როგორც მან "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თქვა, გამოკვლევის ჩასატარებლად მიჰყავთ:
„გამოკვლევაზე მივდივარ და მე აუცილებლად დავბრუნდები“, - უთხრა მან ჟურნალისტს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბობს: „გარკვეული ცვლილებებია“.
რუსთაველის გამზირსა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორბელიანზე სპეცრაზმია მობილიზებული. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი.
4 ოქტომბერს, საღამოს შვიდი საათისთვის, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს, კონკრეტულად კი „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდა, რომ ათონელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ წასულიყვნენ.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრის მცდელობას.
„მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21:00 საათისთვის.
„ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას, - რომლის ინიციატორებიც იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა და „საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, - გაემიჯნნენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“, "ფედერალისტები".
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება.
ფორუმი