Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკრძალვის ფული იგვიანებს — რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში?


მოკლედ

  • 2025 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის ზრდა შეჩერდა, ხოლო სამხედრო ხარჯებმა ბიუჯეტის ნახევარზე მეტი შეადგინა.
  • რუსეთის რეგიონებში სამხედრო ხარჯების ზრდამ ბიუჯეტის დეფიციტი და სოციალური დახმარებების შეფერხება გამოიწვია.
  • ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებამ და ოქროს ექსპორტის ზრდამ რუსეთის ეკონომიკის მხარდამჭერ როლში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

რუსეთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით ნახევარი უკრაინასთან ომზე იხარჯება, რუსეთის ეკონომიკა განაგრძობს შენელებას, საბანკო სექტორს კი, კოლაფსისგან მხოლოდ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა გადაარჩენს. რუსეთს უკრაინასთან ომი დღეში დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი უჯდება.

“ყოველი მეორე რუბლი ომში”

2025 წლის 4 სექტემბერს, „სბერბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გერმან გრეფმა აღიარა, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა.

2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხედრო ხარჯებმა ბიუჯეტის შემოსავლების 50,1%, ხოლო მეორე კვარტალში - 48.2% შეადგინა. მხოლოდ 2025 წლის წლის პირველ ნახევარში კრემლმა სამხედრო სფეროზე 8,4 ტრილიონ რუბლზე მეტი, ანუ 105 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის მკვლევრის, იანის კლუგეს გამოთვლებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით მეტია; 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი - 95%-ით; ხოლო ომის პირველ წელთან შედარებით — სამჯერ მეტი.

ამასთან, რუსეთის ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს: 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე შემოსავლებმა 17,6 ტრილიონი რუბლი, ანუ 220 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო გაწეულმა ხარჯებმა 21,3 ტრილიონი რუბლი - 226 მილიარდი დოლარი.

იანის კლუგეს თქმით, საშუალოდ, რუსეთის „ომის მანქანა“ თვეში 1,4 ტრილიონ რუბლს ანუ დღეში 46,9 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი) მოიხმარს, რაც აღემატება რუსეთის ღარიბი რეგიონების წლიურ ბიუჯეტებს. მაგალითისთვის: ყალმუხეთის წლიური ბიუჯეტი 28,8 მილიარდი რუბლია, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა - 30,5 მილიარდი რუბლი, ალთაის რესპუბლიკისა კი 42,7 მილიარდი რუბლი.

იანის კლუგეს გათვლებით, 2025 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯების წილმა ხაზინაშიც რეკორდი მოხსნა: 2024 წელს 35% იყო, 2025 წლის პირველ კვარტალში - 41,2%, ხოლო მეორე კვარტალში კი - 39.8% იყო. 2025 წლის იანვარ-მარტში რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების 50,1% მოხმარდა ომს, ხოლო მარტ-ივნისში - 48,2%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობამ გადასახადის გადამხდელებისგან აკრებილი ყოველი მეორე რუბლი არმიასა და იარაღის შესყიდვაზე დახარჯა.

ნეგატიური ზრდის აჩქარება

იმას, რაც რუსეთის ეკონომიკაში ხდება, რუსი პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი „გაუარესების აჩქარებულ პერიოდს“ უწოდებს. "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაცემის პროცესშია, თუმცა რუსეთის ეკონომიკის კოლაფსზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია" - უთხრა პოლიტოლოგმა გამოცემა „РБК-უკრაინას“.

პრეობრაჟენსკის თქმით, თუ მოვიშველიებთ რუსულ ახალმეტყველების ტერმინებს, რუსეთის ეკონომიკა „უარყოფითი ზრდის“ მდგომარეობაშია.

