Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოპერაცია "ობობას ქსელზე"


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გენერალ მალიუკს მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტი ოპერაცია "ობობას ქსელის" "ბრწყინვალე შედეგისთვის".
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გენერალ მალიუკს მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტი ოპერაცია "ობობას ქსელის" "ბრწყინვალე შედეგისთვის".

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში ჩააბარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსმა, ვასილი მალიუკმა, რომელიც გეგმავდა და ხელმძღვანელობდა რუსეთის აეროდრომებზე დრონების მასშტაბური შეტევის ოპერაციას.

“ბრწყინვალე შედეგი” - აღნიშნავს თავის ფეისბუკგვერდზე უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაცია "ობობას ქსელის" მზადებასა და მიმდინარეობას პირადად აკონტროლებდა.

„ერთი წელი ექვსი თვე და ცხრა დღე - დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ განხორციელებამდე. ჩვენი ყველაზე შორი მოქმედების ოპერაცია. ჩვენი ხალხი, რომლებიც ამზადებდნენ ამ ოპერაციას დროულად გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან. მადლობა გადავუხადე გენერალ ვასილი მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც, როგორც აღნიშნა - გენერალს დაავალა ოპერაციის დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა და იქვე დაამატა:

„რა თქმა უნდა, ყველაფრის მოყოლა ახლა არ შეგვიძლია, მაგრამ უკრაინის ეს ქმედებები ნამდვილად მოხვდება ისტორიის სახელმძღვანელოებში. უკრაინა თავს იცავს და სრულიად სამართლიანად - ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დამთავრების აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა დაასრულოს. დიდება უკრაინას“.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] ინფორმაციით, აეროდრომებზე შეტევის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაპარკის მესამედზე მეტი და ზარალმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ასეთია საორიენტაციო ფასი მტრის სტრატეგიული ავიაციისა, რომელიც დაზიანდა СБУ-ს სპეცოპერაცია - „ობობას ქსელის“ შედეგად. დაზიანდა ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მზიდავების 34%, რუსეთის ფედერაციის ძირითად აეროდრომებზე“, - აღნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია აეროდრომებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ და მომხდარს ტერორისტული აქტები უწოდა. თავდაცვის უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უკრაინულმა მხარემ FPV-დრონებით შეუტია რუსეთის ხუთ ოლქს. თავდაცვის უწყების ჩამონათვალშია ამურის ოლქიც, გარდა - ირკუტსკის, მურმანსკის, რიაზანისა და ივანოვის ოლქებისა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია თავიდანვე ვრცელდებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ივანოვის, რიაზანისა და ამურის ოლქებში შეტევა მოგერიებულ იქნა, ხოლო მურმანსკისა და ირკუტსკის ოლქებში - დაიწვა “საავიაციო ტექნიკის რამდენიმე ერთეული”.

„დრონები ააფრინეს ამ აეროდრომებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან“, „მსხვერპლი არ არის“, „ტერაქტის ზოგიერთი მონაწილე დაკავებულია“, - ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ინფორმაციით, რომელიც მანამდე უკრაინული უსაფრთხოების სამსახურზე [СБУ] დაყრდნობით გავრცელდა, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის პარკიდან დაზიანდა 41თვითმფრინავი, მათ შორის - А-50, ТU-95, და ТU-22 М3.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში [СБУ] მედიას დილითვე დაუდასტურეს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ერთბაშად ოთხი აეროდრომი რუსეთის ტერიტორიაზე: „ბელაია“ ["Белая"], „დიაგილევო“ ["Дягилево"] ,ოლენია“ ["Оленья"] და „ივანოვო“ ["Иваново"].

ფორუმი

XS
SM
MD
LG