გერმანია მზად არის მოხსნას შეზღუდვები უკრაინისთვის შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტების, Taurus-ის მიწოდებაზე, რასაც გერმანიის ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა. მაღალი სიზუსტის Taurus-ის რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნეები (მათ შორის, სამხედრო ობიექტები) როგორც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.
„დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა მოხსნეს უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვები", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 26 მაისს WDR-ის (Westdeutscher Rundfunk) ეთერში.
„აღარ არსებობს მოქმედების რადიუსზე შეზღუდვები იმ იარაღისთვის, რომელსაც უკრაინას ვაწვდით - არც ბრიტანეთის, არც საფრანგეთის და არც ჩვენი მხრიდან. ასევე, არც ამერიკის მხრიდან“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კიევს ახლა „შეუძლია თავი დაიცვას, მაგალითად, რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმით“.
ფრიდრიხ მერცი მანამდეც არაერთხელ გამოდიოდა მოწოდებით, გაეზარდათ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მასშტაბი, მათ შორის კიევისათვის Taurus-ის ტიპის შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების სახით.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი [დავთანხმდებოდი უკრაინისთვის Taurus-ი რაკეტების მიწოდებას], მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა მიმდინარე წლის აპრილში.
მაშინ მერცმა შეახსენა აუდიტორიას, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა უკვე აწვდიდა უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს. ასეთ ქვეყნებად გერმანელმა პოლიტიკოსმა დაასახელა: აშშ, რომელმაც კიევს გადასცა ATACMS-ის სისტემის რაკეტები; დიდი ბრიტანეთი (Storm Shadow) და საფრანგეთი (SCALP).
„ბრიტანელები აკეთებენ ამას, ფრანგებიც; ამერიკელებიც ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებენ ამას“, - დაამატა მაშინ ფრიდრიხ მერცმა და აღნიშნა, რომ თუ მიწოდება შეთანხმებული იქნება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან, მაშინ „გერმანიამაც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა“.
2024 წლის ნოემბერში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისათვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან თავის დასაცავად. მისი თქმით, გერმანიამ უნდა მიაწოდოს კიევს შესაბამისი სარაკეტო სისტემები.
მანამდე, ბევრმა ევროპელმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა არაერთხელ მოუწოდა გერმანიას, მიეწოდებინა უკრაინისათვის Taurus-ის (შორი რადიუსის) რაკეტები, რომელთა გადაცემაც წინა კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობამ დაბლოკა.
მრისხანე „ტაურუსი“
Taurus-ი - ეს არის კუროს თანავარსკვლავედისა და შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნის ლათინური სახელწოდება. „ტაურუსი“ (Taurus) როგორც მეტსახელი, ფართოდ გამოიყენებოდა ძველ რომში - ისტორიიდან ცნობილია Flavius Taurus, რომელიც 361 წელს კონსული იყო.
Taurus-ი - გერმანულ-შვედური ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც მიეკუთვნება „ჰაერი-მიწა“ ტიპს და გააჩნია შორი მოქმედების რადიუსი. თუმცა მოცემულ შემთხვევაში Taurus-ი არის აკრონიმი შემდეგი ინგლისური სახელწოდებისა: Target Adaptive Unitary & Dispenser Robotic Ubiquity System — მიზნისადმი ადაპტირებადი, უნიტარული და გამანაწილებელ-რობოტიზებული უნივერსალური სისტემა. რაკეტის სრული დასახელებაა TAURUS KEPD 350/150, სადაც KEPD ნიშნავს Kinetic Energy Penetrating Destroyer - შეღწევადი გამანადგურებლის კინეტიკური ენერგიაა, ხოლო 350 და 150 - რაკეტის სხვადასხვა მოდიფიკაცია.
Taurus-ი განკუთვნილია როგორც მაღალი სიზუსტის დარტყმებისთვის, ასევე განსაკუთრებულად დაცული და ღრმად დაფარული (მათ შორის წერტილოვანი ან განგრძობადი სტრუქტურის) სამიზნეების განადგურებისთვის ისე, რომ თვითმფრინავი არ შევიდეს მტრის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების ზონაში. ამ ფრთოსან რაკეტას აწარმოებს Taurus Systems GmbH — კომპანია, რომელიც მდებარეობს შრობენჰაუზენში და წარმოადგენს გერმანული MBDA Deutschland-ის (ცნობილია როგორც LFK – Lenkflugkörpersysteme GmbH) და შვედური Saab Bofors Dynamics AB-ის ერთობლივ საწარმოს.
KEPD 350 განკუთვნილია გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების Tornado და Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლებისთვის, ხოლო KEPD 150 - შვედური Gripen-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის.
TAURUS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტის უნიკალურობა ისაა, რომ გააჩნია კომბინირებული სამიზნე სისტემა, რომელიც შედგება სამი ქვე-სისტემისგან. ეს კი საშუალებას აძლევს მას იფრინოს დიდ მანძილზე თანამგზავრული ნავიგაციის მხარდაჭერის გარეშე:
- IBN - Image-Based Navigation (გამოსახულებაზე დაფუძნებული ნავიგაცია)
- TRN - Terrain Reference Navigation (ლანდშაფტზე ორიენტირებული ნავიგაცია)
- MIL-GPS - პოზიციონირების გლობალური სისტემა
„ტაურუსის“ გაშვება შესაძლებელია არა მხოლოდ თვითმფრინავებიდან. მაგალითად TAURUS CL მოდიფიკაცია განკუთვნილია ისეთი მოძრავი სახმელეთო პლატფორმებისთვის, როგორებიცაა სატვირთო ავტომობილი, სხვადასხვა კლასის საზღვაო მცურავი საშუალება, ხოლო მოდიფიკაცია TAURUS T წარმოადგენს რაკეტის სპეციალურ ვარიანტს, რომელიც ადაპტირებულია სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან (მაგალითად: C-130 Hercules ან Airbus A400M) გაშვებაზე.
TAURUS KEPD 350 — საბაზისო მოდელი, რომელიც აღჭურვილია ტანდემური ბეტონგამტანი 481 კგ-იანი საბრძოლო ქობინით (MEPHISTO).
TAURUS M - აღჭურვილია მრავალმუხტიანი საბრძოლო ქობინით, რომელიც განკუთვნილია დიდ ფართობზე განლაგებული მცირე ზომის სამიზნეების - მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციების, გამშვები დანადგარების, სარდლობის პუნქტების და სხვათა გასანადგურებლად.
სპეციალისტები ასევე იტყობინებიან მრავალმუხტიან საბრძოლო ქობინში გერმანული ბეტონგამტანი ბომბების, STABO-ს გამოყენების შესაძლებლობაზე ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დასაზიანებლად.
მთლიანობაში, „ტაურუსი“, საბრძოლო ქობინის ტიპებიდან გამომდინარე, მრავალფუნქციური რაკეტაა. გარდა ამისა, არსებობს „ტაურუსის“ მოდიფიკაციები როგორც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებისთვის, ასევე ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოყვანისთვის და სხვ.
საცნობარო ლიტერატურაში მითითებულია, რომ „ტაურუსის“ ყველა მოდიფიკაციას აქვს 500 კმ-ზე მეტი მოქმედების რადიუსი, თუმცა ზუსტად რამდენია ეს „მეტი“ - უცნობია. რაკეტა მიფრინავს დაბალი ტრაექტორიით, მიწიდან დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე, იმეორებს რელიეფის მოყვანილობას.
პარამეტრები:
- რაკეტის სიგრძე - 5,1 მ
- სიგანე - 1,08 მ
- სიმაღლე - 0,8 მ
- მანძილი ფრთების კიდეებს შორის - 2,06 მ
- ფრენის სიჩქარე 0.6-დან 0.95 მახი (1 მახი - 1225 კმ/სთ)
- შევსებული რაკეტის წონა - 1360 კგ
- რაკეტის ფასი - 950 ათას ევრო
ოფიციალური ინფორმაციით, Luftwaffe-ს (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) შეიარაღებაშია 600 ცალი TAURUS-ის რაკეტა, კიდევ 43 ცალი მიეწოდა ესპანეთს. TAURUS-ებით არის აღჭურვილი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები.
ახალი შესაძლებლობები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის
რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Taurus-ის რაკეტები?
უკრაინამ არაერთხელ წარმატებით გამოიყენა Storm Shadow / SCALP-EG - ფრანგულ-ინგლისური დაბალი ხილვადობის საავიაციო ფრთოსანი რაკეტები 560 კმ-მდე მოქმედების რადიუსით. 2024 წლის შემოდგომაზე უკრაინამ ასევე მიიღო ამერიკული ATACMS-ები, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კმ-მდეა.
სპეციალისტების თქმით, თუ მოქმედების რადიუსთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადი და გასაგებია, სამიზნეების განადგურების უნარის მხრივ, „ტაურუსი“ თვისებრივად განსხვავებულია.
არაერთმა მედიამ გამოაქვეყნა რუკა როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სავარაუდო სამიზნეებისა, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 500 კმ-იან ზონაში ხვდებიან. ამასთან, ეს 500 კმ, როგორც წესი, ათვლილია ფრონტის ხაზიდან, რაც სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ბოლომდე ზუსტი „გეომეტრია“ არაა.
უცნობია, მოდიფიცირებულია თუ არა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული F-16 ტიპის გამანადგურებლები TAURUS-რაკეტების გასაშვებად, თუმცა ასეც რომ იყოს, რაკეტის გაშვება ხდება ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით, რათა თავიდან აიცილონ ავიაგამანადგურებლის მოხვედრა მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების ზონაში. იგივე ხდება სახმელეთო სისტემებიდან გაშვების დროსაც - სისტემები ასევე განლაგებულია ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით.
თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებითაც ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიაზე მდებარე ყველა სამხედრო ობიექტი და ქერჩის (ყირიმის) ხიდი სრულად ხვდება Taurus-ის მოქმედების ზონაში. მაგალითად, ქალაქ დნეპრიდან ნოვოროსიისკამდე, სადაც ახლა იმალება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ხომალდები, 460 კილომეტრია.
ქერჩის ხიდზე იერიშის მიტანა კი ოდესიდან, კრემენჩუგიდან ან კროპივნიცკიდანაც შესაძლებელია. ამასთან სწორედ TAURUS-რაკეტებია ყველაზე საშიში ქერჩის სრუტეზე გადებული რკინა-ბეტონის ხიდისათვის.
როგორც ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Affairs-მა დაწერა, ხიდის მწყობრიდან სრული გამოყვანისთვის საჭიროა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ან რამდენიმე საყრდენი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, ან ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც ამაგრებს თაღოვან გადამყვანს ხიდის დასავლეთ ნაწილში. წერილის ავტორთა შეფასებით, ერთი საყრდენის დაზიანებისთვის საჭიროა რამდენიმე ზუსტი მოხვედრა, მაგალითად ATACMS-ის რაკეტის ერთჯერადი საბრძოლო ქობინისა.
„ხიდის ყველაზე მოწყვლად ადგილად მიიჩნევა ბეტონის საყრდენი ბოძებისა და მეტალის ჰორიზონტალური ვაკისების (რომლებიც სარკინიგზო ან საავტომობილო გზის საფარის ქვეშ მდებარეობენ) შეერთების ადგილები", - წერს გამოცემა, - "სირთულე ისაა, რომ ATACMS-ისთვისაც კი ეს არის მცირე ზომის სამიზნე. სამხედრო ობიექტების განადგურებისთვის ეს რაკეტები მაღალი სიზუსტის არიან, მაგრამ ისეთ მცირე სამიზნეებში, როგორიც ყირიმის ხიდის მოწყვლადი ნაწილებია, ზედიზედ რამდენიმე ზუსტი მოხვედრის გარანტირება შეუძლებელია“.
Taurus-ი კი ისეთივე მაღალი სიზუსტისაა, როგორც ATACMS-ი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ Taurus -ის რაკეტას მიაქვს ორი მუხტი: პირველი ფეთქდება, ათავისუფლებს გზას მთავარ სამიზნემდე და ააქტიურებს მეორე მუხტს, რომელიც ამის შემდეგღა ფეთქდება. ხიდის შემთხვევაში, ტაურუსი ასე იმუშავებს: პირველი მუხტი გახვრეტს საყრდენს ზემოთ მდებარე ვაკისებს, მეორე კი გაანადგურებს ამ საყრდენს.
გამოცემა Politico-სთვის მიცემულ კომენტარში რაკეტების გერმანელმა ექსპერტმა და ოსლოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფაბიან ჰოფმანმა განმარტა, რომ Taurus-ს შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს მკვრივი მასალის ფენები და ცარიელი ღრუები, რის გამოც ეს ფრთოსანი რაკეტა უფრო ეფექტიანად ანგრევს ისეთ მრავალშრიან ან დაფარულ სამიზნეებს, როგორებიც ხიდებია.
„ქობინმა ჯერ უნდა გაიაროს გზის შედარებით თხელი საფარი, ვიდრე დაეჯახება ნამდვილ სამიზნეს — ბეტონის სვეტს, რომელიც მთლიან კონსტრუქციას ამაგრებს“, - განმარტავს ექსპერტი და ამატებს, რომ იქ, სადაც საჭიროა სხვა რაკეტის 2-3 მოხვედრა, Taurus-ს შეუძლია მარტო გაართვას თავი.
„ამ რაკეტებს აქვთ უნარი დააზიანონ მტრის თვითმფრინავების განთავსების მიუწვდომელი ადგილები, სარაკეტო კომპლექსები და საბრძოლო მასალის საწყობები. ასევე, მას აქვს უფრო დიდი მოქმედების რადიუსი, ვიდრე სხვა რაკეტებს, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ. ეს რაკეტები ასევე მეტად მდგრადია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების მიმართაც“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ივან გავრილიუკმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
ფორუმი