Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ უპასუხა, აპირებს თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და სადავო კანონების გაუქმებას


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მედიის შესაბამისი კითხვების პასუხად, აპირებს თუ არა ევროკავშირის იმ რეკომენდაციების შესრულებას აგვისტოს ბოლომდე, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება, განაცხადა, რომ "თუ ასე დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია - რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია".

ირაკლი კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა, აპირებს თუ არა რვა მოთხოვნიდან ერთ-ერთის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის გაუქმებას. მისი სიტყვებით, "კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ", "ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებასა და რევოლუციური პროცესების წახალისებაში, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ ჩვენ აგვიკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება".

კობახიძის თანახმად, მზად არიან "ჯანსაღი დისკუსიის" "ყველა სუბიექტთან". ახლა, მისი შეფასებით, რეკომენდაციები "ულტიმატუმებს" ჰგავს.

"საერთოდ არ ეწინააღმდეგება ოჯახური ფასეულობების კანონი, არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამიტომ კეთილი ინებოს ყველამ ... ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან - საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა? მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები და თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ, რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხდებოდა, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები", - თქვა კობახიძემ.

კერძოდ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელისგან მოისმინოს "არგუმენტები, რატომ ფინანსდებოდა საქართველოში ძალადობა და ექსტრემიზმი და რატომ არ ისმის განმარტებები. ამაზე უნდა მივიღოთ პირველ რიგში პასუხები და მერე გადავიდეთ ყველაფერ დანარჩენზე".

კითხვაზე, იქნება თუ არა პასუხისმგებელი "ქართული ოცნება", თუ ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციას გააუქმებს, კობახიძემ უპასუხა, რომ

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, როცა ბრიუსელი შენ გეუბნება, რომ უნდა დათმო მშვიდობა, სტაბილურობა, გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს სწორედ ასეთი პროცესებისგან, ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან, როდესაც ბრიუსელი გეუბნება რომ შენ თავი არ უნდა დაიცვა რევოლუციებისგან...გამჭვირვალობის კანონს როცა გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა".

კობახიძეს მიაჩნია, რომ "კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს, ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური. არასწორია ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური ნაცმოძრაობა".

ამასთან, მისი განმარტებით, "თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია - ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და სტაბილურობას და არ დავთმობთ".

ირაკლი კობახიძის თანახმად, "ევროპაში წახვალთ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გთავაზობენ - მშვიდობა უნდა დაგვირღვიონ, სტაბილურობა უნდა დაგვირღვიონ - ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციალურ საკითხს, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურ საკითხს", - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისში მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ მიცემულ კომენტარში.

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე.

საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს და საქართველოს ხელისუფლებას რვა რეკომენდაციის შესრულებას სთხოვს, მათ შორის:

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
  • თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.

"ქართული ოცნება" ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს "შანტაჟად" და "მუქარად" აფასებს.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის სიტყვებით კი, შეისწავლიან წერილს და გადაწყვეტენ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი მუშაობას სექტემბერში გაახლებს, კანონების გაუქმება ვერ მოხერხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG