მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია.
2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; "ოცნების" ხელისუფლება დაპირისპირებულია ბრიუსელისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების უმეტესობასთან; ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე აღარ ზრუნავს.
საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ რეფორმებზე, როგორც თავსმოხვეულ ვალდებულებებზე, უარის თქმა "ოცნებამ" 2021 წლის ივლისიდან დაიწყო, როდესაც ევროკავშირის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტს - „შარლ მიშელის შეთანხმებას" - გამოეთიშა.
როგორ გადაიდგა წინგადადგმული ნაბიჯები უკან?
რადიო თავისუფლებამ შეუსრულებელი რეკომენდაციებისა თუ შესრულებული პირობების გაუქმების მაგალითებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, უფლებადამცველებთან და იურისტებთან კონსულტაციით მოუყარა თავი.
მეტი გამჭვირვალობა, თუ ნაკლები ჰაერი საარსებოდ? კანონები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს და მედიას ეხება
თავისუფალი მედიის პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის ფორმირების პროცესში ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი ნუსხიდან 9-პუნქტიანშიც მოხვდა.
ევროკომისიის ბოლო, რეკომენდაციების 9-პუნქტიან სიაში 12-პუნქტიანიდან არაერთი შეუსრულებელი რეკომენდაციაა გადატანილი. 12 ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე უნდა გადაედგა. კანდიდატის სტატუსი საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ წელიწად-ნახევარში, 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
2023 წლიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არაერთი კანონი მიიღო ან შეასწორა ისე, რომ, ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, მედიისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობა შეზღუდა.
ამ ნაბიჯებს "ოცნება" "მეტი გამჭვირვალობისა" და "უცხო ძალის გავლენების" აღმოფხვრის მიზნებით ხსნის. ეს კანონები ბარიერებს ძირითადად ქვეყნის დასავლელი "სტრატეგიული პარტნიორების" დახმარების მიღებას უქმნის.
არასამთავრობო და მედია ლიდერები შიშობენ, რომ მათი ორგანიზაციები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგებიან.
ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ კანონში”
- მაუწყებლებისთვის [ტელევიზია, რადიო - მედიაორგანიზაცია სამაუწყებლო ლიცენზიით] იკრძალება უცხოური დაფინანსება;
- ასევე წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.
განმარტებით ბარათში ავტორებს უწერიათ, რომ მაუწყებლის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა „უზრუნველყოფს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირებას”.
"ქართული FARA"
“ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებების შინაარსის გათვალისწინებით, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ეს კანონი, ქართულ რეალობაში, საწინააღმდეგო აზრის ჩასახშობად იქნება გამოყენებული. ვარაუდობენ, რომ ბევრი ორგანიზაცია საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ["ქართული FARA"], ამერიკული კანონისგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) FARA-ს მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით ცდილობს. საიასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია "მონიტორი" და "საქართველოს ამბები". სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შეიტანეს.
მთავრობის ნებართვა გრანტების გასაცემად
„გრანტების შესახებ კანონით“ მთავრობა გააკონტროლებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამიზნულ ყველა უცხოურ გრანტს და გარე დაფინანსების გზებს გადაუჭრის „არასასურველ ორგანიზაციებს”.
საკუთარ თავს სამიზნედ აღიქვამენ ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, არჩევნების, კორუფციისა თუ სასამართლო სისტემის საკითხებზე მუშაობისას ხშირად და საჯაროდ აკრიტიკებენ ხელისუფლებას.
გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდებათ, სამოქალაქო სექტორი შიშობს, რომ გრანტების გაცემისას კორუფციის რისკებიც გაჩნდება.
სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სავალდებულო აღარ არის
აპრილში დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტით, „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ვალდებულება კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის - ცესკოს წევრების, საპროკურორო საბჭოს წევრებისა თუ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების შერჩევის პროცესში.
ამ მიზნის მიღწევას დასჭირდა ცვლილებები როგორც „პარლამენტის რეგლამენტში”, ასევე მის თანმდევ 10-ზე მეტ კანონში.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე აქტიურ ნაწილს "ძირგამომთხრელ“ საქმიანობასა თუ უცხო ქვეყნების ინტერესების მსახურებაში ადანაშაულებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ანტიკორუფციული ბიურო
ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ევროკომისიის ბოლო დათქმებს შორისაც მოხვდა, რადგან, 12-პუნქტიანი სიის შეფასებისას, ეს საკითხი მხოლოდ “ნაწილობრივ” შესრულებულად ჩაითვალა.
ახლა „ქართული ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს - ფუნქციები პროკურატურას გადაეცემა. “პროკურატურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 მაისს დაუჭირა მხარი.
იურისტები განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო 2019 წლამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის თანახმად, ქართულმა მხარემ არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო.
2019 წლის 1 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური შეიქმნა. შემდეგ ეს სამსახური, დიდი ხმაურის ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” ორად გაყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტს ამოქმედდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება. მათ შორის არის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაც. ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ არის გამოვლენილი და დასჯილი - დემონსტრანტებისა თუ მედიის წარმომადგენლების ცემისა და ძალადობის გამო, რაც საერთაშორისო სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა. სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოუძიებლობის მიზეზით.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით: “სამართლებრივი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა უფრო მეტად ამაღლდეს გამოძიების ხარისხი დანაშაულთა სამომავლო პრევენციისთვის” და რომ გამოძიების განხორციელება მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა; ხოლო “საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ქმნის მყარ საფუძველს მის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით”.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაქსიმალურად უნდა გათავისუფლებულიყო პროკურატურის გავლენებისგან.
უფლებადამცველები ხშირად მიუთითებენ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა დაბალია - კონკრეტული საქმეები ხშირად ხდება კრიტიკისა და დავის საგანი.
ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ვალდებულებები
ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანი მუშაობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროკომისიის უცვლელი რეკომენდაციაა.
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკავშირდებოდა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ხარისხს, რადგან მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
უფლებადამცველები და იურისტები ხშირად აკრიტიკებენ ანტიკორუფციულ სამსახურს - კორუფციის შესაძლო ფაქტების იგნორირების გამო. უკვე თვეებია, აღარ ქვეყნდება საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარაციები - “ტექნიკური ხარვეზის” გამო.
“გრანტების შესახებ" კანონი
16 აპრილს დამტკიცებული “გრანტების შესახებ” კანონის აღსრულება და კერძოდ, უნებართვო უცხოური გრანტების გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.
მონიტორინგისას ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისა თუ “სხვა სუბიექტისგან” გამოითხოვოს “საჭირო ინფორმაცია” - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის ჩათვლით.
კანონს მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირი.
"აგენტების კანონი" N2
ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა, აღასრულოს “უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალი კანონი („უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“), რომელსაც “ქართული ოცნება” ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგს უწოდებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR-ი) შემაშფოთებელს უწოდებს "აგენტების ახალ კანონს" და მიუთითებს, რომ აშშ-ის "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ქართული ვერსიისგან განსხვავებით, სამართლებრივი გარანტიების მეშვეობით გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას "მხოლოდ იმის გამო, რომ უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას".
გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება
„გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია” ის იშვიათი გამონაკლისი იყო ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი სიიდან, რომელიც სრულად შესრულებულად ჩაითვალა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, 2023 წელს.
2025 წელს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო გადაწყვეტილებების გამო, სურათი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
2 აპრილს სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“:
- გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, 2010 წლიდან პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანო გახდა და ეს ნაბიჯი, წლების განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ქებას იმსახურებდა;
- გაუქმდა ვალდებულება მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის შესახებ;
- სიტყვა “გენდერი” ამოიღეს 20-მდე კანონიდან.
ძირითადი კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. ტერმინი „გენდერული ნიშნით“ შეიცვალა ჩანაწერით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის გამო“.
საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: “საქართველოს კანონმდებლობაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა” და რომ „აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა”.
სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლით, „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობის მოტივი“ დამამძიმებელი გარემოება იყო. ავტორები განმარტავენ, რომ ტერმინის ცვლილება დამამძიმებელი გარემოების ტვირთს არ ამსუბუქებს. თუმცა იურისტებi საყურადღებოდ მიიჩნევენ განმარტებითი ბარათის ჩანაწერს:
“თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს იმის შეფასება თუ რამდენადაა გამოყენებული დამამძიმებელი გარემოება („გენდერის ნიშნით“) შინაარსობრივად თანხვედრაში საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილ ახალ ნორმატიულ წესრიგთან”.
ამ ჩანაწერით, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ძველი განაჩენები გადაიხედოს.
უფლებადამცველები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ცვლილებები „სტამბოლის კონვენციასთან“ შეუსაბამოა, რადგან ამ დოკუმენტით, სწორედ „გენდერული უთანასწორობა კვებავს ძალადობას“ და საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ერთი შეხედვით მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებები, შინაარსობრივ დატვირთვასაც იძენს.
გაუქმდა ქალთა კვოტირების მექანიზმი
2024 წლის აპრილში, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა კვოტების მექანიზმი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში მეტი ქალის ჩართულობისთვის იყო მიღებული.
გაუქმების ინიციატივა მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტია „გირჩს“ ეკუთვნოდა. „ქართულმა ოცნებამ“ მას სრულად დაუჭირა მხარი.
ეს ცვლილება 80-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა. მათ განცხადებაში აღნიშნულია რომ ცვლილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ევროინტეგრაციის ვალდებულებებს.
ადამიანის უფლებები, მოწყვლადი ჯგუფები
ევროკომისიის 9-პუნქტიანი რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის; მოწყვლადი ჯგუფების, LGBT თემის, მედიისა თუ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიების მიმართულებებით.
ადამიანის უფლებების დარღვევა დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მთავარი სამიზნე და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და "ოცნების" მოკავშირეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
შეზღუდვები
დაჩქარებული წესით დამტკიცდა პროტესტის მონაწილეთა შემზღუდველი კანონები. გამკაცრდა როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი. უფლებადამცველებმა ცვლილებებს რეპრესიული უწოდეს.
- დასჯადი გახდა პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, გაყიდვა, ყიდვა, გამოყენება აქციების დროს - ჯარიმების ოდენობა 1000-დან 15000 ლარამდე მერყეობს; შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობაც;
- მიტინგის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვა - ჯარიმა 2000 ლარი;
- 2000 ლარით ჯარიმდება ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება;
- გზის ნაწილობრივი ან სრულად გადაკეტვისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმა დააწესეს; ამ ქმედების “ორგანიზატორისთვის” - 15 000-ლარიანი; ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებაც შესაძლებელია;
- 20-ჯერ გაიზრდა ჯარიმები ფასადებზე წარწერების გაკეთებისა თუ პლაკატების გაკვრისთვის - 50 ლარიდან 1000 ლარამდე; ხოლო ზედა ზღვარი - 2000-დან 3500 ლარამდე;
- ჯარიმა დაწესდა არასრულწლოვანთა მშობლებისთვისაც - თუკი მათი შვილი 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დამრღვევად ჩაითვალა, ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა;
- ადამიანი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით წინასწარ დააკავონ, იმის მიუხედავად, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 31 იანვარს დამტკიცებული დადგენილებით, ეს გზები „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების” ნუსხას დაემატა.
- სასჯელად განისაზღვრა ორ წლამდე ვადით პატიმრობა;
- ჯგუფური ქმედებისთვის - ორიდან ოთხ წლამდე.
თებერვალში, ისევ დაჩქარებული წესით, ცვლილებების ახალი წყება დაამტკიცეს:
- წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 3000-ლარამდე გაიზარდა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა - 20 დღემდე;
- პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმის ზედა ზღვარი 5000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო პატიმრობის ვადა 60 დღემდე;
- მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები სამართალდამცველის, პოლიტიკური თანამდებობის პირის თუ საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინებისა და შეურაცხმყოფელი გადაკიდებისთვის, როდესაც ქმედება მათ საქმიანობას უკავშირდება.
შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის მინიმალური ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო პატიმრობა 15 დღიდან 60 დღემდე.
- აქციების მოწყობა აიკრძალა შენობაში, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე;
- ასევე აიკრძალა შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
[ჩამონათვალი არასრულია]
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს”, - ასეთია საკანონმდებლო ცვლილებათა ავტორების გაცხადებული მოტივაცია.
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შეფასებით კი, ნაჩქარევად, შესაბამისი განხილვების გარეშე მიღებული კანონები "ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას” და განსაკუთრებით - “მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკური კონტექსტის" გათვალისწინებით.
"ცვლილებებით, ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს”; "ასეთ ზომებს მსუსხავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე”, - აცხადებს ვენეციის კომისია.
დამტკიცდა "ოჯახური ღირებულებების დაცვის" კანონი
2024 წლის სექტემბერში დამტკიცებული ეს კანონი საერთაშორისო პარტნიორებმა უარყოფითად შეაფასეს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი აცხადებს, რომ ეს კანონი ქმნის "ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს" და "შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან".
- მაიკლ ო'ფლაერტი მიიჩნევს, რომ კანონი ქმნის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სტიგმატიზაციის საფრთხეებს;
- ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს "აგენტების" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონები.
მაისში გასაჯაროვდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს პირველი ანგარიში „ახალი დემოკრატიული პაქტისკენ ევროპისთვის“, რომელშიც ის საქართველოში პროტესტის ამკრძალავ კანონებს, დემონსტრანტებზე ძალადობას, ნიღბიანების დაუსჯელობას თუ უმცირესობების უფლებების დარღვევებს აკრიტიკებს.
ალან ბერსემ ანგარიში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე 14 მაისს წარადგინა.
ამ ანგარიშში ნახსენებია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტიც, როდესაც მან “მოუწოდა [საქართველოს] ხელისუფლებას, თავი შეეკავებინა ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი ეცა ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, კერძოდ - გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”.
საარჩევნო კანონმდებლობა
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შეფასებისას, ევროკომისიამ „ნაწილობრივი პროგრესი“ დაადგინა N2 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გაძლიერებას შეეხებოდა.
ამ საკითხმა ახალ, 9-პუნქტიან ნუსხაშიც გადაინაცვლა.
თუმცა მას შემდეგ, საერთაშორისო შეფასებებით, ვითარება გაუარესდა.
- “საარჩევნო კოდექსში” [2024 წლის 20 თებერვალს] დამტკიცებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეს აღარ ეყოლება მოადგილე, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს;
- "ქართულ ოცნებას" კვლავ შეუნარჩუნდა ბერკეტი, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრები 5-წლიანი, სრული ვადით, 76 ხმით აირჩიოს.
2024 წლის 30 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” [“გირჩის” დახმარებით] გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ სრული ვადით აირჩია [85 ხმით, 16-ის წინააღმდეგ]. კანონმდებლობაში გაუქმებულია მაღალი კვორუმის გარეშე მხოლოდ 6-თვით არჩევის მექანიზმი.
“შარლ მიშელის შეთანხმების” [2021 წლის 19 აპრილი] ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად მაღალი კვორუმი იყო საჭირო და სრული ვადით არჩევა მხოლოდ 100 ხმით იყო შესაძლებელი, ხოლო 76 დეპუტატის მხარდაჭერა კანდიდატების მხოლოდ 6 თვით ასარჩევად იყო საკმარისი. კანონმდებლობა “ქართულმა ოცნებამ” თანდათან გაამარტივა, საარჩევნო კანონმდებლობაში მრავალგზის ინიციირებული ცვლილებებით. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების შერჩევა და წარდგენა კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივად რჩება.
- 2024 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო და ძალაში შევიდა ცვლილებები ცესკოს რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, თუკი ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილება 2/3-იანი კვორუმით ვერ იქნება მიღებული, იმავე სხდომაზე საკითხი შესაძლებელია ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით დამტკიცდეს.
- “მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები“, - აცხადებდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საარჩევნო კანონმდებლობაში დამტკიცებულ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისს უწოდებდა.
აპრილში მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოხატავდა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო გარემოს გაუარესების გამო - “რამაც, ვენეციის კომისიის აზრით, შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება, ხელი არ შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას და ძირი გამოუთხაროს თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს”.
საგულისხმო კონტექსტი
მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა დაიწყო, მნიშვნელოვნად გაუარესდა თბილისის ურთიერთობები ბრიუსელთან.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას ებრძვის „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი წლით [2028 წლამდე] აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
28 ნოემბრიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა დღემდე გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს თბილისში.
ფორუმი