უბნები ამომრჩევლის გარეშე
თბილისში ასეთ უკაცრიელ საარჩევნო უბნებს ძნელად თუ გაიხსენებს კაცი, ყოველ შემთხვევაში ეს იმ უბნებს მაინც ეხება, სადაც რადიო თავისუფლება მივიდა.
ისან-სამგორის რაიონში, 68 და 69 უბნებზე, 124-ე სკოლაში, დღის 12:00 საათზე ათიოდე ამომრჩეველს თუ დაითვლიდი. თუმცა უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობდა, ამომრჩევლები დღის მეორე ნახევარში უფრო მოდიანო. კომისიის მოწყენილი წევრებიც თავის კატუნით ეთანხმებოდნენ - ნამდვილად ასეა, საღამოსკენ გამოჩნდებიანო.
იგივე ხდებოდა 400 მეტრის მოშორებით, მოსკოვის გამზირზე, 59-ე უბანზე. მარტოხელა მოხუცები და მოღუშული „ბირჟავიკები“ გარეთ ისხდნენ და ერთმანეთსაც კი არ ესაუბრებოდნენ.
ისინი არც „ტიტუშკებს“ ჰგავდნენ, არც პროვოკატორებს და არც „ძველ ბიჭებს“, რომლითაც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციაც კი აშინებდა ამომრჩევლებს.
დღის ორი საათისთვის მე-10 ოლქის, 59-ე უბანზე, გლდანში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ლაზარიშვილმა სევდანარევი ხმით გვითხრა, მას შემდეგ, რაც დილის 8 საათზე უბანი გაიხსნა 238 ადამიანმა მისცა ხმაო, რაც დარეგისტრირებული ამომრჩევლების მეოთხედია.
41-ე უბანზე, ქავთარაძის ქუჩაზე (ვაკე-საბურთალოს რაიონი), ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ მკაცრმა კომისიის თავმჯდომარემ ყველა ის ფოტო წაგვაშლევინა, რომელზეც ამომრჩევლის სახე ჩანდა, თუმცა თავად ამომრჩევლები წინააღმდეგი არ იყვნენ.
„არ შეიძლება! მხოლოდ წელს ქვევით, ან ხელები, როდესაც ბიულეტენებიან საქაღალდეს ელექტრონულ ურნაში ათავსებენ! არავითარი გამჭვირვალე ბიულეტენები და საქაღალდეები!“ - თქვა მან.
სიტყვაძუნწი ამომრჩევლები
ვკითხეთ, როგორი მერი უნდოდათ და კანდიდატების რომელი პროგრამა იყო მათთვის მისაღები. ამომრჩევლების უმეტესობა, ვინც საერთოდ დაგველაპარაკა, შეცბუნებული გვიყურებდა, აქაოდა, ან მერი რა შუაშია და ან პროგრამაო. მხოლოდ ერთი თბილისელი მიხვდა, რას ვეკითხებოდით. სახელის დასახელებაზე მანაც უარი გვითხრა (აქაც და შემდეგაც, რესპონდენტები ანონიმურია, რადგან ვინაობის გამხელა არავინ ისურვა, თან ტელეფონს აკვირდებოდნენ, ხომ არ იწერსო).
„რა, ვინმესგან გაგიგიათ რამე პროგრამის მსგავსი? ვინმეს ახსოვს მერს რომ ვირჩევთ? არჩევანი არ დაგვიტოვეს - ან კალაძე, ან ვიღაც გაუგებარი ხალხი ოპოზიციიდან. რომელს აქვს ისეთი პროგრამა ყურადღებას რომ იმსახურებდეს?“
ყველა დანარჩენმა მშვიდობას და სიმშვიდეს მისცა ხმა.
აი, ჩვენი რამდენიმე დიალოგი ამომრჩევლებთან:
- არ ვიცი, რა გითხრათ. მარტო ის მინდა მშვიდობა იყოს, სიყვარული და სიკეთე. როგორღაც ვიცხოვრებთ, ოღონდ ომი ნუ იქნება
- "როგორღაც" რატომ უნდა იცხოვროთ? არ გინდათ კარგად იცხოვროთ?
- კარგად ცხოვრება შეუძლებელი იქნება, ომი თუ დაიწყო.
- ვისთან ომი?
- რუსეთთან, მაგალითად, ახლოსაა უკვე.
- არ ვმალავ, „ოცნებას“ ვაძლევ ხმას, არ გეწყინოთ.
- რატომ უნდა მეწყინოს?
- არ ვიცი, ახლა იმის თქმაც საშიშია, ხმას ვის აძლევ, მეზობლებიც კი, მეგობრებიც, შეიძლება მუშტებით გეცნენ.
იმედი არ მაქვს, უბრალოდ, სულ დავდივარ არჩევნებზე, საბჭოთა დროდან მივეჩვიე. რა იმედი უნდა მქონდეს, როცა ამისთანას ვხედავ ტელევიზორში. ახალგაზრდებს ისე სცემენ...
იცით, არ ვიცი ვისთვის არის იოლი დღეს, ისეთი დრო მოვიდა. ვისურვებდი, რა თქმა უნდა, უკეთესად ეცხოვრა ხალხს. მაგრამ ვერ დავიჩივლებ. ონკოპაციენტი ვარ და სახელმწიფო ჩემთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, არაფერზე მეუბნება უარს. როგორც შეუძლიათ მკურნალობენ.
იცით, ადამიანს არაფერი ყოფნის, ასეთი ბუნება აქვს.
ბევრს, შესაშური ერთსულოვნებით არ სურდა ჟურნალისტებთან ესაუბრა, იმასაც არ ეკითხებოდნენ, კონკრეტულად საიდან იყვნენ.
„არ მინდა ჟურნალისტებთან ლაპარაკი", - თავი აგვარიდა პირველივე ამომრჩეველმა - "პროვოცირებას ნუ მიკეთებ, იტყუებით თქვენ, ყველანი!“
„მოაშორეთ ტელეფონი. თქვენ, რა, ფოტოს მიღებთ?“
– „არა, მე არ შემიძლია თქვენი თანხმობის გარეშე გადაგიღოთ“.
– „ჰოდა, ნუ მიღებთ!“
ერთი ამომრჩეველი შეეცადა ჩვენთვის თავისი შთაბეჭდილება გაეზიარებინა, მაგრამ შვილმა შენიშვნა მისცა: „დედა, რამდენჯერ გითხრეს, არავის დაელაპარაკოო, მით უმეტეს, ჟურნალისტებს“.
ფხიზელი დამკვირვებლები
დამკვირვებლები არჩევნების ყველაზე საინტერესო ნაწილია.
ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ 81 საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა, 28 ორგანიზაციიდან. ეს თითქმის 13-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იყო. მაგრამ საარჩევნო უბნებზე ისინი მაინც ბლომად იყვნენ, ოღონდ თითქმის ყველანი „ქართული ოცნებიდან“, რადგან: „რამდენიმე წუთის წინ აქ იყვნენ დამკვირვებლები იაპონიიდან, კორეიდან, სერბეთიდან“, - ირწმუნებოდნენ კომისიის წევრები.
მითური დამკვირვებლები ან „საჭმელად იყვნენ გასულები“, ან „სასწრაფოდ უნდა გაეგზავნათ სადღაც ანგარიშები“. მხოლოდ სიტყვაზე თუ ვენდობოდით. სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ ყველა ფხიზელი დამკვირვებელი ადგილზე იყო.
ერთ-ერთმა გვითხრა, დილის სიხალვათე არაფერს ნიშნავს, „საღამოს მოვლენ, ბევრი კერძო სექტორში მუშაობსო“.
მხოლოდ მოსკოვის გამზირზე მდებარე უბანს „გაუმართლა“: კუთხეში მორიდებით იდგა გოგონა „ლელოდან“, ისიც კოლეგების ნათქვამს იმეორებდა: „ყველაფერი კარგად მიდის, ექსცესების გარეშე, ხალხია ოღონდ ჯერ ცოტა“.
ეპილოგის ნაცვლად
სკოლას გამოცდენილებს უცებ ის ქალი დაგვეწია, რომელმაც უბანზე პასუხის გაცემაზე მტკიცე უარი გვტკიცა.
„ყველას ეშინია, არ უნდათ თქვენთან დალაპარაკება“, - ჩურჩულით გაგვანდო, თან აქეთ-იქით იყურებოდა.
– „რისი ეშინიათ? აქ არც „ტიტუშკები“ ჩანან, არც პროვოკატორები“.
– „როგორ თუ რის? არჩევნებამდე ჩამოიარეს ყველასთან სახლებში, ეკითხებოდნენ, ვის აძლევდნენ ხმას. ყველას სახეზე ცნობენ. არაუშავს, უკეთესიც კია, რომ ცოტა ხალხი მოვიდა. სამაგიეროდ, რუსთაველზე რამდენი იქნება საღამოს!“ და ცერა თითი მაღლა შემართა.
ფორუმი