ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს დაავალა ირანის სტრატეგიულ და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება მას შემდეგ, რაც 19 ივნისს, დილით ირანის არმიამ მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქებზე, მათ შორის ბეერ-შევაში მდებარე საავადმყოფოზე.
ნეთანიაჰუს ამ დავალების შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.
მან „ბუნკერში“ მყოფი „ლაჩარი დიქტატორი“ უწოდა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და პირადად მას დააკისრა პასუხისმგებლობა ისრაელის ქალაქებში საავადმყოფოსა და სახლებზე მიზანმიმართულ თავდასხმაში.
კაცის განცხადებით, ხამენეი ომის დანაშაულისთვის პასუხს აგებს.
19 ივნისს, დილით ირანმა რაკეტებით და დრონებით მორიგი იერიში მიიტანა ისრაელის ქალაქებზე. ბეერ-შევაში სარაკეტო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სამედიცინო ცენტრის შენობა, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, სერიოზულად დაზიანდა.
ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადება, რომლის თანახმად, ბეერ-შევაში სამიზნე იყო არა საავადმყოფო, არამედ მის მახლობლად მდებარე ისრაელის არმიის სამეთაურო-სადაზვერვო ცენტრი, რომელსაც დაარტყეს. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის სამიზნე სწორედ საავადმყოფო იყო.
ირანის დღევანდელმა შეტევამ ნგრევა და დაზიანებები გამოიწვია ხოლონის, რამათ-განის და ისრაელის სხვა ქალაქების საცხოვრებელ უბნებში. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
თავის მხრივ, ისრაელმა განაგრძო თეირანის და ირანის სხვა ქალაქების დაბომბვა.
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, არაქში დაარტყეს უმოქმედო ბირთვულ რეაქტორს, ხოლო ნათანზის მახლობლად - ბირთვული იარაღის შემუშავების ობიექტს. ასევე, ბალისტიკური რაკეტების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მწარმოებელ ობიექტებს, რადარებს და რაკეტების საცავებს.
- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
- პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
- ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ფორუმი