Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინოვნიკების გასაგონად „პირის ამყრალება“ აკრძალულია, პირიქით - არა


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 4 თვის წინ დამატებულ ახალ, 173​-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელებზეც ავრცელებენ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 4 თვის წინ დამატებულ ახალ, 173​-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელებზეც ავრცელებენ.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სიტყვიერი შეურაცხყოფის რეალურ სივრცეში დასჯა ვირტუალურზეც გაავრცელა და ემუქრება ყველას, ვინც პოლიტიკური თანამდებობის პირებსა თუ საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელებში გალანძღავს.

კანონით აიკრძალა შეურაცხყოფა, გინება, მუქარა, რაც ბევრმა თმენის ვალდებულების მქონეთა მიმართ ბრაზის გამოხატვის აკრძალვად აღიქვა.

4 თვის შემდეგ გაირკვა, რომ თებერვალში შეცვლილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი [მათ შორის - დაემატა 173-ე მუხლის მეორე ნაწილი და ახალი 173​16--ე მუხლი] სოციალურ ქსელებზე გავრცელდება. უშუალოდ კოდექსში ეს დაზუსტებული არ არის.

173​16--ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.

173-ე მუხლის მეორე ნაწილით, ეს ნორმები ვრცელდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე და კიდევ უფრო მაღალია სასჯელი მათი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინებისთვის.

  • “ზღვარი აქვს ყველაფერს, ფულის გამო სახე აქვთ დაკარგული, ქცევას ვეღარ აკონტროლებენ. აბა ტკბილი სიტყვით ვერაფერი გაიგეს”;
  • “ამოვიდა ყელში გაუთავებელი ლანძღვა, გინება, ზიზღი, წყევლა! კიდევ კარგი რომ გამოფხიზლდით!”
  • “სწორია, წაიბილწა ქვეყანა. კაცია თუ ქალი ვერ იგებ, ისე იგინებიან დასჯადი უნდა იყოს”;
  • “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ადმინისტრაციული სასჯელი ვერ გამოიღებს საჭირო შედეგს. ხელბორკილები და პატიმრობა”;
  • “ყველა დასაჯეთ”; - წერენ სოციალურ ქსელებში, ”ოცნების” მხარდამჭერი ანგარიშები.


რა ჩაითვლება გინებად, ლანძღვად, შეურაცხყოფად? რა სიტყვების გამოყენება იკრძალება? უფლებადამცველები ლაპარაკობენ წნეხზე, რომელიც მოქალაქეებს გააჩუმებს და თავისუფალ აზრს გააქრობს. კოდექსის ახალ ნორმებს ისინი ბოლო თვეებში დამტკიცებული სხვა ახალი ამკრძალავი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილად განიხილავენ.

ვის დასჯიან?

შსს-ში პირველი საჩივრის გაგზავნის წინ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ “პოსტებიდან თუ ქარდებიდან სიბინძურე გადმოდის” - “უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ წახალისებული” და ამ პროცესის შეჩერება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ვის წინააღმდეგ და რისთვის მომზადდა პირველი საჩივარი “ოცნებაში” არ აკონკრეტებენ. ითქვა, რომ ყველა გაიგებს, როდესაც საგამოძიებო უწყება მათ დაიბარებს. ამ ეტაპამდე გაკეთებული განცხადებები და კომენტარები მხოლოდ ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა.

*განახლება: 11 ივნისს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" პარლამენტარებმა კიდევ 3 ადამიანს უჩივლეს სასამართლოში.
მარიამ ლაშხმა ტელეწამყვანებს - ნანუკა ჟორჟოლიანსა და ვიკა ბუკიას - სიტყვა „მონას“ დაძახებისთვის; ხოლო
ნინო წილოსანმა უჩივლა სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს, რომელმაც მას "არაქალი" უწოდა. საჩივრები ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტებს მოჰყვა.

** განახლება: თანდათან გაირკვა, რომ სასამართლოში მსგავსი მიზეზით დაიბარეს კიდევ არაერთი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ აქტივისტი: ვახო სანაია - ჟურნალისტი; დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი; ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი; მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი; თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი; ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი; ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი; ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი; ბაია პატარაია - აქტივისტი; დავით ქაცარავა - აქტივისტი; გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი; ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი; ირაკლი გვალია - აქტივისტი; მარიამ გეგუჩაძე -აქტივისტი; გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი; გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.

“ზიზღისა და ტერორის კამპანიის” ორგანიზატორებად კირცხალია “რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებად ექსტრემისტულ ჯგუფებს” ასახელებს. მან ახსენა ასევე “ტერორის უკიდურესი ფორმები” და ექსტრემიზმი.

ტერმინ “ექსტრემიზმს” - ამავე კონტექსტში იყენებს სადავო პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილიც, 30 მაისს, ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ საყვედურებით სავსე მორიგ წერილში. საქართველოში ზიზღისა და ძალადობის დაფინანსებას ის ევროკავშირს აბრალებს და ბოლო პერიოდში უფრო ხშირად იმეორებს ამას.

  • “ექსტრემიზმის” ერთ-ერთ გამოვლინებად პაპუაშვილი თვლის, “ქართული ოცნების” პარლამენტისა თუ მთავრობის შესაფასებლად, სიტყვების - „არალეგიტიმური“ და„თვითგამოცხადებულის“ გამოყენებას.
  • მის წერილში ნახსენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და “ოცნების” დეპუტატების - მარიამ ლაშხისა და ირაკლი ზარქუას საჯარო შერცხვენა, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო.


“საქართველოში, სადაც დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის წმინდათა წმინდა. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დედას რომ შეაგინებს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა? და აქვს ამას მნიშვნელობა, თვალებში ჩახედავს და ისე შეაგინებს, თუ საჯაროდ, მაგალითად, ტელევიზიით გამოვა და იქ აიმყრალებს პირს… ან ადგება და პოსტს დაწერს თუნდაც და საჯაროდ, ყველას დასანახად, ყველას გასაგონად, ისე, რომ ამ ადამიანთან მისვლის შესაძლებლობა და მისვლის სურვილი არ აქვს, ასე აგინებს?”, - ამბობს “ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი არჩილ გორდულაძე.

“წყევლაც იკრძალება”? - სარკაზმით იკითხა ბევრმა ამ დღეებში. “ოცნებიდან” პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პასუხობს, რომ - “წყევლას გააჩნია” და წყევლაც “ფსიქოლოგიური ტერორია”, ორგანიზებული კამპანიის ნაწილი.

  • “ნუ მისცემთ ვინმეს საბაბს რომ გაგლანძღოთ, და არავინ გაგლანძღავთ, თორემ მაშინ აიტანეთ როცა ღირსები ხართ ლანძღვა-გინების”;
  • “სულ ჯარიმებზე რომ საუბრობთ, ერთხელ მაინც რატომ არ გიჩნდებათ სურვილი, რომ ხალხზე, გაჭირვებულ ხალხზე იფიქროთ”;
  • “არასწორი გზა აირჩიეს: ასეთი აკრძალვები აგროვებს ბრაზს და მერე ეს ბრაზი მთელი სიძლიერით დაატყდება თავს ხელისუფლებას”;
  • “აკეთეთ ეროვნული საქმე, მიხედეთ ქვეყანას და არავინ გაგინებთ”;
  • “აწი ყოველ დილას გონებაში გაგინებთ” - წერენ ახალი აკრძალვებით უკმაყოფილო მოქალაქეები. მათთვის გაუგებარია როგორ უნდა შეიკავონ თავი იმ ჩინოვნიკების ლანძღვა-გინებისგან, რომლებიც მათ აბრაზებენ.


პროტესტის მონაწილეები სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ პატიმრობა ურჩევნიათ "შესაბამისი რეაქციების გამოხატვისგან თავის შეკავებას" და რომ მათ ვერაფრით გააჩუმებენ. ზოგიერთმა მათგანმა - "ოცნების" ამ ბოლო მუქარას საგანგებო პოსტები მიუძღვნა. ზოგმა ვიდეო ჩაწერა და გინებას ხმოვანი სიგნალი დაადო.

როგორ შეფასდა ჩინოვნიკების სიტყვიერი შერცხვენისთვის დაწესებული ჯარიმები?

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გააკრიტიკა "ოცნების" პარლამენტში დეკემბერ-თებერვალში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. მათი დიდი ნაწილი დაჩქარებული წესით დაამტკიცეს.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის თუ სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შემოღებული ახალი ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] აღნიშნავს, რომ ჩანაწერი - "სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება” ახსნას საჭიროებს, რადგან, სხვაგვარად, სამართალდარღვევას ეძლევა “ზედმეტად ფართო და სუბიექტური” ხასიათი და შესაძლებელს ხდის მის “თვითნებურ გამოყენებასა და ინტერპრეტირებას”.

ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სტანდარტებზე, გამოყოფს თმენის ვალდებულების საკითხს:

  • საჯარო ფიგურა უნდა იყოს კრიტიკის მიმართ უფრო მომთმენი, ხოლო დაშვებული კრიტიკის საზღვრები უფრო ფართოა პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების შემთხვევაში;
  • თმენის განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსა და პოლიციელებს, როცა მათ მიმართ გამოთქმული არ არღვევს კანონს და არ ახდენს ფიზიკური ძალადობის გარდაუვალ პროვოცირებას;
  • მხოლოდ ის, რომ ესა თუ ის გამონათქვამი შეურაცხმყოფელია საჯარო ფიგურისთვის, არასაკმარისია შეზღუდვებისა და სასჯელის დასაწესებლად.


ეუთო/ოდირის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი უნდა იყოს „მკაფიო, არაორაზროვანი, პროგნოზირებადი“; კანონის ფორმულირებამ უნდა შეიქმნას ცხადი წარმოდგენა - როგორ მოხდება მისი ინტერპრეტირება და პრაქტიკაში გამოყენება.

უთო/ოდირის მოსაზრებები 14 მარტს გამოქვეყნდა. მას შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სხვადასხვა მიზეზით, კიდევ 7-ჯერ შეიცვალა; თუმცა „ოცნების“ პარლამენტს რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია. საერთაშორისო პარტნიორებთან დაძაბულ ურთიერთობებში რეკომენდაციებს „ქართული ოცნება“ ძირითადად იგნორირებას უკეთებს - ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და სუვერენიტეტის ხელყოფად მიიჩნევს.


  • შეურაცხყოფისა თუ ცილისწამების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ნორმები დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაშიც მოქმედებს და რიგ შემთხვევებში, საპატიმრო სასჯელსაც ითვალისწინებს. ზოგიერთი ასეთი ნორმის განმარტება სხვადასხვა დროს გამხდარა დისკუსიისა თუ სამართლებრივი დავის საგანიც. მაგრამ იქ დიდი ყურადღება ექცევა გამოხატვის თავისუფლების დაცვას. უფლებადამცველები ხაზს უსვამენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში - მოქალაქეებს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის იმედი აქვთ.
  • სახელმწიფო სიმბოლიკის, დროშის, ჰიმნის, მეფისა თუ პრეზიდენტის შეურაცხყოფა დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში პატიმრობას ითვალისწინებს. მაგალითად, გერმანიაში 3 თვიდან 5-წლამდე პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს პრეზიდენტის შეურაცხყოფა, თუმცა საქმის აღძვრისთვის თავად პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო. ასევე კოდექსი იცავს პოლიტიკაში ჩართულებსაც.
  • ხალხის გაჩუმებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ბუნდოვანი კანონების პრაქტიკა უფლებადამცველებს არადემოკრატიულ, ავტორიტარულ ქვეყნებში ეგულებათ - როცა მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სოციალურ ქსელებში და ზოგან სოციალურ ქსელებზე წვდომაც იკრძალება.


ჩინოვნიკების შეურაცხყოფასა და შერცხვენასა და კრიტიკას, როგორც წესი, განსაკუთრებით მძიმედ სჯიან რუსეთში.


2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლმა მკაცრი ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რასაც მედიამ უწოდა „კანონი ფეიკების შესახებ“ [«Закон о фейках»]. 15-წლამდე პატიმრობა დაწესდა რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. ამ მუხლით დაისაჯა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის - ჟურნალისტები და ოპოზიციონერები.

მანამდე, 2019 წლის მარტში, სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების, სიმბოლოებისა და საზოგადოების შეურაცხყოფის აკრძალვა ინტერნეტში. დაწესდა ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა. პროვაიდერებს მიუღებელი მასალების წაშლა დაავალეს.

ამ დროს უკვე მოქმედებდა და დღემდე მოქმედებს ჩინოვნიკების საჯარო შეურაცხყოფის წინააღმდეგ მიმართული ნორმა - მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელად განსაზღვრულია ჯარიმა, სავალდებულო სამუშაო [360 საათი] ანდა გამასწორებელი სამუშაო [ერთ წლამდე ვადით].

ვიდრე ვირტუალური სივრცის კონტროლი გამოცხადდებოდა

კოდექსის 173​16-ე მუხლი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა უკვე ვირტუალურ სივრცეშიც ავრცელებს, რეალურ სივრცეში უკვე გამოიყენეს სწორედ იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც სიტყვებით დაესხნენ თავს “ოცნების” დეპუტატებს. რამდენიმე დააპატიმრეს კიდეც.

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არა რუსულ რეჟიმს! ძირს რუსეთის მონები! არა რუსეთის მონებს!” - “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ახალგაზრდებს ამ სიტყვების გამო უჩივლა. ის ყოველ ჯერზე ხაზგასმით ამბობს, რომ ამ სიტყვიერი თავდასხმის გამო დაზარალდა მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისი ლანძღვის სცენას შეესწრო.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისთვის ადმინისტრაციული წესით მოქალაქეები მანამდეც დასჯილან.

“ტიკ-ტოკზე” გამოქვეყნებული ერთი ასეთი პოსტის ავტორის საქმე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგშიც გაგზავნა და ამჟამად სახელმწიფოსთან კომუნიკაციის ეტაპზეა. მანამდე ამ მიზნისთვის ძირითადად კოდექსის 166-ე მუხლი [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე მუხლის პირველი ნაწილი [პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] გამოიყენებოდა.

166-ე მუხლი კრძალავს “საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას” - რაც “არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს". ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში - ჯარიმა 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

მანამდე ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა - 15 დღე იყო. კოდექსში ვადის 60 დღემდე გაზრდა “ქართული ოცნების” მიერ პროტესტთან დაკავშირებული დაჩქარებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია, დამტკიცებული ასევე 6 თებერვალს.

“ჯერ შეცვალეს კანონი, ახლა ვხედავთ მცდელობას, რომ დაიწყონ ადამიანების დევნა სოციალურ ქსელებში. ეს აჩენს ძალიან დიდ საფრთხეს, რომ, როცა მოუნდებათ, ნებისმიერ ადამიანზე გაავრცელონ ეს პრაქტიკა. ეს არის მსუსხავი ეფექტი, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ… ანუ როცა ვიღაც დაჯარიმდება ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, სხვას ნაკლები სურვილი გაუჩნდეს - გამოხატოს თავისი აზრი.

ბუნდოვანია კრიტერიუმები - რა შეიძლება იყოს აკრძალული და რა არა. გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ არა მე, მოქალაქეს მაქვს ვალდებულება - თავი შევიზღუდო, არამედ მე, მოქალაქეს, მაქვს უფლება, რომ კრიტიკა გამოვხატო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, იოსებ ედიშერაშვილი და კოდექსის ახალი ჩანაწერების საფუძველზე იმ "პრაქტიკის განმტკიცებას" მოელის, რომელიც მანამდე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლთან მიმართებით გამოიკვეთა - ის “თმენის ვალდებულების მქონე პოლიტიკურ ფიგურებს გაცილებით მეტად იცავდა”.

იურისტის განმარტებით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად აუცილებელი პირობებია - მყისიერი საფრთხე სხვა ადამიანისთვის, მუქარა ანდა ძალადობა.

ცალკე მედიას უჩივიან

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 173-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 173​16 -ე მუხლის დამატებას საია მედიის წინააღმდეგ ამოქმედებული სხვა არაერთი საკანონმდებლო ცვლილების ნაწილად განიხილავს - როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას; მათ შორის არის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ["ქართული FARA"] და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება - ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საიას საჩივარში „ფარას“ წინააღმდეგ. სტრასბურგმა ეს საჩივარი წარმოებაში მიიღო, ჩამოთვლილ ყველა მუხლთან მიმართებით.

ტერმინებისთვის - „რეჟიმი“, “ოლიგარქის რეჟიმი”, "ოლიგარქის დეპუტატი", „რეჟიმის პატიმრები“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი" - „ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და„ტვ პირველს“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა.

ჩივილი შესაძლებელი გახდა მათ შორის - 54-ე მუხლით ["სამართლიანობა და მიუკერძოებლობა"], რომელიც შეცვლილ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, სხვა ცვლილებებთან ერთად, 1 აპრილს დაამტკიცეს.

54-ე მუხლის შეცვლილ ვარიანტში დაწესდა მოთხოვნები, მათ შორის - ახალი ამბების პროგრამისთვის: ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა; ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა; დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

[54-ე მუხლი] თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო, გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას”, - განმარტავს საია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ამავე პარტიის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 5 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყოველივე ეს “საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებისთვის” კეთდება და რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ცენზურა.

კობახიძის განმარტებით, მაუწყებლობის კანონში ამოქმედებული ახალი ნორმები ოპონენტებსაც აძლევთ უფლებას - რომ მიმართონ კომუნიკაციების კომისიას საჩივრით და მათაც ჩამოწერონ მიუღებელი ტერმინები. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად თავადვე დაასახელა ტერმინი - “რადიკალური ოპოზიცია” - რომელსაც მმართველი პარტიისა თუ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იყენებენ:

„მნიშვნელობა არა აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები - საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი... საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება მაგალითად ისეთი ტერმინები, როგორიც არის რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით, ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მაუწყებელთა კონტროლი და დასჯა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშია. კანონის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია დამოუკიდებელი უწყებაა, მაგრამ მის მიმართ ნდობა დაბალია. 2017 წლიდან, კომისიას ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია - „მეცხრე არხის“ ყოფილი დირექტორი კახა ბექაური ხელმძღვანელობს.

“თვითონ ხომ კარგად გვლანძღავენ”

ნეოფაშისტები, ლიბერალი ფაშისტები, რადიკალები, უსამშობლო აგენტები, ქვეყნის მტრები, მოსყიდულები, მანქურთები, ქათმები, სატანისტები, ნაძირალები - ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრთა თუ მათ მოკავშირეთა სიტყვები, მიმართული ოპონენტების, პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ.

გაახსენდათ “ქართული ოცნების” დეპუტატების გინებაც, ყველაზე მეტად - დიმიტრი სამხარაძის.

ბევრჯერ გავრცელდა სამხარაძის გინების კადრები, როცა ის ოპონენტებსა თუ პროტესტის მონაწილეებს უშვერი სიტყვებით მიმართავს ანდა მაგინებლებს უჭერს მხარს. საკუთარ ფეისბუკგვერდზე სამხარაძემ თავადაც დადო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დადიან ქუჩაში ნიღბიანი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პარტიების ოფისების კედლებზე უხამსობებს წერენ და იგინებიან. ვიდეოს ახლავს დიმიტრი სამხარაძის მუქარაც.

ხალხს ახსოვს თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვები “მთაწმინდიდან გამოქანების” შესახებ და “ქართული ოცნების” მიერ შერჩეული, მათივე დომინაციით, კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის - ე.წ. დაგინება თუ ბექა ოდიშარიას ბილწი გამონათქვამები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით - პირდაპირ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

იგინებიან სამართალდამცველებიც. მათ მიერ სასტიკად ნაცემი და დაკავებული ადამიანები ჰყვებიან - თუ როგორ აგინებდნენ დაკავებისას, ტრანსპორტშიც და უკვე პოლიციაში მიყვანის შემდეგაც. ძალოვნები იგინებოდნენ ხმის გამაძლიერებლებშიც.

მოძალადეთაგან არავინ დასჯილა - არა თუ გინებისთვის, არამედ პროტესტის მონაწილეების, პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების სასტიკი ცემის გამო.

“ოცნების” წარმომადგენლებს არც სატელეფონო მუქარისა და გინების მასობრივი კამპანია დაუგმიათ, 2024 წლის გაზაფხულზე, “აგენტების კანონის” დამტკიცების მეორე მცდელობისას. ისმოდა განმარტებები, რომ ზიზღი შობს ზიზღს.

იურისტები განმარტავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​16 -ე მუხლით თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეების დაცვა გაძლიერდა; მაგრამ კანონში არაფერი ჩაუმატებიათ პოლიტიკური ძალაუფლების არმქონე მოქალაქის დასაცავად.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი, იურისტი კარლო შერაზადიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალმა ნორმებმა ადამიანების დასჯა კიდევ უფრო გააიოლა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ცილისწამების მუხლით მიმდინარე დავებზე:

“ამ ცვლილებებამდე არსებობდა ცილისწამების მუხლიც [კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“], მაგრამ განხილვები თვეობით მიმდინარეობდა და ბოლოს, მაქსიმუმ მხოლოდ ნათქვამის უარყოფა და ზიანის ანაზღაურება შეიძლებოდა ყოფილიყო შედეგი. ახლა კი, ამ ახალი ცვლილებებით, პატიმრობის გამოყენებაც შეიძლება, თანაც სწრაფად - იქვე, სასამართლოს დარბაზში დააკავებენ ადამიანს და შენ უკვე ხდები რეპრესიის მსხვერპლი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG