Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა „ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო - საელჩო


ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში გაკეთებული ჩანაწერით გამოთქვა „სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ“, - იუწყება ირანის საელჩო.
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში გაკეთებული ჩანაწერით გამოთქვა „სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ“, - იუწყება ირანის საელჩო.

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა, - ირკვევა ირანის საელჩოს განცხადებიდან.

30 ივნისს და 1 ივლისს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა - როგორც ირანის საელჩო წერს, - „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას“.

ღონისძიებას დაესწრნენ:

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი;
  • საქართველოში თურქმენეთის ელჩი;
  • ყაზახეთის ელჩი;
  • ერაყის საქმეთა რწმუნებული;
  • ჩინეთის სამხედრო ატაშე;
  • ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

„მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ“, - იუწყება ირანის საელჩო საქართველოში და მადლობას უხდის „მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“.

ირანის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ირანის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი

მოგვიანებით რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ისრაელის საელჩოში თქვეს, რომ შეძრწუნდნენ, როცა მათ ეს ამბავი გაიგეს: „შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში“

„იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ისრაელის საელჩოში.

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი 2018 წლიდან არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • ის მინისტრის მოადგილე იყო დავით ზალკალიანის, ილია დარჩიაშვილისა და ამჟამად მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობის პირობებში.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო უწყების პრესცენტრს მინისტრის მოადგილის ამ ნაბიჯზე კომენტარის მისაღებად. პასუხის შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

განახლება: რადიო თავისუფლებას საგარეო უწყებიდან უპასუხეს, რომ:

  • „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
  • „2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“.

ირანის ელჩი: „დუმილი აგრესორს წაახალისებს“

ირანის საელჩომ 20 ივნისს გამოაქვეყნა ელჩის განცხადება ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როდესაც კონფლიქტისადმი საქართველოს დამოკიდებულებაზე ჰკითხეს:

  • „ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის პატივს სცემდა ქვეყნების დამოუკიდებლობას“;
  • „ირანი მნიშვნელოვან მომენტებში, მათ შორის 2006 წლის ენერგოკრიზისის დროს, და აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმებზე, ყოველთვის ქართველი ხალხისა და საქართველოს გვერდით იდგა“;
  • „დღეს, როდესაც ადგილი აქვს ღია აგრესიასა და ომის დანაშაულებს, ჩვენი მოლოდინია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ჩვენი მეგობრები საქართველოში, თავიანთ პოზიციებს ჩამოაყალიბებენ საერთაშორისო სამართლის ამ მტკიცე პრინციპებსა და ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობით...
  • ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც ამ კუთხით პრინციპულ და სამართლებრივად გამართლებულ მიდგომას აირჩევს და ღიად დაგმობს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევებს, რადგან ამ პრინციპების დაცვა ყველა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებშია“.
ირანის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი
ირანის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი

ირან-ისრაელის 12-დღიანი ომი

  • ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
  • 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზისა და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც ირანმა უპასუხა დარტყმით კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
  • ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
  • ისრაელმა სამხედრო ოპერაციის შედეგად შესრულებულად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების მიზანი.
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 627 ადამიანი და 4870-ზე მეტი დაიჭრა.
  • ისრაელის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის შედეგად ისრაელში დაიღუპა 28 და დაიჭრა 3000-ზე მეტი ადამიანი.
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანელ ხალხს მიულოცა ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე „გამარჯვება“.
  • ამაზე პასუხად დონალდ ტრამპმა ხამენეი „ტყუილის“ გამო მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, აღარ მოუხსნას ირანს სანქციები.

ომის ექო საქართველოში

ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირებაში აშშ-ის ავიაციის ეპიზოდური ჩართვის შემდეგ, საქართველოში ისევ გაიხსენეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ვიზიტები თეირანში, ტერორისტებად გამოცხადებული პირების გვერდით დგომა და ფონად შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას!“ „სიკვდილი ისრაელს!“

12-დღიან ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებას ამ დრომდე მხოლოდ ერთი განცხადება ჰქონდა გაკეთებული, 13 ივნისს:

„ღრმად ვართ შეშფოთებული მზარდი დაძაბულობით ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ემუქრება რეგიონულ უსაფრთხოებას. მკაფიოდ ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას, დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ეს განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

ამ დღეებში საქართველოში ბევრმა გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში - ორ თვეში ორჯერ, 2024 წელს: მაისში - დაღუპული პრეზიდენტის დაკრძალვაზე, ჭირისუფლებს შორის იყო, ხოლო ივლისის მიწურულს - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

მოგვიანებით ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხილვა თეირანში „გასაკვირი იყო“:

„ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც "ჰამასის" მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე“.

ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა ირანში, განაცხადა: „ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო - მათ შორის ჟოზეპ ბორელის პირადი წარმომადგენელი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ინაუგურაციაზე ყოფნას ჰამასის ლიდერთან ერთად.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ თანაავტორი და ინიციატორი ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხშირად უწოდებს „ანტიამერიკულს“ და „ირანის, რუსეთისა და ჩინეთის მეგობარს, პარტნიორს, ინტერესების მსახურს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG