ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა.
შსს-ში გვითხრეს, რომ დგებუაძე „მუშაობას აგრძელებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.
პრესცენტრში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას, რა გახდა დგებუაძის პოსტის შეცვლის საფუძველი.
- მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით.
- კერძოდ, ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
- დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნეს ამაღლობელის საქმეზე - ის ამბობდა, რომ მზია ამაღლობელის „საკმაოდ ძლიერმა“ სილამ „ტკივილი მიაყენა“ და ლოყასთან ერთად, ყურიც გაუწითლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
- მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
- მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
- მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: „მონებო!“
- ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ფორუმი