კიდევ ერთხელ, რა მოხდა და რა ვიცით ამ ოპერაციების შესახებ?
ჯერ ხანძარიც არ იყო ჩამქრალი რუსულ აეროდრომებზე, რომ 3 ივნისს უკრაინელებმა ყირიმის ხიდი მესამედ ააფეთქეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) ირწმუნება, რომ 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ჩადეს ხიდის საყრდენებთან. ქერჩის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს დაზიანდა და რამდენჯერმე რამდენიმე საათით დაიკეტა.
მანამდე, 1 ივნისს, ორი ხიდი ჩაინგრა რუსეთში, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. რუსეთმა ეს ნგრევა ტერაქტად შეაფასა.
ასევე 1 ივნისს უკრაინელებმა დრონებით რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყეს. კიევი ამბობს, რომ განადგურებულია 41 სამხედრო თვითმფრინავი.
მეოთხე დღეა მომხდარს არ იმჩნევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. გადაბუგულ აეროდრომებსა და აფეთქებულ ხიდზე მას სიტყვაც არ უთქვამს. სანაცვლოდ პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დაიდო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის შეხვდა ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრ ალექსანდრ კაზლოვს. „ალექსანდრ ალექსანდროვიჩ, ალბათ, არაფერია იმ საკითხებზე საინტერესო, რომლითაც თქვენი უწყებაა დაკავებული“, - ასე დაიწყო პუტინმა შეხვედრა მინისტრთან. იმანაც - კლიმატის ცვლილების გამო ურალში ბუნება იცვლება და იქ სადაც ადრე ნაძვი იყო, ახლა მუხა და არყი ხარობსო.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს ვიდეოც ადრეა გადაღებული. ბოლო დღეებში პუტინი არსად გამოჩენილა.
„უცდის რამე მოხდეს, რამე დაბომბონ, ან ვინმე დააპატიმრონ. ახლა რომ გამოვიდეს, რა უნდა თქვას? სიტყვებს ხალხი უკვე აღარ ენდობა. 25 წელია მხოლოდ სიტყვები ესმის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა.
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ მხოლოდ ის თქვა, რომ პუტინი შურს იძიებს. გაჩნდა კითხვა, ხომ არ გამოიყენებს ის ბირთვულ იარაღს, რომლითაც დიდი ხანია იმუქრება. სხვებს კი პირიქით, 1 ივნისის შემდეგ სწორედ ბირთვული შეტევის შიში მოეხსნათ. უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა იხუმრა კიდეც, რუსეთს მხოლოდ უკრაინასთან და საქართველოსთან აქვს დიდი გული, აბა, ერთი, გერმანია დაბომბოსო.
„შესაძლოა უკრაინის დასავლელი პარტნიორებიც აღარ დაიძაბონ ძველებურად. მათ მართლაც ეშინოდათ, რომ უკრაინა ზედმეტად გაძლიერდებოდა. ფაქტობრივად ხელით ეჭირათ და წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ფიქრობდნენ, რომ პუტინი რამე საშინელებას იზამდა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა ან რამე მსგავს გააკეთებდა. გამოდის, არც ასეა საქმე და რუსეთის აღარ უნდა გეშინოდეს ისე, როგორც მანამდე ეშინოდათ“, - ამბობს პოლიტოლოგი გიორგი ჩიჟოვი რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროსთან საუბრისას.
მეორე კონტინენტზე დუმს აშშ-ის პრეზიდენტიც. ამერიკული პრესა მომხდარზე ბევრს წერს, მაგრამ არ ლაპარაკობს თავად თეთრი სახლი.
„ყველა ამერიკელი ჩინოვნიკი დონალდ ტრამპზეა ორიენტირებული, მან კი არ იცის რა თქვას. მის აღქმაში არსებობს ძლიერი რუსეთი და სუსტი უკრაინა. სუსტმა უკრაინამ ძლიერ რუსეთს უნდა დაუთმოს და ამით ომი დამთავრდება. ამ დროს უკრაინა ამ წარმოსახვას ამსხვრევს, ამიტომაცაა რომ ტრამპი არ რეაგირებს. როგორც ჩანს, ის დიდად მოქნილი არ არის და სახელდახელოდ გადაწყობა არ შეუძლია...“ - ამბობს გიორგი ჩიჟოვი - "ევროპაშიც ვერ გაუგიათ რა თქვან, მაგრამ უფრო სხვა ბევრი რამის გამო. ბრიანსკის ხიდის აფეთქებისას სამოქალაქო მატარებლის მგზავრები დაიღუპნენ. ამიტომ აქ მორალური დილემაა. თუმცა ბოლომდე ცნობილი არ არის, რამ ჩამოაქცია ეს ხიდი“.
სამხედრო ექსპერტი რიჩარდ ვაიტცი ამბობს, რომ ზოგიერთი კონგრესმენისთვის და თეთრი სახლის მესვეურებისთვისაც ეს ამბავი არგუმენტი იქნება, რომ უკრაინას დახმარება შესთავაზონ.
„აშკარაა, რომ უკრაინას არ წაუგია. მოსკოვის უუნარობამ დაიცვას ციმბირში განლაგებული სტრატეგიული მნიშვნელობის ბომბდამშენები შესაძლოა ტრამპიც კი აიძულოს რუსეთის სამხედრო უპირატესობაზე აზრი შეიცვალოს და უფრო ბალანსირებული პოზიცია დაიჭიროს“.
როგორ ჩატარდა ოპერაცია „აბლაბუდა“?
უკრაინამ დაბომბა ოთხი აეროდრომი, „ბელაია“ ["Белая"], „დიაგილევო“ [„Дягилево“], „ოლენია“ [„Оленья“] და „ივანოვო“ [„Иваново“]. ოთხივე რუსეთის სიღრმეშია, უკრაინიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული. აეროდრომებს თავს დაესხნენ დრონებით, რომლებიც აეროპორტებამდე ტრაილერებით მიიტანეს. ტრაილერების სახურავები დათქმულ დროს დისტანციურად გაიხსნა და იქიდან დრონები ამოფრინდა.
როგორ ემზადებოდნენ ოპერაციისთვის?
„ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე - დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ განხორციელებამდე. ჩვენი ყველაზე შორი მოქმედების ოპერაცია. ჩვენი ხალხი, რომლებიც ამზადებდნენ ამ ოპერაციას დროულად გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან". - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისიც აღნიშნა, რომ ოფისი, სადაც ოპერაცია იგეგმებოდა, რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის მეზობლად იყო.
ვინ ხელმძღვანელობდა „აბლაბუდას“?
ვასილი მალიუკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] უფროსი. თუმცა ოპერაციას პირადად აკონტროლებდა ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზარალი რამდენია?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ივანოვის, რიაზანისა და ამურის ოლქებში შეტევა მოიგერიეს, ხოლო მურმანსკისა და ირკუტსკის ოლქებში - დაიწვა „საავიაციო ტექნიკის რამდენიმე ერთეული“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაპარკის მესამედზე მეტი, 41 თვითმფრინავი. ზარალი 7 მილიარდი დოლარია.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ევგენი ლეგალოვი, რომელმაც თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები შეისწავლა, ამბობს, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ განადგურებულია 12 თვითმფრინავი.
„სულ რუსეთის არმიას 127 სტრატეგიული ბომბდამშენი ჰქონდა. ახლა დარჩა 51 ტუ-95 და 51 ტუ -22. რუსეთი ბომბდამშენებს თითქმის აღარ აწარმოებს. ამიტომ რაც განადგურდა იმას ვეღარ აანაზღაურებს“, - ამბობს ის.
რა გავლენას მოახდენს ომზე?
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს ოპერაციები უკრაინელებმა საგანგებოდ დაამთხვიეს მოლაპარაკებებს, რომ კიევს ნათლად ეჩვენებინა - ომი ჯერ კიდევ შეუძლია.
„ეს კადნიერი ქმედებაა, რუსეთის არმიამ სერიოზულად იზარალა. ამ ოპერაციის სიმბოლური მნიშვნელობაც არანაკლებია. ის აბათილებს ტრამპის მტკიცებას, რომ უკრაინა ომს აგებს. თეთრ სახლში შეხვედრისას ამას ზელენსკის საჯაროდ ეუბნებოდა. კიევმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წარმატებით აახლებს თავის არმიას, ომის მიმდინარეობის დროსაც კი. დაამტკიცა, რომ კარგი დაზვერვა აქვს, შეუძლია დაგეგმვა და მტრის ზურგში მასშტაბური ოპერაციის ჩატარება. ეფექტიანად იყენებს ახალი სახის ტექნიკას. მოსკოვზე გაცილებით უკეთ ესმის თანამედროვე ომის პრინციპები და შეუძლია ძლიერი დარტყმები მინიმალური დანახარჯით“, - ამბობს კენანის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი უილიამ პომერანცი.
ექსპერტებს გაუკვირდათ თუ რამდენად მოწყვლადი იყო რუსული ავიაცია. თვითმფრინავები ანგარების ნაცვლად ღია ცის ქვეშ ეყენა და ისიც გაურკვეველია მათ რამე იცავდა თუ არა. ერთადერთი, რაც თავდასხმის წინააღმდეგ გამოიყენეს ქვები იყო, რომლებსაც დრონებს ესროდნენ.
„ვვარაუდობ, რომ ამ ობიექტებზე საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო შორი დისტანციის რაკეტებზეა გათვლილი. მართალია, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იაფი დრონებით მასირებულ შეტევას მოუწყობდნენ, თან ათასობით კილომეტრით იქიდან, მაგრამ ოპერატიული თავდაცვის საშუალებები მაინც საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ჰქონოდათ, რომ უპილოტო მოწყობილობების ნაწილი მაინც გაენადგურებინათ“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი რიჩარდ ვაიტცი.
ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ მომხდარი ომზე გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენს. რუსეთს ისევ რჩება საკმარისი იარაღი ბრძოლის გასაგრძელებლად, მათ შორის, შავის ზღვის ფლოტიც.
„ეს თვითმფრინავები რუსეთის ბირთვული ტრიადის ნაწილია“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი სემუელ ბენდეტი. - „რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის სახეში შეფურთხებაა, მაგრამ როგორც იტყვიან, შეიძლება მოიწმინდო და გზა გააგრძელო“.
ფორუმი