28 მაისს, გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები უკრაინული დრონებით შეტევისა და 15-ზე მეტი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
ტელეგრამ-არხი ASTRTA ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დუბნაში შეტევა იყო დრონების ქარხანა „კრონშტადზე“.
მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის და მათი „განადგურების“ შესახებ მთელი ღამის განმავლობაში ტელეგრამით იუწყებოდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ვორობიოვის თანახმად, ჩეხოვის რაიონში სამი სახლი დაზიანდა, არავინ დაშავებულა.
განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 მაისს, დილით განაცხადა, რომ 27 მაისის 21:00 საათიდან 28 მაისის 07:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს" 296 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. სამინისტროს ინფორმაციაში, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ჩამოთვლილია 13 ოლქი, მათ შორის მოსკოვის რეგიონი, თუმცა, სხვა ანალოგიური ცნობებისგან განსხვავებით, ამჯერად დაკონკრეტებული არ არის, სად რამდენი დრონი „გაანადგურეს".
28 მაისის დილის ათი საათის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი