„რაც ახლა ხდება არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია“, - აცხადებს პარტია.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო.
გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილიც და განაცხადა, რომ მშვიდობიან პროტესტს ემხრობა.
„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს მცდელობა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის 310 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად ვემიჯნები ამას და მშვიდობიანად ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ“, - დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.
შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა. უწყება მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაემორჩილონ კანონს.
„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებს შსს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა
მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან
სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია“, - აცხადებს სამინისტრო.
ფორუმი