„გუშინაც მომწერა რუსეთის მოქალაქემ, სკრინინგი ჩავიტარე და ახლა რა შემიძლია გავაკეთოო, - ჰყვება მაკა გოგია, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამის დირექტორი, - შიდსის ცენტრში გავუშვით“.
2025 წლის 25 ნოემბრის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია აივით ინფიცირების 11 520 შემთხვევა, რაც, ამავე ცენტრის შეფასებით, 4-მილიონიანი საქართველოსთვის შემაშფოთებელი რიცხვია.
რადიო РБК-ზე დაყრდნობით, „ნასტაიაშჩაია ვრემია“ წერს, რომ 2025 წელს რუსეთში აივ ინფექციით დაავადებულების რიცხვი 1,25 მილიონამდე გაიზარდა. ანუ თითქმის ყოველი მეასე რუსეთში აივ ინფექციის მატარებელია.
უკრაინაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის მონაცემებით, 158 803 აივ ინფიცირებულია.
რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ შიდსის ცენტრი უცხო ქვეყნის 226 მოქალაქეს მოემსახურა. აქედან 98 პაციენტი რუსეთის მოქალაქე იყო, 74 - უკრაინის, 54 კი - სხვა ქვეყნების.
ვალენტინა მარჯანიშვილი, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ შიდსით დაავადებულებზე ინფორმაცია არა აქვს, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. „ვიცი, რომ ხერსონიდან დეპორტირებულ უკრაინელ პატიმრებში იყვნენ აივ ინფიცირებულები“, - აღნიშნავს ის.
ზაფხულში საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტში, ორმოცდაათამდე უკრაინელი ჩარჩა. რუსეთმა ისინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოაძევა, საქართველო კი ქვეყანაში შეშვებას აჯანჯლებდა. ამ ბუფერულ ზონაში ათიოდე ადამიანი მანამდეც და მერეც მოხვედრილა, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით ბევრი დაგროვდა - არც საწოლები არ ჰყოფნიდათ, არც - საკვები, არც - წამლები, მათ შორის იყვნენ აივ ინფიცირებულებიც.
მაშინ Volunteers Tbilisi-ის დირექტორმა მარია ბელკინამ „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ აივ თერაპიას პაციენტების უმეტესობა ვერ იღებდა ან იმ წამლებს სვამდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის შიდსის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც უფასოა, მაგრამ არამოქალაქეებს ამგვარი პრივილეგია მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში მოხვედრის შემდეგ აქვთ, მაგალითად, თუ დიპლომატები, სტუდენტები ან პატიმრები არიან.
საქართველოში უფასოა აივ პრევენციის პროგრამაც, როდესაც წამალს იმისთვის იღებ, რომ შიდსს გადაურჩე. ამ მედიკამენტებს რისკის ჯგუფებს ურიგებენ.
„ტრანსგენდერი ადამიანები, ასევე მამაკაცები, რომლებსაც მამაკაცებთან აქვს სექსი - ბევრი გამოიქცა რუსეთიდან საქართველოში და ისინი ამ წამლებს იღებენ, - ამბობს მაკა გოგია, - თუ უკვე დაავადებულია და მოქალაქე არ არის, წამალი თავად უნდა შეიძინოს. ეს წამლები აფთიაქში არ იყიდება. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურად ჩამოაქვს ბენეფიციარებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ან გამონაკლისის სახით, უკრაინის მოქალაქეებისთვის. რუსები ონლაინ პლატფორმებიდან იწერენ ან რუსეთში აგზავნიან საბუთებს და წესით, იქიდან უნდა გამოუგზავნონ წამლები. ვიცი, რომ რამდენიმეს გამოუგზავნეს.“
მაკა გოგიას თქმით, შიდსის ყველაზე ჩვეულებრივი მედიკამენტი წელიწადში 120 დოლარამდე ჯდება. მაგრამ შიდსს, იმუნიტეტის დაქვეითების გამო, ხშირად ტუბერკულოზიც ახლავს თან, ამიტომ დაავადებულებს სხვა, უფრო ძვირიანი წამლებიც სჭირდებათ.
მას შემდეგ, რაც საქართველოსკენ უკრაინელი დევნილების ნაკადი დაიძრა, მათთვის შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასო გახდა.
2022 წლის 2 მარტის №387 დადგენილებაში ბენეფიციარები ასე განისაზღვრა: „2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინელებისთვის“. უწყვეტად ყოფნაში ითვლება ის შემთხვევებიც, როცა ადამიანმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს 3 დღეში.
მათთვის ასევე ხელმისაწვდომია შემდეგი პროგრამები:
- იმუნიზაცია;
- დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი;
- ფსიქიკური ჯანმრთელობა;
- დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- დიალიზი;
- იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;
- რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
რაც შეეხება სხვა სერვისებს, ვალენტინა მარჯანიშვილი ამბობს, რომ უკრაინელებს, როგორც არამოქალაქეებს, მომსახურებაში გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ადგილობრივებს.
„სამედიცინო მომსახურებას გაზრდილი ტარიფებით იღებენ. ვინც მუშაობს, მან დაზღვევა გაიკეთა, მაგრამ ესეც ყველას არ შეუძლია, რადგან მცირეშემოსავლიან სამსახურზე მუშაობენ და ეს სამსახურიც მუდმივი არ არის“, - ამბობს ვალენტინა მარჯანიშვილი.
2025 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მკურნალობს 7 163 ადამიანი, მათგან 734 - აფხაზეთში.
საქართველოში რეგისტრირებული ინფიცირებულებიდან 2883 ქალია, ხოლო 8637, ანუ თითქმის ოთხჯერ მეტი - მამაკაცი, 2466 გარდაიცვალა.
ფორუმი