Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-ზე მეტი მედიასაშუალება სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ჟურნალისტ ვახო სანაიას


ვახო სანაია კვირას, 19 ოქტომბერს, დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ვახო სანაია კვირას, 19 ოქტომბერს, დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ჟურნალისტს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვან ვახო სანაიას, რომელსაც გუშინ 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ჟურნალისტი ვახო სანაია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პოლიციამ კვირას, 19 სექტემბერს, დააკავა, წინა საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო.

დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს როგორც თავად „ფორმულამ“, ასევე საქართველოს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ".

პოლიცია ვახო სანაიას გზის გადაკეტვას ედავება.

„დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და „ქართული ოცნების“ მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - წერენ ორგანიზაციები 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა“, - აცხადებენ ისინი.

„მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს“, - აღნიშნავენ მედიაორგანიზაციები.

განცხადებას უერთდებიან:

  1. "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"/”მედიაჩეკერი”
  2. მედიასახლი “გურია NEWS-ი”
  3. "აპრილი მედია"
  4. "ინდიგო"
  5. "ბათუმელები"/"ნეტგაზეთი"
  6. "რადიო WW"
  7. "აჭარა თაიმსი"
  8. მედიაჰოლდინგი “ქრონიკა+”
  9. რადიო “მარნეული”
  10. "სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი"|TOK
  11. "ქართლის ამბები"
  12. "ჩემი ხარაგაული"
  13. ტვ "კავკასია"
  14. "ტაბულა"
  15. "ტვ პირველი"
  16. Artarea
  17. "რადიო ქალაქი"
  18. On.ge
  19. სტუდია “მონიტორი”
  20. “ინფო იმერეთი”
  21. BMG (Business Media Georgia)
  22. ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსი"
  23. "ფორმულა"
  24. "სამხრეთის კარიბჭე"
  25. "ქუთაისიპოსტი"
  26. "ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი"
  27. "პროექტი 64"
  28. "პუბლიკა"
  29. Chai Khana
  30. "მაუწყებელი"
  31. "აი, ფაქტი"
  32. "გურიის მოამბე"
  33. "აქცენტი"
  34. OC Media
  35. საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge


19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG