სადავო პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩია. მას მხარი დაუჭირა 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განუხილველად ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს. სხდომის დახურულ რეჟიმში წარმართვის გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ პარლამენტის რეგლამენტში არსებული საფუძვლით ახსნა და სხდომის დაწყებისას მხოლოდ ეს განაცხადა: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები საიმედო ხელში იქნება!"
კომიტეტის რეკომენდაცია იყო, მამუკა მდინარაძის კანდიდატურისთვის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყარათ კენჭი, რაც ბიუროს სხდომაზე გაიზიარეს. შესაბამისად, ის ისე აირჩიეს, რომ სამსახურის ხელმძღვანელის სამომავლო ხედვებისა და პრიორიტეტების თაობაზე არაფერი მოუსმენიათ.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხდა და სუსის უფროსის თანამდებობაზე ისეთივე წარმატება უსურვა, „როგორი წარმატებული უმრავლესობის ლიდერიც იყო“.
"მოყვარეებმაც და რაც მთავარია, მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს სამი მოწვევის პარლამენტში და მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი მტრების საზიანოდ დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ რეგიონალურ გაურკვევლობებში და ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, პარლამენტის შენობაში მამუკა მდინარაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა და სამსახურის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ამ შეკითხვების მიხედვით ილაპარაკა. ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუკ-ლაივში გადაიცემოდა.
მამუკა მდინარაძის პრიორიტეტები - ძლიერი სპეცსამსახურები
"ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ მე მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე. ვფიქრობ, ჩემი დავალება გუნდის, ხალხისგან იქნება ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვისი ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს", - თქვა მდინარაძემ
მთავარი გამოწვევები და საფრთხეები
მამუკა მდინარაძემ ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებად "ოკუპაცია, მისი თანმდევი პროცესები" და "გარე ჩარევები" დაასახელა.
"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20% არის ოკუპირებული. აქ არის უდიდესი გამოწვევები და თუ იმ პერიოდში, როცა მე ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნელ-ნელა უნდა დაიძრას და იძვრება, როგორც ბევრი ხედავთ, და საბოლოდ დაიძვრება და ეს მივა საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იტყვის, რომ უბედნიერესი იქნება და მეც მათ რიგში ვარ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია არის დასაძლევი და ამ სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება და ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლა, რაც მიმდინარე საკითხებია, ესეც მთავარი პრიორიტეტი იქნება".
"გარე ჩარევებზე" საუბრისას, მდინარაძემ თქვა, რომ არსებობს პროვოკაციული საფრთხეები, რომლებთან "გამკლავებაც" მისი სამსახურის ფუნქციაა.
"ჩვენ ვიცით, რომ გარე ჩარევების, ათეულობით და ასეულობით დოლარის თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად და პარალელურად, გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ გამუდმებულ პროვოკაციებს, ქვეყნის არევის მოწოდებებს თუ დავალებებს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ უსაფრთხოების საკითხები მის ადგილზეა და რომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ გამართულად".
მოსალოდნელი საკადრო და სხვა ცვლილებები სუსში
მამუკა მდინარაძის თქმით, გაძლიერდება ანტიკორუფციული მიმართულება. "ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გვქონდეს, მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით რამდენიმე წელიწადში, პრაქტიკულად, ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და არცერთ მომენტში არ იყო კორუფციული გარიგების ნაწილი".
თქვა, რომ სამსახური მეტად გახსნილი იქნება.
"რომ შეგპირდეთ, რომ ბოლომდე გახსნილი იქნება ეს სამსახური, ჩემს მტერს ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური, საქართველოში როგორც იტყვიან ხოლმე. მას თავისი ფუნქცია აქვს თითოეულ რგოლში და ვფიქრობ, თავისი ფუნქციების შესრულების დროს სპეცსამსახურების ნიშა, საიდუმლო ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეტი გახსნილობა შემიძლია დაგპირდეთ".
მდინარაძის სიტყვებით, "დღესაც კი უსაფრთხოების სამსახური შეიძლება ასოცირდებოდეს მოსმენასთან და მსგავს საკითხებთან", მაგრამ კანონიერი მოსმენის ნაწილი მის საქმიანობაში შეიძლება იყოს "ნული მთელი რაღაც პროცენტი, იმდენად დიდი ფუნქციონალია თითოეული რგოლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიტერორისტული, სადაზვერვო მიმართულება გვაქვს, კონტრდაზვერვის მიმართულება გვაქვს", - თქვა მდინარაძემ.
მანვე განმარტა, რომ სამსახურში თავის გუნდთან ერთად მიდის და რომ თანამდებობას დატოვებს ირაკლი ბერაია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა აპრილში დანიშნა ამ თანამდებობაზე.
შეკითხვას, ირაკლი ბერაია შეინარჩუნებს თუ არა დაზვერვის მიმართულებით თანამდებობას, მან ასე უპასუხა:
"არა, მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ, ირაკლი ბერაია აღარ იქნება თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარია და კარგი კადრია ძალიან. მე ჩემი გუნდით მივალ, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში ვამუშავებ ძალიან წარმატებით, დარწმუნებული ვარ", - თქვა მდინარაძემ.
რატომ გადადგა ანრი ოხანაშვილი
მამუკა მდინარაძემ არ უპასუხა შეკითხვას, რა გახდა ანრი ოხანაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი. ოხანაშვილის სახელით განცხადება სოციალური ქსელით სუსმა 23 აგვისტოს გაავრცელა.
"ანრი [ოხანაშვილი] არის ადამიანი, ვინც 2016 წლიდან იბრძოდა ამ ქვეყნისთვის, ეს იყო ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც ჩვენ ერთად გამოვიბრძმედეთ, როგორც პოლიტიკოსები. ამ ბრძოლაში ჩვენ მოვიპოვეთ ერთმანეთის ნდობა. ანრი ყოველთვის იქნება ამ გუნდის ერთგული წევრი. ამის იქით მე ამაზე საუბარი არ მინდა, მე ისეთი სამსახურის უფროსი უნდა ვიყო, ასეთ საკითხებზე ღიად ლაპარაკი რომ არ შეშვენის ადამიანს. არაფერი ისეთი დაფარული და განსაკუთრებული, უბრალოდ პროვოკაციულ კითხვაზე, უკაცრავად რომ ამას შევნიშნავ ამ გადასახედიდან, მაგრამ პასუხი არ უნდა იყოს ისეთი, თქვენ რომ მოგეწონებოდათ", - უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტს.
თორნიკე რიჟვაძის საქმე
ჟურნალისტებმა მდინარაძეს კომენტარი სთხოვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის საქმის გამოძიებასთან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ვერსიით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა და ის ამჟამად თურქეთშია მკურნალობის მიზნით.
"თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ - არ ამბობენ, შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება, ასე რომ გაკეთდეს... თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის წინაშე, მმართველი გუნდის წინაშე, ის არის ჩვენი მეგობარი და აქ სიბინძურეებს, გთხოვთ... ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემო მყოფებთან, თითქმის არავისთან კონტაქტი არ აქვს და აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველანი ამას გაგებით ვეკიდებით და უფრო სიღრმეში ვერ შევდივარ, ისევ პერსონალური საკითხებიდან გამომდინარე და ამით ნუ ისარგებლებთ, ეს იქნება ამორალური, ამით სარგებლობა", - თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე სუსს ხუთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით იყო არჩეული.
ფორუმი