Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრიდან კაცი გაიტაცეს, სავარაუდოდ, რამზან კადიროვის წარმომადგენლებმა


გატაცებულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
გატაცებულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მოსკოვის ცენტრში, იაროსლავის სადგურთან გაიტაცეს კაცი, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით, მეწარმე და ბლოგერი არეგ შჩეპიხინია(ოჰანესიანი). 3 ივნისს, საღამოს მომხდარი ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ კაცს, რომელიც დახმარებას და პოლიციის გამოძახებას ითხოვს, ხალხმრავალ ადგილას, სადაც დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, თავს ესხმის რამდენიმე პირი და „მერსედესის“ მარკის ციმციმიანი ავტომანქანის საბარგულში აგდებენ.

ავტომობილის აქვს ნომრის სერია, რომელსაც როგორც წესი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყენებენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გატაცებული არეგ შჩეპიხინია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ცუდად მოიხსენიებს ჩეჩნებს და ისლამს.

ავტომანქანა, რომლითაც შჩეპიხინი წაიყვანეს, 3 ივნისს ღამით მოსკოვში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა, გატაცებული ავტომობილში აღარ იმყოფებოდა.

ტელეგრამ-არხი Shot დღეს, 4 ივნისს იუწყება, რომ 6 სავარაუდო გამტაცებელი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მათგან სამმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის თანამშრომლები არიან.

ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი, რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ტუმსო აბდურახმანოვი, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გატაცებაში მონაწილე პირები ჩეჩნურად საუბრობდნენ და როგორც ჩანს, მოსკოვში კადიროვის წარმომადგენლები არიან.

გატაცებულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ფაქტის შემოწმება მიმდინარეობს.

განახლება: 4 ივნისს, დღისით ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, პრესის და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ არეგ შჩეპიხინი „კი არ გაიტაცეს, არამედ დააკავეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, რომლებიც ურთიერთქმედებაში არიან მოსკოვის პროფილურ უწყებებთან“.

დუდაევის თანახმად, მოსკოველ სამართალდამცავებთან კავშირი აქვთ რუსეთის სახელმწიფო დუმის ჩეჩენ დეპუტატებსაც, რომლებმაც გადასცეს ინფორმაცია შჩეპიხინის მიერ „ჩადენილ დანაშაულზე“. დუდაევის განცხადებაში ჩამოთვლილია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი, მათ შორის ნაციზმის რეაბილიტაცია, ექსტრემიზმისკენ საჯარო მოწოდებები და შუღლის და სიძულვილის დათესვა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG