მდინარაძის ახალ მოადგილეებს შორის მედიის ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო ლევან ხარაბაძემ, ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში. ის ამ პოსტს 2025 წლის 6 მაისიდან იკავებდა.
მანამდე, 2024 წლის 20 მარტიდან, ის შიდა ქართლში იყო სახელმწიფო რწმუნებული.
რწმუნებულად წარდგენამდე, ხარაბაძე იყო ჯერ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის [2020-2021 წლებში], შემდეგ კი გურიის პოლიციის დირექტორი [2021-2024 წლებში].
"ტვ პირველის" 2025 წლის ივლისის გამოძიების მიხედვით, ლევან ხარაბაძე, როგორც ენმ-ის დროინდელი სამართალდამცველი, 2015 წლის 20 აპრილს დაკითხეს - როგორც 2009 წლის 15 ივნისის დარბევის მონაწილე პოლიციელი. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ხარაბაძე ადასტურებს, რომ როგორც პოლიციელი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა უარყოფს დარბევაში მონაწილეობას. 2009 წელს ის ვერის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა. ამ აქციის დარბევა იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომლითაც დაინტერესებული იყო სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა და რომელზე გამოუცხადებლობის გამოც რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ დრომდე ციხეშია.
2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის მონაწილეებმა ჯერ საქართველოს პროკურატურას, შემდეგ კი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართეს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საქმის გამოძიებისა და განხილვისთვის.
ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით, საქართველოს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა გიორგი ბექაურის, მიხეილ მესხის, გიორგი ჩითარიშვილის, ვახტანგ მაისურაძისა და ლუკა წულაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობის გამო; ასევე, კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა მერაბ ჭიქაშვილის, მიხეილ მესხის და გიორგი ჩითარიშვილის მიმართ და კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა ყველა მომჩივნის მიმართ, რადგან მათ ვერ შეძლეს ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით. ამასთან, წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის ფარგლებში, მთავრობამ 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარების და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.
“ლევან ხარაბაძე ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე - შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება “ნაცებს“, “ნაცები“ თქვენკენ, თქვენი ტელევიზიისკენ მოიკითხეთ!
შეიძლება ის იყო პოლიციის ხელმძღვანელი. საპოლიციო სისტემას თავის დროზე უამრავი ადამიანი ემსახურებოდა. მაშინაც პოლიციაში 25 ათასი კაცი მუშაობდა და ამ 25 ათასი კაციდან 20 ათასზე მეტი ღირსეული კაცი იყო", - ასე უპასუხა დღეს ირაკლი კობახიძემ მედიის დასმულ კითხვას სუსის ახალი ხელმძღვანელის ახალი მოადგილის შესახებ. "ნაცები თქვენსკენ მოიკითხეთ", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, მათგან მინიმუმ ერთს ასევე აქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის გამოცდილება.
- ლაშა მაღრაძე, რომელიც სუსში მისვლამდე ჯერ სპორტის მინისტრის მოადგილე (2 თვით 2025 წელს, თებერვლიდან აპრილამდე) და შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილე (4 თვით, 2025 წლის აპრილიდან) იყო, კარიერას არასამთავრობო სექტორში იწყებს. 2002-2003 წლებში ის საიაში მუშაობს, სადაც 2006 წელს კვლავ ბრუნდება, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში მუშაობის შემდეგ. 2007 წლიდან 2010 წლამდე ის კვლავ იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობს, 2010 წელს კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელი ხდება. 2013-2018 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.
- ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2025 წლის მაისში გახდა და ამ პოსტზე მხოლოდ 3 თვეს იმუშავა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელი იყო. საგარეო დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, 2025 წელს "ოცნების" ინიციატივით გაუქმდა და სუსის ნაწილი გახდა.
- თამაზ ბორაშვილი, სუსის პრესრელიზის მიხედვით, მდინარაძის მოადგილედ დანიშვნამდე სუსშივე მუშაობდა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი იყო.
ფორუმი