Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში? - ორი საპირისპირო აზრი


კახა გოგოლაშვილი (მარცხნივ) და დავით ჩხეიძე რადიო თავისუფლების აუდიტორიას უზიარებენ თავიანთ შეფასებებს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე.
კახა გოგოლაშვილი (მარცხნივ) და დავით ჩხეიძე რადიო თავისუფლების აუდიტორიას უზიარებენ თავიანთ შეფასებებს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება. უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ 4 ოქტომბრის არჩევნებში? - ერთნაირი და ერთიანი აზრი არ არსებობს - ოპოზიციურ ფლანგზე, საზოგადოებაში, ექსპერტებში.

რადიო თავისუფლება ორ განსხვავებულ აზრს წარმოგიდგენთ.

კახა გოგოლაშვილი - „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი - არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრეა;

დავით ჩხეიძე - ყოფილი დიპლომატი, უწყვეტი აქციების მუდმივი მონაწილე - თვლის, რომ, არსებულ პირობებში, ოპოზიცია არ უნდა ჩაებას საარჩევნო მარათონში.

რესპონდენტებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით, ხოლო დასაწყისში ვთხოვეთ, თავიანთი პოზიციები 3-3 არგუმენტით აეხსნათ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ შექმნილი “წინააღმდეგობის პლატფორმის” მოქმედი თუ ყოფილი მონაწილე პარტიებიდან, წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებისთვის ემზადებიან "ლელოს" კოალიცია "ძლიერი საქართველო" და პარტია "გახარია საქართველოსთვის". მკაცრ უარს აცხადებენ "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". უარი განაცხადა "თავისუფლების მოედანმაც". თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დღევანდელ ვითარებაში დამაზიანებლად თვლის პარტია "ფედერალისტები".

კახა გოგოლაშვილის 3 არგუმენტი - რატომ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ?

#1. ზოგადად, ბოიკოტი წამგებიანია ოპოზიციისთვის, მომგებიანია ავტორიტარული რეჟიმებისთვის

„გადავხედე უამრავ სამეცნიერო ნაშრომს, მათ შორის - სიღრმისეულ და გრძელვადიან კვლევებს. დასკვნების უმეტესობით, ბოიკოტი არ არის ეფექტიანი საშუალება, რომ შენ დაამარცხო ჰიბრიდული და ავტორიტარული რეჟიმები.

ბოიკოტის შემთხვევაში ავტორიტარული რეჟიმი უფრო ძლიერდება, იკავებს მთელ სივრცეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში, წინააღმდეგობის საშუალებას აღარავის უტოვებს და ყურადღებას თავისკენ იპყრობს. ხოლო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ქუჩაში ვერ აღწევენ წარმატებას, სუსტდებიან, მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა იკლებს და ბევრი ასეთი პარტია იშლება. აზერბაიჯანში, ბელარუსში, ცენტრალურ აზიაში ოპოზიციური პარტიები გაქრა.

ქუჩა პოლიტიკოსების ასპარეზი მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებშია“.

კახა გოგოლაშვილი იწონებდა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადებულ ბოიკოტს, როდესაც ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდნენ. პოზიცია არც ახლა არ შეუცვლია. თვლის, რომ ამ პროცესმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას შეუწყო ხელი და ეს მოცემულობა ვერც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ვერ შეიცვლება.

#2. არჩევნები უკეთესად გამოაჩენს რეჟიმის სახეს

„4 ივნისს ევროპარლამენტის კომიტეტში რომ ანგარიში დამტკიცდა, იქ წერია, რა შემთხვევაში არ ჩაითვლება თვითმმართველობის არჩევნები ლეგიტიმურად. მაგრამ თუ ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, არ მოუწევს ხელისუფლებას გაყალბება - ნორმალურად ჩაატარებს, რომ არავინ შეედავოს. მხოლოდ მისი ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე. მაგრამ თუ მიიღო მონაწილეობა [ოპოზიციამ], მაშინ გაყალბება მოუწევთ და ეს შეუმჩნეველი არ დარჩება“.

#3. რევოლუციის [არჩევნების ალტერნატივის] რესურსი არ არსებობს

"თუკი ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობებს არ გამოიყენებს და მარტო ქუჩაში დარჩება, მივიღებთ კიდევ უფრო გამყარებულ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლებას იოლად არ დათმობს - ჯარიც, სასამართლოც მაგისია, ფულიც შენზე მეტი აქვს... და რჩება მაშინ ერთადერთი გზა - რევოლუციის გზა. მაგრამ ეს არის არარეალისტური და ასევე - ყველაზე მიუღებელი გზაა ამ ქვეყნისთვის".

დავით ჩხეიძის 3 არგუმენტი - რატომ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ?

#1. ყველაფერი, რაც არჩევნებს უნდა ჰქონდეს, დღეს ხელყოფილია

„შესაბამისი სამართლებრივი გარემო არ არსებობს. ვგულისხმობ დღევანდელ საარჩევნო ადმინისტრაციას, რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, მედიის, დამკვირვებლების მიმართ. ის, რაც არ იყო დამაკმაყოფილებელი 2024 წლის არჩევნების დროს, მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება, ყველა კრიტერიუმით“.

#2. მიმდინარეობს რეპრესიები

„მე ყოველდღე დავდივარ რუსთაველზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი დადის იქ, საზოგადოების აქტიური ნაწილი - ზოგი მუდმივად, ზოგი როტაციით. ვფიქრობ, რომ პროტესტი საყოველთაოა, მაგრამ, მიმდინარე რეპრესიების პირობებში, როდესაც ბევრ ადამიანს მაინც ეშინია რუსთაველზე გასვლის, როგორ შეიძლება ლაპარაკი თავისუფალი ნების გამოხატვაზე?! როგორ შეიძლება ეს ადამიანი მივიდეს საარჩევნო ურნასთან და თავისუფლად დააფიქსიროს თავისი ხმა. განცდა რჩება - მათ, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკობს, დაივიწყა თითქოს ეს რეპრესიები ან იოლად გადაატარა... ეს იმას ჰგავს, შუა ჩხუბში ყავის დალევა რომ შესთავაზო ადამიანს“.

„მეგობრებს ქუჩაში დგომისთვის აგერ 80 ათასი ლარი აქვთ ჯარიმა - აზრის მშვიდობიანი გამოხატვისთვის და შენ მე მეპატიჟები ურნასთან, სადაც დამკვირვებელს აღარ აქვს ხმის ამოღების უფლება?!"

#3. პოლიტიკური სპექტრი მოუმზადებელია

„აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ მათ ერთიანი ფრონტი არა აქვთ. აქ ვგულისხმობ ასევე თუნდაც ერთიანი პირობების დაყენებას - აი, ერთხმად რომ ეთქვათ, რეჟიმისთვის ეს შეცვალეთ, ეს გააკეთეთ და მაშინ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო. თუ მიაღწევდნენ ამას, ერთად მიეღოთ მონაწილეობა... დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმი ამაზე არ წავიდოდა და ამის შემდეგ პარტიებს ბოიკოტიც ერთიანად უნდა გამოეცხადებინათ. მაგრამ ეს ფორმაც ვერ ჩამოაყალიბეს კომუნიკაციის.

პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად არც [არჩევნებში] მონაწილეობისთვის და არც არმონაწილეობისთვის. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვიჭერ მხარეს, რომ ჯობია, არ მიიღონ მონაწილეობა".

დავით ჩხეიძე ხაზს უსვამს, რომ, ზოგადად, არჩევნები დემოკრატიის მთავარ საყრდენად მიაჩნია; თვლის, რომ საარჩევნო პროცესზე უარი აზიანებს დემოკრატიას; თუმცა საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციაში, არჩევნების ადგილს ვერ ხედავს. „გარედან მაყურებელი რომ ვიყო, მეც ვეტყოდი პარტიებს: მოდით, მაინც სცადეთ, გადაარჩინოთ დემოკრატია“.

თუკი ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, მოხსნის თუ არა ეს დღის წესრიგიდან ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას? როგორ იმოქმედებს ეს ქუჩის პროტესტზე?

დავით ჩხეიძე:

"როდესაც შენ დგახარ ქუჩაში და აპროტესტებ, ნიშნავს, რომ პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმა არ გვაქვს, მაგრამ, როცა შენ შემოგაქვს თვითმმართველობის არჩევნების თემა და ხალხს ეუბნები, გამოხატეთ პროტესტი ურნასთანო, ეს ნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტი ამოწურულია და ლეგიტიმაცია ეძლევა ურნას. ანუ ნდობით აღიჭურვება ურნა, რომელიც დაგიდგა რეჟიმმა. დამთავრებულია, ეს უკვე არის რეჟიმის მიმართ სანდოობის გაზრდა".

ჩხეიძე არ იზიარებს არგუმენტს, რომ შესაძლოა არჩევნებთან დაკავშირებულმა პროცესებმა პროტესტი პირიქით - გამოაცოცხლოს.

"არა, ეს გამოიწვევს პროტესტის მონაწილეთა იმედგაცრუებას, დემორალიზებას - აი, შეგვდენეს არჩევნებზე და არც იქ გამოვიდა არაფერი... მერე, როცა რეჟიმი დაწერს დაბალ მაჩვენებელს და პარტია კიდევ ერთხელ იტყვის, აი, გააყალბესო, ხალხისგან მომენტალურად წამოვა: კი მაგრამ არ იცოდი, რომ გააყალბებდა?! რატომ მომიყვანე არჩევნებზე?!“

და რას მოელით, თუკი ოპოზიცია ან მისი ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას?

"ახლა არჩევნებში მონაწილეობა მათთვის [პარტიებისთვის] არა დემოკრატიის, არამედ საკუთარი თავის გადარჩენის აქტს უფრო ჰგავს. ბოლომდე წასვლა და პრინციპების დაცვა დღეს დაჭერას ნიშნავს... შესაძლოა, შენ მიდიხარ არჩევნებში იმიტომ, რომ რეჟიმმა არ დაგიჭიროს, მაგრამ მერე საპირისპირო ლოგიკა მუშაობს - არჩევნებში მონაწილეობით აძლევ მას ლეგიტიმაციას, რომ მერე უფრო ადვილად დაგიჭიროს...

შენ რეჟიმს მოაგებინებ დროს, მისცემ უფრო მეტ თავდაჯერებულობას, მისცემ მეტი რეპრესიის უფლებას", - გვპასუხობს ჩხეიძე.

კახა გოგოლაშვილი:

„არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნება დღის წესრიგიდან ახალი არჩევნების მოთხოვნა. ის საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. საერთაშორისო დამკვირვებლებიც, ყველა ეჭვქვეშ აყენებს იმ არჩევნების ლეგიტიმურობას. არ ჩატარებულა დამოუკიდებელი გამოძიება გაყალბებაზე... ახალი საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხთან მას კავშირი არ ექნება“.

რაც შეეხება პროტესტს, გოგოლაშვილი თვლის, რომ "ქუჩის პროტესტი ოპოზიციური პარტიების გარეშეც ცოცხლობს" და ის "დგას არა ოპოზიციაზე, არამედ საზოგადოებრივ ჯგუფებზე", ხოლო პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არა თუ არ უშლის, არამედ პირიქით - პროტესტი საარჩევნო მიზნებსაც ესაჭიროება და მაგალითად, „რეპრესიული კანონების შესაცვლელად ბრძოლას“.

„პროტესტი არჩევნების მხარდამჭერად უნდა გადაიქცეს, რომ დარჩენილ დროში მოითხოვონ, მათ შორის - რეპრესიული კანონების შეცვლა და შემდეგ ხმების დაცვა... ხალხი უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. თუ არაფერი არ შეიცვალა, ბოიკოტის გამოცხადება უშუალოდ არჩევნების წინაც შეიძლება... მაშინ არჩევნების ბოიკოტი იქნება უფრო ხმამაღალი.

გაუგებარია თვეებით ადრე იმის თქმა, ვიცით, მაინც გააყალბებს „ქართული ოცნება“ და ამიტომ არ ვმონაწილეობთო", - კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიები ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ, "რომ პროტესტი შემოიმტკიცონ თავიანთი პოლიტიკური მიზნების გარშემო".

და საერთაშორისო პარტნიორებისთვის რა სიგნალი იქნება არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა? მოიტანს თუ არა ეს ურთიერთობების ნორმალიზებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან?

კახა გოგოლაშვილი:

"არჩევნები რომ ჩატარდება, იქ ეგზიტპოლებიც აჩვენებს რეალურ შედეგს... თუ ცესკომ სხვა შედეგი დადო, ხალხიც და საერთაშორისო თანამეგობრობაც დაინახავს, რომ ოპოზიციური პარტიები დაჩაგრეს არაკანონიერი გზით და შენარჩუნდება პარტიების გარშემო მათი კონსოლიდაცია.

თუკი პარტიები არ წავლენ არჩევნებზე, ვერავინ და მათ შორის ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა ვერასდროს მიხვდება, ჰქონდათ კი მათ შესაძლებლობა, რომ მოეგოთ არჩევნები?!"

გოგოლაშვილის თქმით, თუ პარტიები ბოიკოტს გამოაცხადებენ, ხოლო „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს "ძალიან დიდი უპირატესობით - დაახლოებით 90%-ით - მოიგებს", მას მიეცემა საშუალება, საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრას, აი, არ მიიღეს მონაწილეობა პარტიებმა, დამაჯერებლად მე გავიმარჯვეო და "ამან შეიძლება რაღაცნაირად მათი ლეგიტიმაცია გაზარდოს კიდეც საერთაშორისო პარტნიორების თვალში".

სადაც ოპოზიცია არც პარლამენტშია წარმოდგენილი, არც ადგილობრივ დონეზე და სადაც პლურალიზმი არ არის, კახა გოგოლაშვილის თქმით, ასეთ ქვეყანას "საერთაშორისო თანამეგობრობა დაღუპულად თვლის" და შემდეგ "ეგუებიან - როგორც აზერბაიჯანთან მაინც თანამშრომლობენ - საერთაშორისო თანამეგობრობა საბოლოოდ მოძებნის კოჰაბიტაციის რაღაც საშუალებებს“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, რაც უფრო ცოტა პროდასავლური ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით ნაკლებია შანსი, რომ გამარჯვებას მიაღწიონ და ცალკეული დიდი ქალაქები თუ რეგიონები მოიგონ, ისევე როგორც ეს თურქეთში ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა.

ბოიკოტს კი, მისი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუკი დაინახავს, რომ "წინასწარ პარტიებმა და საზოგადოებამ იბრძოლეს [საარჩევნო გარემოს, კანონების შესაცვლელად] და მაინც არაფერი გამოვიდა".

დავით ჩხეიძე:

„საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ, რამდენად ართმევს რეჟიმი თავს საზოგადოებაში პროტესტს. როდესაც ისინი ხედავენ, რომ სისტემა გცემს, გირტყამს, პოლიტიკოსებს იჭერს, ეს ნიშნავს, რომ ის ვეღარ ართმევს თავს პოლიტიკურ პროცესს და გადადის რეპრესიულ პროცესებში, ძალმომრეობაზე გადადის...

ამიტომ როდესაც ხვდებიან საერთაშორისო პარტნიორებს, ისინი ეკითხებიან [„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას] - „გამარჯობა, თქვენ ვის წარმოადგენთ?“ პასუხია - მე ქართველ ხალხს წარმოვადგენ“... მაგრამ უკაცრავად, რომელ ხალხს წარმოადგენ, ვისაც სცემ და ციხეებში ყრი?! “

დავით ჩხეიძის თქმით, „საკმარისია პროტესტი აღარ გამოიხატოს, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მორჩილი უმრავლესობა და თან არჩევნებში მონაწილეობდეს ოპოზიცია“, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თამამად ეტყვის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ის არის ლეგიტიმური და "ეს იქნება ლეგიტიმაცია".

  • ევროპარლამენტის კომიტეტში 4 ივნისს დამტკიცებულ ანგარიშში, რომელიც პლენარულ სხდომაზეც გავა, თვითმმართველობის არჩევნები მოხსენიებულია „კიდევ ერთ გამოცდად საქართველოს დემოკრატიისათვის“ და აქვეა მოწოდებაც, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა, “რათა აირეკლოს ქართველი ხალხის ნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად“.
  • ევროპელი პარლამენტარების მოწოდებაა, რომ „მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, გულმოდგინე საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაკვირვებით, რათა გარანტირებული იყოს არსობრივად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.
  • პარალელურად, ანგარიშში გამოხატულია „ღრმა შეშფოთება“ არჩევნების წინ “საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუარესების გამო”.


ევროპელი კანონმდებლები ამ ანგარიშში მოუწოდებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, დააყენონ ინდივიდუალური სანქციების დაწესების საკითხი, თუკი „მუნიციპალური არჩევნები არ ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG