Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ექვსამდე გაიზარდა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 25 ნოემბერს მიიტანეს
რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 25 ნოემბერს მიიტანეს

კიევში 6-მდე გაიზარდა რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ დილის 11 საათისთვის იუწყებიან კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური. დაშავებულია 13 ადამიანი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყეს. დილის ცხრა საათისთვის კიევში დადასტურებული იყო 2 ადამიანის სიკვდილი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის პეჩერის რაიონში დანგრეულია 22-სართულიანი სახლის ნაწილი, მეოთხიდან მერვე სართულის ჩათვლით. შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დნეპრის რაიონში დარტყმა იყო 9-სართულიან სახლზე, რომლის სამი სართული ხანძარმა მოიცვა. დილის მდგომარეობით ხანძარი ლიკვიდირებულია. სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო 4-სართულიან სასაწყობე შენობასთან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, 2 ადამიანი დაიღუპა კიევის დნეპრის რაიონში და 4 - სვიატოშინსკის რაიონში.

განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დღის სამი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ კიევში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულების - 20-მდე.

მსხვერპლია კიევის ოლქშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბელოცერკოვსკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 14 წლის გოგო. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა ოდესის ოლქში. ხანძრები გაჩნდა ენერგეტიკის და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. სამინისტროს მონაცემებით, კიევის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 40 ათასზე მეტ მომხმარებელს, ოდესის ოლქში - 20 ათასს, ჩერნიგოვის ოლქში - 13 ათასს, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 21 ათასზე მეტს და ხარკოვის ოლქში - 8 ათასზე მეტს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 464 უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტით, რომელთაგან მოგერიებულია 438 დრონი და 14 რაკეტა. სარდლობამ დაადასტურა რუსული დრონებითა და რაკეტებით პირდაპირი დარტყმა 15 ადგილზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG