„დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევთ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და ვუცხადებთ მას მხარდაჭერას და სოლიდარობას...
მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, ისევე, როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულად განადგურებას“, - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიაჩეკერი“, „მედია აპრილი“, „ინდიგო“, „აჭარა თაიმსი“, „ქრონიკა +“, „ჩემი ხარაგაული“, „კავკასია“, „ტაბულა“, On.ge, „სტუდია მონიტორი“, „ინფო იმერეთი, BMG, „სამხრეთის კარიბჭე“, „ქუთაისი პოსტი“, Chai Khana, „აი ფაქტი“, Accent, OC Media, JAMnews, „კაკტუსი“.
დღეს, 20 ოქტომბერს პოლიციამ „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავა ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კი 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
- მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
- თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
- გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.
ფორუმი