Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აქაც მისწვდნენ“ - ჩეჩენი ქალის სიკვდილი ერევანში


აიშატ ბაიმურადოვა
აიშატ ბაიმურადოვა

მოკლედ

  • 23 წლის აიშატ ბაიმურადოვა ერევანში იპოვეს გარდაცვლილი; ის ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გაექცა და სომხეთში ახალ ცხოვრებას იწყებდა.
  • ბაიმურადოვა ღიად აკრიტიკებდა ჩეჩნეთის პატრიარქალურ სისტემას და მუქარებს იღებდა; უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ის მოკლულია.
  • მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ყალბი სოციალური მედიის ანგარიში და ხაფანგი სახელდება, რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის აიშატ ბაიმურადოვა, ჩეჩნეთის მკვიდრი, ერევანში გარდაცვლილი იპოვეს. მნაცნობების თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკა დატოვა, რადგან „არ სურდა იმ საზოგადოების კანონებითა და წესებით ცხოვრება“, რომელშიც დაიბადა „და ცდილობდა ახალი ცხოვრების დაწყებას“ სომხეთში.

ბაიმურადოვამ ადამიანის უფლებათა დამცველებს პირველად 2024 წლის 12 იანვარს მიმართა დახმარებისთვის. თქვა, რომ ბავშვობიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო: სცემდნენ, არღვევდნენ მის უფლებებს. აიშატი უდედოდ გაიზარდა - მისი დაბადებიდან მესამე დღეს მამამისმა ცოლი სახლიდან გააგდო და გოგონა სახლში დაიტოვა. აიშატმა დედა მხოლოდ ახლახანს იპოვა.

აიშატ ბაიმურადოვას ფოტო რომელზეც ჩანს ძალადობის კვალი
აიშატ ბაიმურადოვას ფოტო რომელზეც ჩანს ძალადობის კვალი

20 წლის ასაკში აიშატის მამამ ის დააქორწინა 29 წლის მამაკაცზე, რომელიც ქორწილამდე მხოლოდ სამჯერ ენახა. მისი აზრი არც უკითხავთ - ქორწინება მამამ გადაწყვიტა, როგორც ეს ხშირად ხდება რეგიონის პატრიარქალურ ოჯახებში. ბაიმურადოვა მალევე განქორწინდა და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

უფლებადამცველებმა აიშატი 2025 წლის 22 იანვარს ერევანში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

როგორც სვეტლანა ანოხინამ, ადამიანის უფლებათა დამცველმა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრის, „მარემის“ დამფუძნებელმა, რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ.რეალიისთან“ ინტერვიუში განმარტა, ევაკუაციის შემდეგ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ორი თვის განმავლობაში, ან გამონაკლის შემთხვევებში სამი თვის განმავლობაში იღებენ დახმარებას. ამ პერიოდში ორგანიზაცია ფარავს საკვებს, საცხოვრებელს და სხვა აუცილებელ ხარჯებს.

„ამ დროის განმავლობაში, ადამიანი უნდა დამშვიდდეს; საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და ჩვენი კონტაქტების მეშვეობით ვეხმარებით სამსახურის პოვნაში“ - განმარტა ანოხინამ.

ადაპტაციის კურსის დასრულების შემდეგ, ბაიმურადოვამ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. მან დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და თავს თვითონ ირჩენდა. სურდა ადამიანის უფლებათა დამცველი გამხდარიყო და ქალებს დახმარებოდა.

სურდა ადამიანის უფლებათა დამცველი გამხდარიყო და ქალებს დახმარებოდა

ანოხინას თქმით, აიშატის დოსიეში, გრაფაში „რისკ-ფაქტორები“ ეწერა შემდეგი: „ნათესავები მთავრობაში; ნათესავები სამართალდამცავ ორგანოებში; იარაღი ოჯახის წევრების ხელში“. გოგონას მამა ადრე უსაფრთხოების ძალებში მსახურობდა. ადამიანის უფლებათა დამცველებთან საუბრისას, ბაიმურადოვას უთქვამს, რომ მისი ბებია ახმად კადიროვის, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის და რამზან კადიროვის მამის, ბიძაშვილი იყო.

გაქცევის შემდეგ აიშატმა დაიწყო სოციალური მედიის მეშვეობით საკუთარი ცხოვრების გაზიარება. „მას სურდა ეჩვენებინა, რომ ჩეჩენი იყო, რომ, აი ასეთი ოჯახიდან იყო და რომ არ ეშინოდა - გამოაღწია“.

ანოხინა ამბობს, რომ აიშატი არაერთხელ გააფრთხილა. „ვეუბნებოდით, „აიშატ, გაჩერდი, ეს საშიშია!“ მაგრამ ის პასუხობდა, რომ უკვე თავისუფალი ადამიანი იყო.

ანოხინას თქმით, აიშატი მამამისს მიმართავდა გამოაშკარავების მუქარით და ღიად აკრიტიკებდა ჩეჩნეთში პატრიარქალურ სისტემას, ადგილობრივ მამაკაცებს და ისლამს. იცოდა, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე იყო. სოციალური მედიით მუქარებს იღებდა.

15 ოქტომბერს ბაიმურადოვას მეგობრებმა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ აცნობეს; ის 31 წლის ქალთან, კარინა იმინოვასთან შესახვედრად წავიდა და შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ, აიშატის ცხედარი ერევნის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.

უცნობია, კავშირშია თუ არა იმანოვა აიშატის სიკვდილთან.

„დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარემოებები იკითხება და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება“, - განაცხადა პოლიციამ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ „დიდი ალბათობით“ საქმე მართლაც მკვლელობასთან გვაქვს.

ანოხინას თქმით, აიშატმა იმინოვა აგვისტოში ან სექტემბრის დასაწყისში გაიცნო “ინსტაგრამის“ მეშვეობით. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ - აიშატმა კარინა მეგობრებსაც გააცნო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალურად არავინ იცოდა, თუ ვინ იყო კარინა იმანოვა.

ბაიმურადოვას გაუჩინარების შემდეგ გაირკვა, რომ მის ნაცნობ „კარინას“ სოციალურ ქსელებში მეგობრები ჰყავდა, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერთან დაახლოებულები იყვნენ. ადამიანის უფლებათა დამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყალბი ანგარიში და ხაფანგი იყო. „მან [იმინოვამ] ნაცნობებს უთხრა, რომ წარმოშობით დაღესტნიდან იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ კარინა ყირგიზეთში დაიბადა და დაღესტანთან არაფერი აკავშირებს. იმინოვა ასევე ურთიერთობდა ჩეჩნეთიდან წამოსულ სხვა პირებთან და შეხვედრებზე იწვევდა მათ. კარინამ აიშატის გაუჩინარებისთანავე შეწყვიტა კომუნიკაცია. მოგვიანებით მან WhatsApp-ის ანგარიში წაშალა“, - აღნიშნავენ უფლებადამცველები.

სომხეთში შეეძლო ისე ეცხოვრა, როგორც სურდა. მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც მისწვდნენ

აიშატს სომხეთში პოლიტიკური თავშესაფარი ან დაცვა არ უთხოვია, განაცხადა ერევანში მცხოვრები გოგონას ერთ-ერთმა აქტივისტმა მეგობარმა ანონიმურობის პირობით. მისი თქმით, აიშატი თავისუფლების მოყვარული ადამიანი იყო და სურდა, ისე ეცხოვრა, როგორც თავად მიაჩნდა საჭიროდ. „სომხეთში შეეძლო ისე ეცხოვრა, როგორც სურდა. მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც მისწვდნენ“, - განუცხადა წყარომ „კავკაზ.რეალიის“.

„ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ადამიანებს ხშირად ძალით აბრუნებენ რუსეთში; ყოფილა შემთხვევები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდანაც. საფრთხე ყოველთვის არსებობს და სამწუხაროდ, ის გოგონებისთვის სიცოცხლის ბოლომდე რჩება. ეს უბრალოდ რეალობაა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“ - თქვა აიშატ ბაიმურადოვას მეგობარმა.

ბაიმურადოვას შემთხვევა ერთადერთი არ არის. ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ჩეჩნეთში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ ოჯახში ძალადობას და თავი გადაირჩინონ, ნათესავები იძულებით აბრუნებენ სახლში.

არც ისე დიდი ხნის წინ, სედა სულეიმანოვა გაუჩინარდა. ის სახლიდან გაიქცა, რადგან არ სურდა ცოლად გაჰყოლოდა ადამიანს, რომელსაც არ უყვარდა და დაიღალა მუდმივი კონფლიქტით. გოგონა ცხოვრობდა და მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ 2023 წლის აგვისტოში, ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების მონაწილეობით, ის საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დააბრუნეს სახლში. წელიწადნახევრის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დამცველებმა განაცხადეს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, სედა ნათესავებმა მოკლეს და სასაფლაოს გარეთ დაკრძალეს.

აიშატისა და სედას ბედი აჩვენებს, თუ რამდენად მყიფე რჩება ქალთა დაცვა ასეთ შემთხვევებში. ადამიანის უფლებათა დამცველი ანოხინა უარყოფს მოსაზრებას, რომ აიშატ ბაიმურადოვას სიკვდილი დაკავშირებულია ტრადიციების „დარღვევასთან“ და წარმოადგენს „ღირსების მკვლელობას“, რაც კავკასიაში გავრცელებული პრაქტიკაა: „სედა [სულეიმანოვა], როგორც გვახსოვს, მოკლეს მას შემდეგ, რაც დედას უთხრა, რომ რუსზე დაქორწინდებოდა. აიშატის შემთხვევაში კი, მე მჯერა, რომ ეს მისი კომენტარების გამო მოხდა. „ღირსების მკვლელობებს“ ნათესავები სჩადიან, მაგრამ აქ გოგონას მისი განცხადებების გამო გაუსწორდნენ“.

რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ქალების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული ეს სიტუაცია დამახასიათებელია არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის.

„მას შემდეგ, რაც 2017 წელს ოჯახში ძალადობა დეკრიმინალიზებული გახდა, შეიქმნა სისტემა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური აკონტროლებს სხვების სიცოცხლესა და სიკვდილს, იწყებს ომებს და იქ თავის მოქალაქეებს აგზავნის. ნებისმიერი ამბოხი, განსაკუთრებით ქალების მხრიდან, მკაცრად ისჯება“, - აღნიშნავს ანოხინა.

• ლაურა ავტორხანოვა, რომელიც ოჯახში ძალადობასა და ტოტალურ კონტროლს გაექცა, თბილისში ნათესავები იტაცებდნენ. საზოგადოებრივი აღშფოთების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გამოიძია სიტუაცია და აღკვეთა მისი გატაცება.

• 2023 წლის ნოემბერში სომხეთის პოლიციამ დააკავა 21 წლის ფატიმა ზურაბოვა, ინგუშეთის მკვიდრი, რომელმაც ცემის გამო ოჯახი მიატოვა. მას ტელეფონი ჩამოართვეს და იძულებული გახადეს შეხვედროდა თავის ბიძას, იუსუპ ზურაბოვს, პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრს.

• ყაზახეთში დააკავეს 24 წლის ელზა სოლტაევა, ჩეჩნეთის მკვიდრი, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო გაიქცა. ხელისუფლებას სურდა, რომ ის იძულებით შეხვედროდა ნათესავებს, რომლებიც მან ოჯახში ძალადობის გამო მიატოვა.

• დაღესტნელმა ზაირა პიროვამ ოჯახი ზეწოლისა და კონტროლის გამო დატოვა და საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. ნათესავებმა მისი ადგილსამყოფელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან შეიტყვეს. ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, ეს ინფორმაცია მისი ნათესავებისთვის გაეზიარებინა.

XS
SM
MD
LG