მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მშობლებმა ადვოკატისგან ინფორმაცია დღეს, 18 ივლისს, მიიღეს:
„გუშინ შევიდა ადვოკატი ციხეში. ცოტა წონაში მოიმატაო, ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესებულიაო. ადვოკატმა გვითხრა, რომ მამუკას გაუხარდა მისი ნახვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დალი ჩხეიძე.
თუკი მანამდე ოჯახი მამუკა გაწერელიასგან მისი ხელით დაწერილ წერილებს იღებდა, ამჯერად, ადვოკატმა ოჯახს მამუკა გაწერელიას დანაბარები ბეჭდური ფორმით, ელექტრონულად მიაწოდა:
„ადვოკატმა გვითხრა, რომ თავად დაბეჭდა მამუკასთან საუბრის შინაარსი და ასე გამოგვიგზავნა“, - ამბობს პატიმრის დედა და რადიო თავისუფლებას უგზავნის ადვოკატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ტექსტის ნაწყვეტს.
„დედა! მეც ძალიან მენატრები. მალე სახლში ვიქნები, ნუ ნერვიულობ, ნუ განიცდი.
გამარჯობა, ძმაო, ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხარ? რაც შეეხება წერილებს, ახლა შეფერხებაა. თანამშრომლები შეიცვალნენ და ახლები ჯერ ვერ აბამენ თავს. მალე ყველაფერი მოგვარდება. მე კარგად ვარ. ყველა ნორმალურად მექცევა. რო რამე, შემიძლია საკუთარი თავის დაცვა. ასე რომ, ამის გამო არ შეგეშინდეთ.
მა, გთხოვ, შედი ინტერნეტში, მოძებნე ყველაზე კარგი წიგნები სკანდინავიის თემატიკაზე და მათი სია გამომიგზავნე“...
აფხაზეთიდან დევნილი, უკრაინაში მებრძოლი 24 წლის მამუკა გაწერელია 21 წლის იყო რუსეთის ტყვეობაში რომ აღმოჩნდა. 2024 წლის თებერვალში მას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და უვადო პატიმრობა მიესაჯა.
რუსეთის გენერალური პროკურატურა მამუკა გაწერელიას სამი რუსი სამხედროს მკვლელობასა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობას ედავებოდა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ოჯახმა მამუკა გაწერელიას შესახებ აღარაფერი იცოდა. უკანასკნელი წერილი მისგან მაისში მიიღეს, რომელშიც ის მშობლებს აღდგომას ულოცავდა. ოჯახმა იცოდა მხოლოდ ის, რომ ის დაახლოებით 40 კილოს იწონიდა და ჰქონდა ზურგის ტკივილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ სტატია 17 ივლისს გამოაქვეყნა.
პატიმრობაში მყოფი ქართველი მებრძოლის ოჯახმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2024 წლის თებერვალში მათგან მიიღო პასუხი, რომ „ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია“. დალი ჩხეიძე ამბობს, მას შემდეგ არანაირი სიახლე აღარ ყოფილა.
რა ნაბიჯები გადადგა ან გადადგა თუ არა რაიმე ნაბიჯები საგარეო საქმეთა სამინისტრომ მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ უწყებისგან ვერ მიიღო. 17 ივლისს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან“.
დალი ჩხეიძე ამბობს, რომ ოჯახს დღესაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვს უკრაინაში „საკოორდინაციო შტაბთან“, რომელიც რუსეთთან ტყვეთა გაცვლის საკითხზე მუშაობს.
დალი ჩხეიძის ინფორმაციით, მამუკა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ 2022 წლის მარტში მოხვდა, მაშინ, როცა „აზოვის“ მებრძოლების დასახმარებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დედის განმარტებით, რუსი სამხედროებით ალყაშემორტყმულ ქარხანაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენმა მოახერხა შესვლა, ერთ-ერთში მისი შვილი იყო. თვე-ნახევარში კი ის სხვა აზოვსტალელებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა.
მამუკა გაწერელიას უკრაინაში წასვლამდე საომარი გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა დედამისი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, ის ოთხწლიანი კონტრაქტით იმყოფებოდა სენაკის სამხედრო ბაზაზე და საუკეთესო შედეგებიც ჰქონდა. უკრაინაში ის ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტში წავიდა.
ფორუმი