„ჩვენ ვხედავთ უარყოფითი ზრდის აშკარა აჩქარებას, რადგან, ასე თუ ისე, ქაჩავს ეკონომიკის რამდენიმე სექტორი, მაგალითად ისეთი როგორიცაა საბანკო საქმე, დანარჩენ სექტორებში კი შეინიშნება „ბანქოს სახლის“ ეფექტი. ანუ, სადღაც რაღაც ეცემა და შესაბამისად, ამ სექტორიდან სხვა სფეროებში ფულის შედინება წყდება, - ამბობს პოლიტოლოგი გამოცემა „РБК-უკრაინასთან“ საუბარში, - პირობითად რომ ვთქვათ, თუ სამშენებლო ბაზარი აღარ არის, მაშინ სამშენებლო მასალებიც არ იქნება. სამშენებლო მასალების გარეშე ჩერდება მშენებლობა. მშენებლობის გაქრობა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სხვა სეგმენტებზე და ა.შ.“

ივან პრეობრაჟენსკი
ივან პრეობრაჟენსკი

როგორც ეკონომისტებიც შენიშნავენ, „ბანქოს სახლის“ ეს ეფექტი რუსეთის ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება: მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც გადახდები შეუწყდათ, თუმცა როგორც ივან პრეობრაჟენსკი ამბობს, პუტინი დარწმუნებულია, რომ ის გამოძვრება შექმნილი ვითარებიდან და ყველაფერი ძველებურად იქნება და, რომ ამისთვის უბრალოდ მოთმინებაა საჭირო:

„ფიქრობს, რომ ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასე მოხდება. თუ ეკონომიკა არ იქნება ზედმეტად რეგულირებული საბჭოთა სტილის ადმინისტრაციული მეთოდებით, თავისით განიკურნება“.

პოლიტოლოგის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა ტოტალურად აყალბებს სტატისტიკურ მონაცემებს, ძნელი სათქმელია ზუსტად რა ვითარებაა რუსეთის ეკონომიკაში და როდის შევა იგი მწვავე კრიზისის ფაზაში.

მეორე მხრივ, ბევრი რუსი ჩინოვნიკი „განგაშის ზარს სცემს“ - განსაკუთრებით ეკონომიკის ექსპერტები, ტექნოკრატები და ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა, რაც, ექსპერტთა თქმით, მრავლისმეტყველი ფაქტია.

„ისინი რეგულარულად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იზრდება პრობლემები და, რომ საჭიროა რაღაც ზომების მიღება, მაგრამ პუტინი არ რეაგირებს. და აქაც დიდი იმედია, რომ ისევე, როგორც პუტინს შეუძლია ჩაშალოს მოლაპარაკებები, რომლებიც რაციონალური თვალსაზრისით მისთვის სასარგებლოა, მას ასევე შეუძლია გაანადგუროს ეკონომიკა, რომელიც, სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, გაუძლებდა და გადარჩებოდა“, - განაცხადა ივან პრეობრაჟენსკიმ.

რატომ იგვიანებს დასამარხი ფული?

რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი ვითარების გამოძახილია ის, რომ უკრაინასთან ომში დაღუპულ რუს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს კომპენსაციების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. რუსეთის რეგიონებში მიღებულ პრაქტიკად დამკვიდრდა დაჭრილთა კომპენსაციების გადავადება და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი თანხის მნიშვნელოვნად შემცირება.

2025 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის კიდევ ერთი რეგიონის, იაკუტიის მთავრობამ განაცხადა, რომ იძულებულნი არიან შეამცირონ ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (СВО) მონაწილისათვის გადასახდელი ერთჯერადი თანხის ოდენობა.

„სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია შეიქმნა“, - განაცხადა იაკუტის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ივან ალექსეევმა 2025 წლის 21 ნოემბერს, ადგილობრივ ტელეარხ „სახას“ ეთერში.

2025 წლის ნოემბრის ბოლოსთვის გაირკვა, რომ რუსეთის რეგიონების სულ მცირე ნახევარმა მაინც მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ამავდროულად, როგორც რადიო თავისუფლების პროექტი sib.real-ი იტყობინება, რეგიონულმა ხელისუფლებებმა შეწყვიტეს ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ე.წ. საკუბოვე ფულის (დაკრძალვის ხარჯის დასაფარი კომპენსაციის) გადახდა. sib.real-ის რედაქციას სულ მცირე ორი რეგიონის შესახებ აქვს ამგვარი ინფორმაცია. მაგალითად, 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, ხაკასეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ რედაქციას დაუდასტურა, რომ რეგიონმა შეწყვიტა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის რეგიონული ბიუჯეტიდან 1,1 მილიონი რუბლის გადახდა. ეს თანხა 1,1 მილიონიდან 100 ათას რუბლამდე შემცირდა, თუმცა მისი გაცემაც რამდენიმე თვიან ლოდინთან არის დაკავშირებული.

ადგილობრივმა პროსამთავრობო გამოცემებმა „სახალხო ფრონტის“ რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელ ქსენია ბუგანოვაზე დაყრდნობით ასევე განაცხადეს, რომ ხაკასეთის მთავრობამაც შეაჩერა ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის კომპენსაციების გადახდა.

ბუგანოვას თქმით, ადგილობრივი მთავრობა ომში დაღუპულთა ოჯახებს „ღირსეული დაკრძალვის ორგანიზებაში“ ეხმარებოდა, რადგან ფედერალური კომპენსაცია და სიცოცხლის დაზღვევის თანხა დაახლოებით ექვსი თვით იგვიანებდა.

„შედეგად ოჯახს, რომელსაც არ აქვს დანაზოგი, უწევთ ფულის სესხება უკრაინაში დაღუპული შვილის ან მამის დასაკრძალად. „სახალხო ფრონტი“ ითხოვს, რომ ოჯახისთვის გადასახდელი თანხის გადარიცხვის ვადა შემცირდეს განაცხადის შეტანის დღიდან 10 დღემდე“, - უთხრა ქსენია ბუგანოვამ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს.

ხაკასეთის ოლქის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს რეგიონულმა ხელისუფლებამ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების“ დასახმარებლად 1 მილიარდ რუბლზე (დაახლოებით 13 მლნ დოლარი) მეტი დახარჯა, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2024 წელს ანალოგიური მიზნით გაწეულ ხარჯთან შედარებით. ხაკასეთის ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წელს დაახლოებით 6,3 მილიარდ რუბლს შეადგენს და ამ თანხის დაახლოებით 15% პროცენტი სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ პუნქტებზე მოდის.

უარი დაჭრილებსა და დაღუპულებს

როგორც რადიო თავისუფლების პროექტი sib.real-ი წერს, ირკუტსკის ოლქმა 2025 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 25 მილიარდი რუბლის დეფიციტით მიიღეს. 2025 წლის აპრილში, გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ რეგიონი მიმდინარე წელს ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეებისა და მათი ოჯახების დახმარებაზე უფრო მეტის დახარჯვას აპირებდა, ვიდრე 2023 და 2024 წლებში ერთად დახარჯა.

ექსპერტთა თქმით, საუბარი იყო დაახლოებით 10 მილიარდზე რუბლზე (130 მლნ დოლარი), ბიუჯეტის დეფიციტის დაახლოებით ნახევარზე. აგვისტოსთვის დეფიციტი 37 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა. ამ ფონზე, უკრაინაში შეჭრის ადგილობრივი მონაწილეების ოჯახები ასევე აცხადებენ, რომ ვერ იღებენ დაკრძალვისთვის გათვალისწინებულ კომპენსაციას, რომელიც გუბერნატორის 2025 წლის იანვრის ბრძანებულების თანახმად, 1 მილიონი რუბლით განისაზღვრა.

„გუბერნატორი დაჭრილებისთვის 300 000-დან 600 000 რუბლამდე თანხას გვპირდებოდა, მაშინაც კი, თუ დაჭრილი ხეიბრად არ დარჩებოდა. რეგიონიდან ვინმემ მიიღო ეს კომპენსაცია? არა! ისინი ინვალიდებს უკან, ფრონტზე უშვებენ; მოგვიანებით,როცა დაბრუნდებით, მერე მიიღებთ თანხასო. რა თქმა უნდა, უკან ვერავინ ბრუნდება ცოცხალი და ვერავინ იღებს ამ დახმარებას. ასევე ხდება დაღუპულთა დასაფლავების ხარჯებთან დაკავშირებითაც. მაგალითად ნაცნობის, ვალერი ბერეზოვსკის (ტანკისტი, დაიღუპა 33 წლის ასაკში) ოჯახს არასდროს მიუღია არანაირი კომპენსაცია. კანონით, 30 დღის განმავლობაში უნდა გადაუხადონ, მაგრამ ზოგჯერ ხალხი ექვს თვემდე ელოდება!“ - ამბობს სერგეი, ყოფილი კონტრაქტორი ჯარისკაცი ირკუტსკის ოლქიდან:

„მე თვითონ კონტუზია მივიღე. კანონით, კომპენსაცია მეკუთვნის, სამხედრო პროკურატურას მივმართე, მაგრამ ვერაფერი მივიღე. მაგრამ მე სამხედრო პროკურატურას გავუწიე ბრძოლა - და ეს ყველაფერი ნულის ტოლი იყო. სასამართლოსთვის არ მიმიმართავს. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ კონტრაქტის გაწყვეტა შევძელი. დღეს ასეთი მცირე დაზიანების გამო არავინ გამომიშვებდა“.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ნახსენები დაკრძალვის ფედერალური შემწეობა 5,2 მლნ რუბლს შეადგენს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტით გაწვეული პირი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპება.

ირკუტსკის ოლქის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დასამარხი თანხების გაცემა ექვსი და მეტი თვით იგვიანებს ხოლმე.

„აპრილის დასაწყისში ჩვენი მეზობელი, ეგორ უსკოვი, დაიღუპა; კონტრაქტით მსახურობდა უკრაინაში. ფულმა რამდენიმე თვით დაიგვიანა. ოჯახს უთხრეს, რომ ექვსი თვე ლოდინი „ნორმალური ვადაა, - ამბობს ელენა, სლიუდიანკის მცხოვრები, - რა უნდა ვქნათ? ასეთ დროს თანხის შეკრებას ვიწყებთ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, დაუმარხავს ხომ არ დავტოვებთ ადამიანს. ყველას არ ჰყავს მდიდარი ნათესავები“.

ექსპერტების შეფასებით, 2025 წლის ნოემბრისთვის რუსეთის რეგიონების თითქმის ნახევარი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. გამოცემა „ვედომოსტი“ იუწყება, რომ ცხრა თვის განმავლობაში რეგიონული ბიუჯეტის ჯამური დეფიციტი თითქმის 170 მილიარდ რუბლს შეადგენს, რაც სრული კატასტროფაა გასული წლის 849 მილიარდი რუბლის პროფიციტთან შედარებით.

„ამგვარი დიდი დეფიციტი კი გამოიწვია ხარჯების 14%-ით გაზრდამ იმის ფონზე, რომ შემოსავლების მხოლოდ 7%-ით გაიზარდა“, - წერს გამოცემა, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დიდი დეფიციტი კემეროვოს, ირკუტსკის, ტიუმენის, ნოვოსიბირსკის და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქების ბიუჯეტებს აქვთ. რაც შეეხება პროფიციტს. ასეთი რამ მხოლოდ ორ ქალაქსა და ერთ რეგიონში - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და თათრეთში ფიქსირდება.

რუსეთის ბიუჯეტი და შემცირებული ნავთობდოლარები

2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები დაახლოებით 25-50%-ით შემცირდა 2022 წლის პიკთან შედარებით. კლება 2025 წელსაც გრძელდება: ნავთობისა და გაზის სექტორიდან ბიუჯეტის შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 22-35%-ით შემცირდა.

2023 წ. - რუსული ნავთობის ფასების ლიმიტის (ზედა ზღვრის) დაწესებამ და G7-ის ემბარგომ მკვეთრად შეამცირა შემოსავლები. Urals-ის ნავთობის ერთი ბარელის ფასი 50 დოლარზე ნაკლები გახდაა, რამაც მკვეთრად შეამცირა მიღებული შემოსავალი.

2024 წ. - ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა დაახლოებით 11.1 ტრილიონი რუბლი შეადგინა.

2025 წელს ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის ფინანსთა სამინისტრო 10,9 ტრილიონ რუბლს ვარაუდობდა, თუმცა ფასების ვარდნის გამო ახლა მხოლოდ 8,65 ტრილიონს ვარაუდობენ. პირველი 11 თვის განმავლობაში შემოსავლები 22%-ით შემცირდა და 8 ტრილიონი შეადგინა. 2025 წლის ნოემბერში შემოსავლები (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) 35%-ით შემცირდა.

აფრიკული ოქრო რუსეთის სამსახურში

მკვლევართა განცხადებით, ბოლო წლებში რუსეთი სულ უფრო მეტად ერთვება აფრიკის კონტინენტზე მდებარე ოქროს მაღაროების დამუშავებასა და ოქროთი ვაჭრობაში. ამის შესახებ 30 ნოემბერს სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა The Telegraph-მა, რომლის მიხედვითაც, ოქრო, კრიპტოვალუტებთან ერთად, რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი წყაროა უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში.

„ოქროს ტრანსპორტირება იოლია... ოქრო იოლად დნება, იოლია მისი წარმოშობის დამალვა და ადვილად საღდება კარგად გამართული შავი ბაზრების მეშვეობით“, - განმარტავენ The Telegraph-ის ავტორები.

ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტები ასევე ციტირებენ „თავდაცვის მოწინავე კვლევების ცენტრის“ (CAS) 2025 წლის დასაწყისის ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, მოსკოვმა ირანს ოქროს ზოდებით გადაუხადა სამხედრო დრონების წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში გაწეული დახმარების საფასური. გარდა ამისა, ითქვა, რომ რუსეთმა ასევე ოქროთი შეიძინა ჩრდილოეთ კორეული იარაღი.

„გერმანულ ტალღასთან“ (DW) საუბარში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის“ წარმომადგენელმა, ვლადისლავ ნეტიაევმა განაცხადა, რომ რუსეთი, „როგორც ჩანს, მართლაც ოქროთი იხდის ორმაგი დანიშნულების საქონლისა და სამხედრო პროდუქციის საფასურს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩრდილოეთ კორეასთან ტრანზაქციებს ეხება“.

„მსგავსი მოდელი გამოიყენება კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებისას“, - აღნიშნავს ექსპერტი.

„The Telegraph-ი ასევე მიუთითებს მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაზე: „ასეთმა ვითარებამ შეიძლება მართლაც წაახალისოს რუსეთის ხელისუფლება, უფრო ხშირად გამოიყენოს ოქრო, როგორც საერთაშორისო გადახდებისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის“.

ექსპერტთა გათვლებით, 2022 წლის შემდეგ აფრიკიდან რუსეთში ექსპორტირებული ოქროს ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარია, რაც ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების დაახლოებით 1%-ს შეადგენს. პუბლიკაციის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR) ოქროს რამდენიმე საბადოს აკონტროლებენ რუსეთთან დაკავშირებული სტრუქტურები - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ „მემკვიდრეები“. „The Telegraph“-ის ცნობით, მათ მიერ მოპოვებული ოქროს გაყიდვაზე კონტროლის შესანარჩუნებლად, დაქირავებული მებრძოლები, სავარაუდოდ, მკვლელობებსაც სჩადიან. ამ ბრალდებებიდან ერთ-ერთის თანახმად, ორი თვის წინ, რუსებმა, სავარაუდოდ, ქვეყნის ცენტრში, ნდასიმას ოქროს საბადოს მახლობლად, 10 ადგილობრივი მაღაროელი დახვრიტეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი კვირის შემდეგ, რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა კიდევ 10 მაღაროელი დაატყვევეს და რამდენიმე დღით ლითონის კონტეინერებში გამოკეტეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ნდასიმას ოქროს საბადოში ოქროს მარაგი, სავარაუდოდ, 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამასობაში, როგორც გამოცემა იუწყება, 2025 წელს, რუსულმა კომპანია „Nordgold“-მა მიიღო ლიცენზია ოქროს მოპოვებაზე ბურკინა-ფასოს ერთ-ერთ პროვინციაში მდებარე ნიუს საბადოზე. „The Telegraph“-ის ცნობით, ეს არის მესამე საბადო, რომელსაც რუსული კომპანია აფრიკის ამ ქვეყანაში ამუშავებს.

მალიში, სამხედრო ხუნტამ, ყაზანში დაფუძნებულ „YADRAN-GROUP LLC“-თან თანამშრომლობით, ამ ზაფხულს ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. 200 ტონა წარმოების სიმძლავრის ობიექტი, სავარაუდოდ, მთელი რეგიონის ოქროს გადამამუშავებელ ცენტრად იქცევა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG