ალექსეი მაზუკას რადიო თავისუფლება გაესაუბრა.
2020 წლის ზაფხულში ალექსეი მაზუკა მე-11 კლასში გადავიდა. ამავე წლის ივნისში ბელარუსის დედაქალაქში მოქმედი პრეზიდენტობის ალტერნატიულმა კანდიდატებმა პიკეტები მოაწყვეს. მათში ალექსეიც მონაწილეობდა.
ძალოვნები პიკეტებს ვიდეოზე იღებდნენ და ბიჭი მალე „გაშიფრეს“. ალექსეი არასრულწლოვანი იყო. ამიტომ შსს-ს განყოფილებაში დედასთან ერთად დაიბარეს. იქ ორი ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს.
„ქალმა მილიციელმა მითხრა, პიკეტის დროს მილი გეჭირა და იმით ყვიროდიო. ჩემი ფოტო Deutsche Welle-ზე მოხვდა. ალბათ, ამანაც შეაშფოთა მილიცია. რადგან არასრულწლოვანი ვიყავი, უბრალოდ აღრიცხვაზე ამიყვანეს.
ზაფხულში ველოსიპედით რომ მივდიოდი, ისევ დამაკავეს და მესამე ოქმი შემიდგინეს, მასში ნათქვამი იყო, რომ გადასასვლელზე „არ ვჩქარობდი“.
მეოთხე ოქმი 10 აგვისტოს მივიღე. ამ დროს არსად წასვლას არ ვაპირებდი, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. კაფეს მერე გრუშაევკაზე, ეზოში შევედით. თან დროშა მქონდა და მხრებზე მოვიხვიე. ამ დროს გამზირიდან ხალხი სპეცრაზმს გამოექცა. დამიჭირეს. დილამდე მილიციის განყოფილებაში ვიჯექი. მეორე დღეს დედაჩემს დაურეკეს და მან გამომიყვანა. ანუ 2020 წლის ზაფხულში ოთხი ოქმი დავიმსახურე“.
ძმები პაჩობუტები და გადახრა
ალექსეი ამბობს, რომ იმ დროს პარალელური კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ პროტესტში, ისინიც 16 წლისები. მას საპროტესტო განწყობა ალტერნატიულმა მუსიკამ ჩამოუყალიბა. ბავშვობიდან პანკ-როკით გატაცებულს ძალიან უყვარდა ძმები პაჩობუტები, სტასი და ანჯეი და მათი ჯგუფი Deviation (გადახრა).
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ალექსეი პროკურატურიდან გააფრთხილეს, მეხუთე ადმინისტრაციული ოქმის შემდეგ არასრულწლოვანი დამნაშავეების სპეციალურ სკოლაში გაგზავნითო. სკოლაში სთხოვეს, საბუთები გაეტანა. ალექსეი არ დათანხმდა. ამბობს, რომ მაშინ საგანმანათლებლო სამუშაოების უფროსი კლასგარეშე აქტივობებით მეთერთმეტეკლასელებს ისე ტვირთავდა, რომ თავისუფალი დრო აღარ რჩებოდათ.
ალექსეიმ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და ტექნიკურ კოლეჯში ჩაირიცხა. იქ პანკ-საღამოებს აწყობდა.
„2022 წლის რეფერენდუმის წინ ბელარუსის ახალგაზრდული კავშირიდან ქალი გამოგზავნეს. ძალიან მწვავე კითხვები დავაყარეთ და გავაქციეთ. ერთხელ, როცა ავად ვიყავი, კურატორმა დამირეკა და მითხრა, სპორტის სასახლეში ღონისძიებაზე უნდა მოხვიდეო. ვგრძნობ, რაღაც ისე არ არის, თავზე „თავისუფლების ეკლები“ გავიკეთე. წითელი კუბოკრული შარვალი ჩავიცვი, ისე როგორც პანკ როკში მოსულა. კურატორს ზღურბლიდან დავურეკე, აჰა, მოვდივარ, ბილეთით შემხვდი-მეთქი. ჯერაც კურატორს ველაპარაკებოდი ტელეფონით, რომ ორი მილიციელი მეძგერა. მათთან შემდეგი დიალოგი გაიმართა:
- სად მიდიხარ?
- ღონისძიებაზე, კოლეჯიდან დამიძახეს.
- ასე ჩაცმული?
- დიდად არც მე მინდა იქ მისვლა.
- ჰოდა, წადი „ნახ...ი“.
კურატორმა ყველაფერი მოისმინა, ამის შემდეგ აღარსად მიწვევდნენ“, - ამბობს ალექსეი.
2024 წლის დასაწყისამდე ალექსეი აღარ შეუწუხებიათ. კოლეჯი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო. მაგრამ 17 იანვარს სახლში ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის სამსახურმა მიაკითხა, თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო, მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სამეზობლოს ჩატში მიმოწერისთვის, როდესაც ხალხი ეზოს აქციებზე გამოდიოდა.
„დღემდე ვერ გავიგე, ტერორისტად რატომ გამომაცხადეს“
ალექსეი ჰყვება, რომ ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 5 დღე იჯდა. საბოლოოდ კი ჯერ ჟოდინსკის ციხეში გააწესეს, ორი თვით, შემდეგ - საგამოძიებო იზოლატორში.
„სხვადასხვა საგამოძიებო იზოლატორებში 8 თვე დავყავი... ბოლოს მხოლოდ ჩატში მიმოწერის მუხლი დამიტოვეს“.
2024 წლის 15 ივლისს მინსკის სასამართლომ ბიჭს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.
„2020 წელს არასრულწლოვანი ვიყავი და ამიტომ სასჯელი შედარებით რბილი იყო - წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ერთი დღე ორად ჩამითვალეს. დღემდე ვერ გავიგე უშიშროებამ ტერორისტად რატომ გამომაცხადა...“ - ამბობს ალექსეი.
"ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირების სიაში" უშიშროებამ ალექსეი 1258 ნომრად ჩაწერა. ის იქ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა. სულ ლუკაშენკოს „ტერორისტების სიაში“ 1286 ადამიანია შეყვანილი, მათგან 592 - ბელარუსელი.
ალექსეი მაზუკა სასჯელს ივაჩევიჩთან ახლოს, N22 გამოსასწორებელ კოლონიაში, ე.წ. მგლების ბუნაგში იხდიდა. ანგარში ხის პალეტებს აკეთებდა. ცნობილი ხალხიდან ალექსეი „მგლის ბუნაგში“ დმიტრი სემჩენკოს და ალექსეი იარემჩიკოს - Tor Band-ის მუსიკოსს გადაეყარა.
„ადმინისტრაცია პოლიტპატიმრებს უფრო მკაცრად ექცევა, ყველა წვრილმანზე გედავებიან. უფრო მკაცრად გსჯიან. მაგრამ ვინც დიდი ხანია ზის, ამბობს, რომ ადრე კიდევ უფრო მკაცრები იყვნენ“, - ამბობს ალექსეი მაზუკა.
16 მაისს ალექსეიმ სასჯელი სრულად მოიხადა. მას შედარებით გაუმართლა, მეთვალყურეობის გარეშე გამოუშვეს, მაგრამ ტერორისტის სტატუსი დღემდე აქვს.
„პოლიციაში დასარეგისტრირებლად რომ მივედი, მივხვდი, რომ იქ ყოველდღე მომიწევდა სიარული. SIM-ბარათი ვიყიდე. ორი დღე იმუშავა და კავშირი გამითიშეს. ბანკში ანგარიში ვერ გავხსენი და ვერც მინდობილობა ავიღე მანქანაზე“.
მან სამედიცინო დაზღვევის გაფორმებაც ვერ შეძლო.
„ამის უფლება „ტერორისტებს“ არ აქვთ. მოგვიწია სასწრაფოდ წავსულიყავით, სანამ ქვეყნიდან გასვლასაც აგვიკრძალავდნენ. ფონდ BySol-ის ოპერატიულობის წყალობით, გამიმართლა და საკმაოდ მალე დავტოვე ბელარუსი“, - ამბობს ალექსეი მაზუკა.
ახლა ის უსაფრთხოდაა და ახალ ცხოვრებას უცხო ქვეყანაში იწყებს.
ფორუმი