Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კრასნოდარის და როსტოვის ოლქებიდან დრონებით შეტევის და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან


დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული შენობა და განადგურებული ავტომობილი რუსეთის როსტოვის ოლქში(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)
დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული შენობა და განადგურებული ავტომობილი რუსეთის როსტოვის ოლქში(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარისა და როსტოვის ოლქის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ.

25 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ტაგანროგში და ნეკლინოვსკის რაიონში მსხვერპლია. გუბერნატორის თანახმად, დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 მძიმე ტრავმების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე სლიუსარი 10 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.

ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლი, კოლეჯის და საბავშვო ბაღის შენობები და ორი საწარმო.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, ქალაქ ტაგანროგის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე შენობას. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია რომელი საწარმოს შენობა იწვის. რუსლი და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევის სამიზნე იყო ტაგანროგთან მდებარე სამხედრო აეროდრომი. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

განახლება: ქალაქ ტაგანროგის მერმა სვეტლანა კამბულოვამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა შეტყობინება, რომ „დაზიანებული სახლებისა და დაწესებულებების საზღვრებში შემოღებულია ლოკალური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“.

დრონებით „ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასირებული შეტევის“ შესახებ იუწყება კრასნოდარის მხარის გუბერატორი ვენიამინ კონდრატიევი. მისი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, დაზიანებულია სულ მცირე 20 სახლი.

კრასნოდარის მხარის მუნიციპალიტეტების ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, დრონებით შეტევა იყო ქალაქების, კრასნოდარის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს და გელენჯიკის რაიონებში.

დროებით დახურეს კრასნოდარის, სოჭის და გელენჯიკის აეროპორტები.

განახლება: 25 ნოემბერს, დღისით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა უკრაინული ფრთოსანი რაკეტებით „ნეპტუნი“ და რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით „ბარსი“ რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ორ ქარხანას, ხოლო ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში ნავთობის ტერმინალს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ 24 ნოემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 25 ნოემბრის დილის შვიდ საათამდე გაანადგურეს 249 უკრაინული დრონი, მათგან 116 შავი ზღვის თავზე, 76 კრასნოდარის მხარეში და 16 როსტოვის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას. მას არაფერი უთქვამს უკრაინული რაკეტების შესახებაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG