Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას 2 დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა


ორი გამანადგურებელი F-16 რუმინეთის საჰაერო სივრცეში (საილუსტრაციო ფოტო)
ორი გამანადგურებელი F-16 რუმინეთის საჰაერო სივრცეში (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ისევ შეაღწია ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 25 ნოემბერს, დილით დრონები დააფიქსირეს გალაცის, ტულჩის და ვრანჩის რაიონებში. ადგილობრივ მოსახლეობას გაეგზავნა ელექტრონული შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

რუმინეთის საჰაერო სივრცის კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში სამიზნეების ჩამოგდების მიზნით, სამხედრო ბაზებიდან გაიგზავნა ორი გამანადგურებელი Eurofighter Typhoon და ორი გამანადგურებელი F16.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რადარებმა პირველი საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დააფიქსირეს, დაახლოებით ერთ საათში ის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა, თუმცა მალევე რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა მეორე აპარატი.

დილის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს ხმელეთზე რაიმე ინციდენტი არ დაუდასტურებია. მოქალაქეებისგან შეტყობინება არ მიუღია საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევისას დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა 19 ნოემბერსაც. მსგავსი ინციდენტი ადრეც რამდენჯერმე მოხდა.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა გასული ღამიდან დაიწყეს. დარტყმა იყო რუმინეთთან მოსაზღვრე ოდესის ოლქზეც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG