Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ საქმე აღძრა „პირველი არხისა“ და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო


ფოტოკოლაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და მისთვის გაურკვეველი სითხის შესხმის ეპიზოდი
ფოტოკოლაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და მისთვის გაურკვეველი სითხის შესხმის ეპიზოდი

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო. 

ორივე ინციდენტი თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა:

  • პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს სახედაფარულმა ადამიანმა გაურკვეველი სითხე შეასხა პირველი არხის ჟურნალისტ შალვა სუმბაძეს და სავარაუდოდ, მის ოპერატორს - სავარაუდოდ, ჟურნალისტს ჰქონდა წვის შეგრძნება, რაც გამოიხატა მიმიკითაც;
  • ტელეკომპანია „იმედი“ იუწყება, რომ იმავე ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ არხის თანამშრომლებს, დაზიანდა ტექნიკაც.

„ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფებს“, - აცხადებს პროკურატურა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით - ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

4 ოქტომბრისთვის თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი აქცია, რომლის საორგანიზაციო კომიტეტშიც იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, "მშვიდობიან რევოლუციას" ისახავდა მიზნად. საღამოს 8-ის ნახევრისთვის, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად - სასახლეში შეჭრის მცდელობისას სპეცრაზმმა შეტევა წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით მოიგერია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG