისა და აქტივისტების ფეისბუკის გვერდები „დაათვალიერეს“ და მათი მტკიცებით, სამართალდარღვევის ფაქტები აღმოაჩინეს, თუმცა არცერთმა მოსამართლემ არცერთი ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა 12 და 13 ივნისის სხდომებზე არ დააკმაყოფილა.

13 ივნისს გამართულ სხდომაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომლის პირველწყაროც თავად მამუკა მდინარაძეა, შსს-ში საჩივარი ჟურნალისტის წინააღმდეგ მას არ შეუტანია. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საჩივრები ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელითაა დაწერილი:

"მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მამუკა მდინარაძესთან გადამემოწმებინა ინფორმაცია, შეიტანა თუ არა მან სარჩელი ჩემს წინააღმდეგ და მან თქვა, რომ არა, სარჩელი შეიტანა მისმა ფრაქციამ. მე მაინტერესებდა გამერკვია, 11 ივნისს, ერთი და იმავე დროს, 18 კაცის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი იყო პოლიტიზირებული, თუ მართლა დეტექტივმა გამოიძია გულწრფელად ეს ამბავი".

რატომ თვლიან იურისტები, რომ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო მათი სამართალდამრღვევებად გამოცხადება ეს არის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან:

„გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოებს პოზიტიურ ვალდებულებებს უწესებს, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ინდივიდების ან ჟურნალისტების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პარალელურად, შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული პირის საჯარო დებატებში მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, მაშინაც კი, თუ ისინი გამაღიზიანებელად ან შოკისმომგვრელად აღიქმება საჯარო ფიგურების მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა, ასევე, ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადო მოღვაწედ, კერძოდ, იმ პირებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც რაიმე სხვა ფორმით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე“, - აცხადებენ საიაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომლებიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან.

როგორც იურისტები განმარტავენ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი.

აქტივისტი ქეთი მოლაშვილი ეცნობა საქმის მასალებს, 12 ივნისი, 2025 წელი
აქტივისტი ქეთი მოლაშვილი ეცნობა საქმის მასალებს, 12 ივნისი, 2025 წელი

მათივე განმარტებით, სახელმწიფო მიმართავს მართლმსაჯულების აღსრულების შერჩევით სტანდარტსაც:

„2024 წლის აპრილი - მაისის “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების დროს, კანონის მოწინააღმდეგეებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მუქარა იყო რეალური და რიგ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც.

2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებდა. რაც გამოიხატებოდა კონკრეტული ჯგუფის გამორჩევასა და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში. ამ ყველაფერს კი არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ვიქტორ კვიტატიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის საფუძველზეც დღეს მოქალაქეებს ფეისბუკის პოსტების გამო სამართალდარღვევას ედავებიან, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე კანონთან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ და ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს:

„ეს არის სამართლებრივი აბსურდი. ეს საქმეები საქალაქო სასამართლოში უნდა შეჩერდეს და განხილვა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლომ - ეწინააღმდეგება თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი ჩანაწერი კონსტიტუციას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, რომელიც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა რეგულირებული“, - ამბობს ვიქტორ კვიტატიანი.

12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული სხდომები, რომლებზეც მოსამართლეები ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ რიგითი მოქალაქეების ფეისბუკპოსტებს განიხილავენ, მომდევნო კვირაში განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG