Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის წევრების განცხადებით, შსს-ს არასოდეს შეუძენია და გამოუყენებია ნივთიერება "კამიტი"


მარცხნიდან: ვახტანგ გომელაური, ირაკლი კობახიძე, გელა (გეკა) გელაძე
მარცხნიდან: ვახტანგ გომელაური, ირაკლი კობახიძე, გელა (გეკა) გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა (გეკა) გელაძის განცხადებით, საქართველოში აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული. მისი სიტყვებით, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო". ამის შესახებ გელაძემ ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვების პასუხად განაცხადა, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების კომენტირებისას.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებზე წყლის ჭავლში შერეული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.

"გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა აბსოლუტურად ყველაფერს პასუხი", - თქვა გელაძემ.

გელაძე გამოეხმაურა შს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას და უარყო ის. 1 დეკემბერს ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ თქვა, რომ „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“.

გელაძე ამბობს, რომ ის, რასაც "ბატონი ვახტანგი გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი".

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ნივთიერება იყო შერეული წყალში, რომელსაც წყლის ჭავლის ავტომობილი იყენებდა, გელაძემ უპასუხა: "საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება" და "აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული".

შს მინისტრის განცხადებით, "ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიის, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში".

დღეს, 2 დეკემბერს, ამავე საკითხის კომენტირებისას "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რაც შეეხება ნივთიერება "კამიტს", ნივთიერება "კამიტი" საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე“.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებზე წყლის ჭავლში შერეული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.

ეს ვარაუდი ეფუძნება:

  • 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების მონაწილეთა მონათხრობს - ისინი აღწერენ, როგორი ეფექტი ჰქონდა შსს-ის მიერ გამოყენებულ სპეცსაშუალებებს;
  • აქციების მონაწილე ექიმის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევას (მან აქციების მონაწილე 350 ადამიანი გამოჰკითხა კითხვარის საშუალებით; 69 მათგანს ჩახუნაშვილმა სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარა; გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი შეუნარჩუნდა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან ერთი თვის განმავლობაში - თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი ან ღებინება; მისი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Toxicology Reports-ში); კვლევის თანაავტორები მისი ძმა და მამაც არიან;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, ლაშა შერგელაშვილის (გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსი 2022 წლამდე) და გიორგი შაიშმელაშვილის (გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის) ინტერვიუებს;
  • ასევე გდდ-ის ინვენტარის აღმწერ, 2019 წლით დათარიღებულ დოკუმენტს;
  • ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს.


როგორც BBC-ს ტექსტშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს მიგნებებს უწოდა „აბსურდული“ და „სრულიად უაზრო“, ასევე განაცხადა, რომ „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს პოლიცია „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ BBC დაადანაშაულა „ბინძური დაკვეთების შესრულებაში“ და უწოდა „დიპ სტეიტის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია“.

მან გამოძიებას უწოდა „სიცრუის კორიანტელი“, რომელსაც „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“ და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ეს მუხლებია:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG