"გილოცავ, მსოფლიოვ, მშვიდობის დრო დადგა!" - დაწერა 23 ივნისს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის საპასუხო იერიში "ძალიან სუსტად" შეაფასა, კატარის ამირას კი მადლობა გადაუხადა.
"ირანმა ოფიციალურად, ძალიან სუსტად უპასუხა ჩვენ მიერ მისი ბირთვული ობიექტების განადგურებას, რასაც ჩვენ ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით. 14 რაკეტა იყო ნასროლი - 13 ჩამოგდებულია და 1 „გათავისუფლებული“, ვინაიდან ის გაშვებული იყო უსაფრთხო მიმართულებით. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არ ყოფილა ზიანი".
დონალდ ტრამპი ირანს მადლობასაც უხდის
"მსურს ირანს მადლობა გადავუხადო წინასწარი გაფრთხილებისთვის, რითაც შესაძლებელი გახადა სიცოცხლის დანაკარგის თავიდან აცილება და ის, რომ არავინ დაზიანებულიყო. შესაძლოა, ახლა ირანს შეუძლია მისდიოს მშვიდობასა და ჰარმონიას რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს, იგივე გააკეთოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე!"
აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის ამირას:
"მსურს, მადლობა გადავუხადო ღრმად პატივცემულ კატარის ამირას ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. კატარში ამერიკის ბაზაზე იერიშს რაც შეეხება, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ, გარდა იმისა, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაჭრილა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე არ დაღუპულა და არ დაჭრილა არცერთი კატარელი".
23 ივნისს გავრცელებული ცნობებით, ირანმა იერიში მიიტანა კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე. ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებას ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებზე საპასუხო იერიშის მოლოდინი. ალ-უდეიდის ბაზაზე იერიშის გამო კატარის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო სივრცე უკვე გახსნილია. ირანის იერიშის წარმატებით მოგერიებასა და მსხვერპლის გარეშე დასრულებაზე აშშ-ის პრეზიდენტამდე კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება.
ფორუმი