Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის მუქარის შემდეგ სომხეთის თავდაცვის ექსმინისტრს აპატიმრებენ


ფაშინიანის მუქარის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობა ემუქრება.
ფაშინიანის მუქარის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობა ემუქრება.

ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარლამენტის წევრი სეირან ოჰანიანი „პირველი წავიდოდა ციხეში“, პროკურატურამ მისი დაკავება გადაწყვიტა.

სომხეთის პროკურატურამ დღეს, 10 ივნისს მიმართა სომხეთის პარლამენტს, რათა ოჰანიანსა და კიდევ ერთ ოპოზიციონერ პარლამენტარს, არცვიკ მინასიანს, სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნან.

სეირან ოჰანიანი ამჟამად უდიდესი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის, „ჰაიასტანის ალიანსის“ („სომხეთის ალიანსის“) თავმჯდომარეა, არცვიკ მინასიანი კი ამავე პარტიისა და ფრაქციის წევრი.

ავა ვარდაპეტიანის, გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოსტზე მსახურობის პერიოდში, 2008-16 წლებში, უკანონოდ მოახდინა მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია და მასზე აგარაკი უკანონოდ აიშენა. მინასიანს ედავებიან ამ „უკანონო ქმედების განხორციელებაში დახმარებას“.

კიდევ ერთი საბრალდებო დასკვნის თანახმად, ყოფილ მინისტრს ადანაშაულებენ 150 000 დოლარის ეკვივალენტის ოდენობის ქრთამის აღებაში.

სომხეთის პარლამენტი, - ეროვნული ასამბლეა, - მომდევნო კვირას განიხილავს დეპუტატებისათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. ფაშინიანის გუნდი საამისოდ საჭირო უმრავლესობას ფლობს. ოპოზიციონერი დეპუტატები კი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„ფაშინიანი და [აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ] ალიევი ერთ ხმაში მოქმედებენ, დგამენ იაფფასიან შოუებს ბაქოსა და ერევანში“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა. - „ცხადია, რომ მათი მიზანია, გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება სომხეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული საფრთხეებიდან, რაც მათ საკუთარი ხელებით შექმნეს“.

7 მაისს, როდესაც ფაშინიანი პარლამენტის წინაშე წარდგა, ოჰანიანმა და სხვა ოპოზიციონერებმა ის დაადანაშაულეს კორუფციაზე თვალის დახუჭვაში, რის შემდეგაც ფაშინიანმა, - რომელიც, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, წყობიდან გამოვიდა, - ოჰანიანს მიმართა: „შენ უნდა იყო პირველი, ვინც [ციხეში] უნდა ჩაჯდეს და წახვალ კიდეც“.

ოჰანიანის ვაჟი, არტურ ოჰანიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში მონაწილეობდა და სათავეში ედგა სომხეთის კონტრშეტევას, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო. სომხური მედიის თანახმად, კონტრშეტევის წარუმატებლობამ განაპირობა აზერბაიჯანის საბოლოო გამარჯვება 6-კვირიან ომში.

პროკურატურამ 14 მაისს გამოაცხადა, რომ ოჰანიანს ედავება ოპერაციის „არასწორად წარმართვას“, რის გამოც იგი სასამართლოს წინაშე წარდგება. ოჰანიანები ამ ბრალდებასაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG