გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება - აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობით.
„დღეს მომახალეს შუბლზე, რომ მისასვლელი ვარ... მე საჯავრებელი არაფერი მაქვს. ამათ საით მიჰყავთ ქვეყანა - ამაზე გული მწყდება. ეს რუსები ჩემთვის ოკუპანტები არიან...
პირველი გადავალ [რუსთაველზე], არ მეშინია. მომკიდონ ხელი და დამიჭირონ... ასეთი სიმწარე გამოვლილს, მე რუსეთი უნდა მიყვარდეს? ვერასდროს შევიყვარებ რუსეთს - არასდროს გაიხარებს საქართველო ამათ ხელში...
წამლები მაქვს გამოწერილი, ავადმყოფი ვარ... ავად ვიყავი და პირბადე მეკეთა, რომ დაწერეს ოქმი. სირცხვილი-მეთქი, - მე ვუთხარი, - გაციებულ, ბებიის ხელა ქალს რომ ასე ექცევით მეთქი...
მე რომ ვკვდებოდე, ძალას მაინც მოვიკრებ და მაინც მოვალ...
[დამიჭირონ], ოღონდ ის ახალგაზრდები გამოუშვან ციხიდან... მე რა დამრჩენია, ჩემი თავი გადადებული მაქვს...“ - უთხრა აზა ჩილაჩავამ რადიო თავისუფლებას.
საჯარიმო ოქმის შედგენის გამო მან წუხელ პოლიციელებს მიუტანა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
„არ მინდა, ქალბატონო! რა გინდათ, სპეციალურად მოხვედით?“ - უპასუხა პოლიციელმა მას.
71 წლის ქალის საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს - მისი საქმე დღეს, 22 ოქტომბერს განიხილება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს.
19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
- მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
- თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
- გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.
ფორუმი