ირანმა ისევ მიიტანა სარაკეტო შეტევა ბეერ-შევაზე, ისრაელმა ისევ დაბომბა ობიექტები თეირანში

ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად განადგურებული შენობა და ავტომანქანები ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში. 2025 წლის 20 ივნისი

მერვე დღეა გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის.

დღეს, 20 ივნისს დილით ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაზე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა სახლები, დამწვარია ავტომობილები. ირანის სარაკეტო შეტევით დაზარალებულ რაიონში მდებარეობს კომპანია Microsoft-ის ოფისიც, რომლის მახლობლად ხანძრები გაჩნდა.

ირანმა ბეერ-შევაზე სარაკეტო იერიში მიიტანა 19 ივნისსაც. დარტყმას ნგრევა მოჰყვა სამედიცინო ცენტრის შენობაში.

ბეერ-შევა მდებარეობს ნეგევის უდაბნოში, სადაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაა დისლოცირებული.

ასევე ნახეთ ისრაელის პრემიერმა სამხედროებს დაავალა ირანზე დარტყმების გაძლიერება

დღეს დილით ისრაელის გამანადგურებლებმა ისევ დაბომბეს ირანის დედაქალაქი თეირანი და სხვა რაიონები.

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, 60 თვითმფრინავით იერიში მიიტანეს თეირანში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, სადაც ირანი აწარმოებს რაკეტების კომპონენტებს და სამხედრო ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე.

ისრაელის არმიის თანახმად, ირანში დაარტყეს კიდევ ერთ ობიექტს, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს აწარმოებს. ისრაელის თავდაცვის არმიას არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტია ეს და სად მდებარეობს.

ასევე ნახეთ ერდოანი: გენოციდის დანაშაულის ჩადენით ნეთანიაჰუმ უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს
  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

ბოლო დღეებში დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ირანის საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში ჩართვის საკითხს, შესაბამის გეგმას მხარიც დაუჭირა და აშშ-ს ირანისთვის შესაძლოა, ამ კვირაშიც დაერტყა.

19 ივნისს, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა აშშ ირანის საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს გააცნო პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ირანთან მოლაპარაკების შანსი არსებობს, გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს.

CNN-ის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ტრამპს და მის მრჩევლებს იმედი აქვთ, რომ ირანი პოზიციას შეიცვლის და დასთანხმდება პირობებს, რომლებსაც მანამდე უარყოფდა, მათ შორის უარს იტყვის ურანის გამდიდრებაზე. ამასთან, თეირანმა ვაშინგტონს შეატყობინა, რომ მოლაპარაკებას არ გააგრძელებს, სანამ ისრაელი სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს.

წინასწარი ინფორმაციით, დღეს, 20 ივნისს ჟენევაში უნდა გაიმართოს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან.