„ქვემოთ ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებაში და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთისათვის დაქვემდებარებაში“, - წერია კონგრესმენი უილსონის მიერ 6 მაისს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ წერილში.
ჯო უილსონის სიაში არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოს სასამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
„მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუ არადა, მოიმკით შედეგებს“, - მიმართავს ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მის გამოქვეყნებულ სიაში არიან:
აღმასრულებელი ხელისუფლება
- ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი
- კახა კალაძე - თბილისის მერი
- ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
- ანრი ოხანაშვილი - სუს-ის უფროსი
- პაატა სალია - იუსტიციის მინისტრი
- მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი
- სულხან თამაზაშვილი - აჭარის მთავრობის მეთაური.
საკანონმდებლო ორგანო
- შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სპიკერი
- ნინო წილოსანი - ვიცე-სპიკერი
- მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
- ვიქტორ ჯაფარიძე - პარლამენტარი, „პოსტივის“ მფლობელი
- დიმიტრი (დიტო) სამხარაძე - პარტიის რეგიონული მდივანი
- თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი
სასამართლო
- მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
- ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლო
- ლევან თევზაძე - უზენაესი სასამართლო
- ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლო
- რევაზ ნადარაია - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე
- შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
სახელმწიფო ინსტიტუტები
- გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი
- კარლო (კოკა) კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
- გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს თავმჯდომარე
- გიორგი ჯავახიშვილი - ცესკოს მდივანი
- რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
- ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ბიზნესი
- უჩა მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი
- ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი
- ალექსანდრე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - ყოფილი გენერალური პროკურორი
- ნოშრევან ნამორაძე
„პროპაგანდა“
- ირაკლი რუხაძე - დასახელებულია, როგორც „მთავარი პროპაგანდისტული არხის, „იმედის“ მფლობელი“
- ლაშა ნაცვლიშვილი - „პროპაგანდისტული არხის, პოსტივის დამფუძნებელი
- ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე
- თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
- კახი ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
უშუალოდ კანონპროექტში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში მიღების შემდეგ სენატში უნდა უყარონ კენჭი, კონკრეტული სახელები ჩამოთვლილი არაა.
თუმცა აქტი ითვალისწინებს, რომ მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დაადგინოს, სხვადასხვა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის პირები იღებდნენ თუ არა მონაწილეობას მნიშვნელოვან კორუფციაში, ძალადობრივ ქმედებებში [დემონსტრანტების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ] ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვაში:
- ნებისმიერი პირი, რომელიც 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ პარლამენტის წევრი ან ქართული ოცნების მაღალი რანგის წევრი იყო/არის;
- ნებისმიერი პირი, რომელიც მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული და მუშაობს საქართველოს მთავრობისათვის, მათ შორის სამართალდამცავ, უსაფრთხოების, სასამართლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებაში;
- ამ ორ კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთაც სარგებელი მიიღეს აღნიშნულ პირთა შესაბამისი ქმედებიდან.
თბილისის დროით 6 მაისს, ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს - 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.
საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.
ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
ფორუმი