ტოქსიკური "კამიტი": ისტორია, თვისებები, საფრთხეები, საერთაშორისო კონტროლი

ანტისამთავრობო, პროევროპული საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 29 ნოემბერი, 2024 წელი

მოკლედ

  • BBC-ს გამოძიების მიხედვით, 2024 წელს თბილისის საპროტესტო აქციებზე შესაძლოა გამოიყენეს ტოქსიკური ნივთიერება Bromobenzyl cyanide (CA), იგივე camite, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში აღარ გამოიყენება.
  • წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევას ხელისუფლება ადასტურებს, თუმცა არ ამჟღავნებს, რა ნივთიერება გამოიყენა და როგორ.
  • დემონსტრანტები, ოპოზიცია და უფლებადამცველები საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ, რადგან ამ ძლიერი ტოქსიკური საშუალების გამოყენება ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჯერ მხოლოდ სიტყვიერად უარყო BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების ვარაუდი, რომ, 2024 წლის მიწურულს, საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ საუკუნის წინ შექმნილი ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება - Bromobenzyl cyanide (CA) - გამოიყენეს.

და მაშინ რა გამოიყენეს? რამ შეარყია დემონსტრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივად? - “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ დაუსახელებია, რა სახის ქიმიურ ნივთიერებას ურევდნენ წყალში, ათობით ათასი მომიტინგის წინააღმდეგ. ერთი წლის თავზე კი აცხადებს, რომ ფხვნილს ექსპერტიზა ჩაუტარდება, დანარჩენს კი გამოძიება იტყვის.

Bromobenzyl cyanide-ს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს, უკვე ათეულობით წელია, დემოკრატიული ქვეყნები მიტინგების დასაშლელად აღარ იყენებენ, რადგან ძლიერად ტოქსიკურია და შესაძლოა, მაღალი კონცენტრაციით, ლეტალურიც იყოს.

რას წარმოადგენს Bromobenzyl cyanide (CA)? აკრძალულია თუ არა? არის თუ რა ის ცრემლსადენი გაზი? რა ზემოქმედება აქვს ადამიანებზე? - რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა ინფორმაციას, რაც საჯარო წყაროებში იძებნება.

რა არის camite?

Bromobenzyl cyanide (CA) - ღია წყაროებში არაერთი სხვა სახელითაც არის ცნობილი, მათ შორის: camite, BBC, alpha-bromophenylacetonitrile, bromo(phenyl)acetonitrile. ცნობილია, როგორც „ძლიერ ტოქსიკური“ ქიმიური ნივთიერება, რომლის მოხმარება, ტრანსპორტირება თუ შენახვა განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს.

  • C8H6BrN – ამ ქიმიური ფორმულით იძებნება Bromobenzyl cyanide-ის იზომერებიც [ნომრებით 2,3,4] - სხვადასხვა კონსისტენციით, გახურების, გადნობისა თუ დაშლის განსხვავებული თვისებებით.
  • კატალოგებში „მოძველებულ ცრემლმდენ გაზად" [„მასობრივი არეულობის კონტროლის აგენტად“] არის აღრიცხული Bromobenzyl cyanide-ის ფხვნილი - კოდით - CAS 5798-79-8.


ღია წყაროებში მრავლად იძებნება ინფორმაცია, რომ Bromobenzyl cyanide (CA) თავდაპირველად, ერთი საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს - საბრძოლო მიზნებით გამოიყენეს; შემდეგ აშშ-ში მცირე ხნით იყენებდნენ მასობრივი არეულობების წინააღმდეგ და უკვე დიდი ხანია, დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ნივთიერება დემონსტრანტების წინააღმდეგ აღარსად გამოუყენებიათ. მიზეზი მისი ძლიერი ტოქსიკურობაა. ეს ინფორმაცია BBC-ს საგამოძიებო ფილმშიც არის.

29 ნოემბერი, 2024 წელი

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [National Institute of Health] განახლებულ ბაზაში Bromobenzyl cyanide იძებნება, როგორც სამხედრო დანიშნულების ცრემლმდენი გაზი - ძლიერ ტოქსიკური.

„იწვევს თვალებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. მაღალი კონცენტრაციით ზემოქმედებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. წვის დროს წარმოიშობა ტოქსიკური აზოტის ოქსიდი“, - მითითებულია ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] ოფიციალურ ვებსაიტზე, Bromobenzyl cyanide (CA) „ცრემლმდენი გაზების“ ზოგად ჩამონათვალშია - უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გზამკვლევში.

CDC საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამ ნივთიერებებმა, გამოყენების დოზებისა და წესების დაცვის გარეშე, შესაძლოა მძიმე კვალი დატოვონ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ძლიერი ინტოქსიკაცია შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს. მითითებულია, რომ:

  • ასეთ დროს ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ყელისა და ფილტვების მძიმე ქიმიური დამწვრობის შედეგად; სუნთქვის გაჩერებით.
  • გართულებულ შემთხვევებში მოსალოდნელია სიბრმავე, გლაუკომის, კატარაქტის განვითარება; ასთმის ჩამოყალიბება.


აკრძალულია თუ არა Bromobenzyl cyanide?

ზოგადად, Bromobenzyl cyanide აკრძალული არ არის. საჯარო წყაროებით იძებნება ქიმიური საწარმოები, რომლებიც ყიდიან ამ ნივთიერებას და მითითებული აქვთ ფასებიც.

ამჟამად იყენებენ ინდუსტრიაში, მათ შორის - მითითებულია აგრარული და ფარმაცევტული სფეროები, ლაბორატორიული კვლევები. თუმცა კერძო პირები და არალიცენზირებული ორგანიზაციები მას ვერ იყიდიან.

აშშ-ში მყიდველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზიები, ნებართვები და შესაბამისი უსაფრთხო ინფრასტრუქტურაც - გადასატანად თუ შესანახად. პროცესი მკაცრად კონტროლდება პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის (OSHA), გარემოს დაცვის სააგენტოსა [EPA] თუ ტრანსპორტის დეპარტამენტის (DOT) მიერ.

მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ზომებიც იმ საწარმოებში დასაქმებულებისთვის, რომლებსაც Bromobenzyl cyanide-თან აქვთ შეხება. საგანგებო ყურადღების ქვეშ არის მათი აღჭურვილობა, ნივთიერების დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში, ჰიგიენური ზომები.

ასევე ნახეთ ქიმიური ნივთიერებები მომიტინგეების წინააღმდეგ - რა (არ) ვიცით

რას ამბობს საერთაშორისო კონვენცია ქიმიური იარაღების შესახებ?

  • ქიმიური იარაღების შესახებ საერთაშორისო კონვენციის (CWC) პირველი მუხლის [ზოგადი ვალდებულებები] მე-5 პუნქტის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების, ომის პირობებში დაუშვებელია “მასობრივი არეულობის კონტროლის აგენტების” [“ცრემლმდენი გაზის”] გამოყენება.
  • Bromobenzyl cyanide (CA) არ ჩანს ქიმიური იარაღების შესახებ კონვენციის (CWC) ცხრილებში; თუმცა არსებობს დათქმა.
  • მართალია, კონვენციით დაშვებულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენოს; მაგრამ კონვენცია ასევე აღწერს, რომ გამოსაყენებლად დასაშვები “ცრემლმდენი გაზის” ზემოქმედება და სიმპტომები “ხანმოკლე პერიოდში უნდა გაქრეს”.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს აღწერილობა არ შეესაბამება Bromobenzyl cyanide-ს თვისებებს, რადგან ის ხანგრძლივი ზემოქმედებითა და გართულებებით გამოირჩევა და შესაბამისად - “ცრემლმდენი გაზის” კატეგორიაში არ უნდა იქნას განხილული.

Bromobenzyl cyanide (CA)-ს, როგორც “ცრემლმდენი გაზის” ნაირსახეობა არ არის მოხსენიებული ეუთო/ოდირის [OSCE/ODIHR] გზამკვლევში [„სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და საჯარო შეკრებების დროს მართლწესრიგის უზრუნველყოფის შესახებ“]. აქ თავს იყრის ნაკლებად ტოქსიკური და პრაქტიკაში ბევრად უფრო უსაფრთხო საშუალებები: Chlorobenzylidenemalononitrile(CS), Chloroacetophenone (CN) და OC gas [ე.წ. წიწაკის სპრეი], თუმცა მათი გამოყენების დროსაც მთელი რიგი სიფრთხილის ზომებია დასაცავი.

ეუთო/ოდირის გზამკვლევში გათვალისწინებულია ყველაფერი: ცრემლმდენი გაზის გამოყენების დაგეგმვა, ხალხის გაფრთხილება, სივრცე და ტერიტორია, სადაც შეიძლება ან არ შეიძლება გაზის გაშვება, მიტინგზე მისული ადამიანების განზრახვები, გარშემო მყოფი ხალხი და ამინდიც კი. მკაცრი კონტროლია რეკომენდებული - ნივთიერებების გამოყენების დოზებისა და გამოყენების დისტანციის მხრივ.

ექსპერტებზე დაყრდნობით, BBC აცხადებს, რომ, როდესაც პოლიციის შეიარაღებაში უფრო უსაფრთხო და კონვენციური საშუალებები არსებობს, "მოძველებული და უფრო ძლიერი" ნივთიერების გამოყენება ქიმიური იარაღის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ალის ედვარდსი, BBC-ს ფილმში ამბობს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი BBC-ს მასალის გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი, ელჩი ფერნანდო არასი, ერთ-ერთი ადრესატია, რომელსაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, BBC-ს საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ღია წერილით მიმართა.

ამ ტექსტში წერია, რომ „ჯანდაცვის სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და ადამიანის უფლებათა დამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია [“ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან] არ გამჟღავნებულა და არც მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულა”.

შესაბამისად, თუკი “მაღალტოქსიკური ქიმიური ნაერთების პოტენციური გამოყენების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ასეთი ქმედებები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“.

ზურაბიშვილის წერილის ადრესატები არიან ასევე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი.

საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. იგეგმება აქციის ჩატარებაც.

“ოცნების” ყოფილმა და მოქმედმა შს მინისტრებმა ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები გააკეთეს, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ:

  • ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ BBC-ს გამოძიებაში დასახელებული ნივთიერებები, შსს-ში “ნაციონალური მოძრაობის” დროს შეიძინეს და იყენებდნენ 2012 წლამდე.
  • მოქმედმა მინისტრმა გელა [გეკა] გელაძემ კი თქვა, რომ არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” დროს ეს ნივთიერება არავის არ უყიდია და შესაბამისად არავის გამოუყენებია.


ვახტანგ გომელაური შს მინისტრი სწორედ იმ პერიოდში იყო, რომელსაც BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება შეეხება. გომელაური სანქცირებულია. ის პოსტიდან რამდენიმე თვის წინ გადადგა. მისი ბოლო კომენტარი ბევრმა BBC-ს ფილმში ასახული ვარაუდების აღიარებად ჩათვალა.

ასევე ნახეთ რა შეურიეს წყლის ჭავლს? - ხელისუფლება ალაპარაკდა, თუმცა არ ამბობს მთავარს
ასევე ნახეთ BBC: თბილისში პროტესტის დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენეს - „ოცნება“ BBC-ს უჩივის

საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება რომ იყო გარეული, ამას თავდაპირველად მომიტინგეები თავად მიხვდნენ - დამწვრობებისა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემით, გახანგრძლივებული სიმპტომებით. იმ პერიოდში, ბევრი მათგანი ამის შესახებ რადიო თავისუფლებასაც უყვებოდა.

შარშან შსს-მ ეს ფაქტი მხოლოდ ზოგადად დაადასტურა, რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ; თუმცა ნივთიერებები ერთი წლის განმავლობაში კვლავ არ დასახელებულა.

2025 წლის 3 დეკემბერს, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს წყლის ჭავლში "გარეული" ნივთიერება აუცილებლად დასახელდება - თუმცა ჯერ არა. "ქართული ოცნება" ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს დაელოდება. წინასწარ კობახიძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეს ნივთიერება არ ყოფილა „კამიტი“ - ის შსს-ს არასოდეს შეუძენიაო.

შეკითხვაზე, იყო თუ არა შესყიდული სხვა ნივთიერება UN3439 კოდით, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „იმ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული [ნივთიერებები]. შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები. დანარჩენს, სრულ ინფორმაციას, გამოძიება წარადგენს“.

BBC-ს თანახმად, UN3439 კოდით გაერთიანებულ ნივთიერებებს შორის, ერთადერთია Bromobenzyl cyanide (CA), რომელიც მასობრივი თავყრილობების დასაშლელად ოდესმე ყოფილა გამოყენებული. ამ ჯგუფის ყველა ქიმიური ნივთიერება ძლიერ ტოქსიკურია, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება.

ასევე ნახეთ "ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით გასაჯაროვდება" - კობახიძე წყალში "კამიტს" გამორიცხავს, თუმცა არ ასახელებს კონკრეტულ აგენტს

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ“ მალევე გამოაცხადა, რომ BBC-ს უჩივლებს. თუკი მანამდე ბრიტანულ მაუწყებელს სტანდარტების ეტალონად მოიხსენიებდნენ, მათ შორის მედიის მდგომარეობის შემზღუდველი კანონების მიღების დროს, ახლა "ოცნების" წარმომადგენლები მას "ცრუ მედიას", "ე.წ. მედიას" უწოდებენ.

დაიწყო გამოძიებაც - “სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით. ბოლო ორი დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთმანეთის მიყოლებით იბარებდნენ BBC-ს ფილმში მონაწილე ადამიანებს.

ასევე ნახეთ BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სუსმა დაიბარა ზვიად მაისაშვილი
ასევე ნახეთ „უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენ კვლევას“ - ექიმი ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ
ასევე ნახეთ BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა TI-ის დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ექიმი გოგი ჩახუნაშვილი, კვლევის თანაავტორი

როგორ მივიდა BBC სავარაუდო დასკვნამდე?

BBC-ს საგამოძიებო ფილმის თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში, ხალხმრავალ საპროტესტო აქციებზე, სავარაუდოდ, სწორედ Bromobenzyl cyanide (CA) გამოიყენეს.

  • შს სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა BBC-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სისტემაში მისი მუშაობის პერიოდში [2022 წლამდე], ჰქონდათ ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერებები კოდებით - UN3439 [ფხვნილი] და UN1710 [სითხე], რომლებიც 2009 წელს იქნა შეძენილი.
  • BBC-მ შს სამინისტროს სისტემიდან მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც პოლიციის, კერძოდ, გდდ-ს, არსენალში ამ ნივთიერებების არსებობა დასტურდება. სია 2019 წლით არის დათარიღებული.
  • BBC-მ ასევე შს სამინისტროს ოფიცრებისგან შეიტყო, რომ იმავე ნივთიერებების ნაზავი [წყლის ჭავლში] პოლიციამ გამოიყენა 2024 წელსაც.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოდი UN3439 ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების მთელ რიგ სპექტრს აერთიანებს. თბილისში შეგროვილი ინფორმაციის, მათ შორის, დაზარალებულთა გახანგრძლივებული კლინიკური მაჩვენებლების, გაუარესებული მდგომარეობისა და სიმპტომების აღწერილობის მიხედვით, გამოცდილმა საერთაშორისო ექსპერტებმა BBC-სთან ივარაუდეს, რომ ეს შესაძლოა სწორედ ძლიერმოქმედი და ძალიან ტოქსიკური Bromobenzyl cyanide (CA), იგივე CAMIT-ი ყოფილიყო.

BBC-ს მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება მხოლოდ Bromobenzyl cyanide-ს არ შეეხება. ფილმის ძირითადი ხაზია დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი ძალადობა და ძალოვნების დაუსჯელობა.

მიტინგებზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მუშტებს, წიხლებს - ხშირად თავში; სცემენ მათ ქუჩაში, ძირს დაგდებულებს. დაზარალებულების მონათხრობით, ცემა დაკავების მანქანებშიც გრძელდებოდა. ეს კადრები BBC-ს დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. მასში ასევე მოთხრობილია, თუ როგორ დააჯილდოვა „ქართულმა ოცნებამ“ საპოლიციო სისტემის მაღალჩინოსნები.

  • დემონსტრანტებსა თუ ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო, ძალოვნებისგან არავინ დასჯილა.
  • პოლიციასთან დაპირისპირების, დაუმორჩილებლობის გამო თუ ჯგუფური ძალადობის ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილე - ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ცრუ მოწმეების ნაამბობის საფუძველზე.


“ქართული ოცნების” ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, საერთაშორისო სანქციები აქვთ დაწესებული საპოლიციო სისტემის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს.

ასევე ნახეთ „საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდან