„საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდან

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავყრილობაზე. 26 ოქტომბერი, 2024 წელი

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს არ გადადგამდა, სულ მცირე, მომავალ 4 წელს.

საგანგებო განცხადება სადავო პარლამენტის მიერ იმ დღეს ხელმეორედ დამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა და განმარტა, რომ თბილისი “გაწევრიანების მოლაპარაკებების” საკითხს 2028 წლის ბოლომდე ხსნიდა დღის წესრიგიდან, მაგრამ გააგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და 4 წლის შემდეგ, როცა და თუკი ევროკავშირი მზად იქნებოდა გაფართოებისთვის, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებზე უფრო ახლოს და მზად იქნებოდა ევროკავშირში შესასვლელად.

ასოცირების შეთანხმება გაწევრიანებისთვის შექმნილი მექანიზმი არ არის.

"ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებამ გამოაცოცხლა იმ დროისთვის უკვე მინავლებული საპროტესტო განწყობები. ნოემბერ-დეკემბერში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ევროპის გზაზე დაბრუნების მთავარი მოთხოვნით. ხელისუფლებამ მასობრივი გამოსვლების შესაჩერებლად უხეში ძალა გამოიყენა, თუმცა სხვადასხვა სიმძლავრისა და ნაკლები მასშტაბის საპროტესტო აქციები, გასული ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე იმართება.

ამ ერთ წელიწადში “ოცნებამ” ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელთა შედეგად, ბრიუსელის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდა, მმართველი პარტია კი დასავლელი პარტნიორების ფაქტობრივ იზოლაციაში მოექცა.

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმულ ასეთ ნაბიჯებს.

#1. „საქართველოს ფაილი დაიხურება“: დაპირისპირება ბრიუსელთან, იზოლაცია დასავლეთისგან, სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების რისკი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუფარავად კონფრონტაციული გახდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული ურთიერთობა ევროკავშირთან - ბრიუსელს "ოცნების" ლიდერები საქართველოში რადიკალიზმისა და ძალადობის წახალისების დაფინანსებაში სდებენ ბრალს.

ბოლო დროს კი ღიად აცხადებენ, რომ არ უნდათ "ისეთი ევროკავშირის" წევრობა, როგორიც ის დღეს არის.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: [არ გვინდა გავხდეთ] ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს

„უბედურება ხდება ევროკავშირში...

ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც ვინარჩუნებთ ჩვენს გაცხადებულ მიზანს - რომ შევიდეთ ევროკავშირში; მაგრამ, რა თქმა უნდა, იქამდე - მაგალითად, 2030 წლისთვის - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ტელევიზიის - „1 არხის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ და ისაუბრა ევროკავშირის "ეკონომიკურ" და "იდენტობის" პრობლემებზე.

ევროკავშირის მიმართ ხისტ დამოკიდებულებას "ქართული ოცნება" საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით ხსნის. არ თვლის საჭიროდ, გადახედოს საკუთარ ნაბიჯებს - სურს, რომ ევროკავშირი შეიცვალოს.

ევროკავშირის უმეტეს დედაქალაქში “ოცნებას” ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღიად პრორუსულ ძალად მიიჩნევენ და დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, “რეპრესიული კანონების” მიღებისა და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამო აკრიტიკებენ.

ბრიუსელისგან განსხვავებით, “ოცნებას” ხშირად აქებს მოსკოვი; თბილისი კი ცდილობს, არ გააკრიტიკოს (არ გააღიზიანოს) რუსეთი, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

ასევე ნახეთ ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს - ევროკომისარი კოსი
ასევე ნახეთ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში

ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებულია მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირთან - “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ იწვევენ ბრიუსელსა თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში გამართულ მნიშვნელოვან, მათ შორის - ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. გაყინულია თანამშრომლობის არაერთი სფერო; შეჩერებულია დახმარების პროგრამები.

გაჩნდა სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე

  • დეკემბერში ევროკავშირში ამოქმედდება სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი, გამარტივებული წესი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ რიგში, შეეხება საქართველოს და კერძოდ, “ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგრამ, ადრე თუ გვიან, თუ ხელისუფლება რეკომენდაციებს უგულებელყოფს, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს.
  • სავიზო ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას 8 რეკომენდაცია მისცა. თბილისს ამ რეკომენდაციების ნაწილის შესრულებაზე ღია და კატეგორიული უარი აქვს გაცხადებული.


სავიზო ლიბერალიზაციაზე საუბრებს “ქართული ოცნება” ბრიუსელის მხრიდან „შანტაჟსა“ და “დიპ სტეიტის” “ბოლო კოზირს” უწოდებს. "ოცნების" ლოგიკით, ევროკომისია, ისევე როგორც სხვა დასავლური სტრუქტურები, ქვეყნები თუ ლიდერები - სწორედ ე.წ. დიპ სტეიტს ემორჩილება, "დიპ სტეიტი" კი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში "ჩათრევას" ცდილობს.

დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაძაბვას „ქართული ოცნება“ ძირითადად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შეთქმულებით ხსნიდა, მაგრამ დასავლეთთან „ოცნების“ დაპირისპირების მკაფიო ნიშნები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე [2022 წლის თებერვალი] გაცილებით ადრე გაჩნდა. 2021 წლის შემოდგომაზე, ევროკავშირის მაშინდელი ელჩი უკვე ღიად ლაპარაკობდა „ქართული ოცნების“ მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე.


ასევე ნახეთ ევროპასთან უვიზოს შეჩერების ახალი ვადებისა და წესების შესახებ - ვის შეეხება? რა მოჰყვება?

2025 წლის 4 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ "საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა".

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, რომელიც, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა თუ აშშ-ის ელჩების მსგავსად, წლის განმავლობაში, "ოცნების" ვერბალური შეტევების სამიზნე იყო, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს "ფაილი დაიხურება, საქართველოს მხარის ქმედებების გამო".

აშშ - ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან“

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ უპასუხია თბილისიდან გაგზავნილ წერილებზე - ურთიერთობების "სუფთა ფურცლიდან" დაწყების თხოვნით. ორ ქვეყანას შორის არ შემდგარა კონტაქტები უმაღლეს დონეზე და ამ მხრივ საქართველო რეგიონში გამონაკლისია.

უცვლელად რჩება პრეზიდენტ ბაიდენის დროს მიღებული გადაწყვეტილებები - შეჩერებულია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა; სანქცირებული არიან “ქართული ოცნების” გუნდის მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები; მათ შორის პარტიის მილიარდერი დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

  • ნოემბრის შუა რიცხვებში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა და მის გამხმოვანებლად მიჩნეულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მორიგ წერილში, რომელშიც ტრადიციულად შეთქმულების თეორიებს იშველიებდა არგუმენტებად, „დიპ სტეიტის“ წარმომადგენელი უწოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს.
  • 2025 წლის აპრილში შათირიშვილი წერდა, რომ თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ რებრენდინგში მონაწილეობს, რის შემდეგაც ის საქართველოს უარესი ძალით შემოუბრუნდება.


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პერიოდულად გამოხატავენ ეჭვს, რომ შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპ სტეიტის“ გავლენებისგან ვერ თავისუფლდება.

ასევე ნახეთ "ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?

დაძაბული ურთიერთობები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან [PACE]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თბილისის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი დაძაბული - იმ 26 წლის მანძილზე, რაც ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა.

  • ბოლო წელს PACE-ს, ევროპარლამენტის მსგავსად, მიღებული აქვს არაერთი მწვავედ კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე “ქართულმა ოცნებამ” გაზაფხულზე თქვა უარი, მას შემდეგ, რაც დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დაიწყო ლაპარაკი.
  • აგვისტოში ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებაც.


#2. ცემა, დაჭერა, დაუსჯელობა - ქუჩის პროტესტი

დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის გამოც დასავლეთის ქვეყნებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს.

ევროპის მომხრეთა მიტინგებზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მუშტებს, წიხლებს - ხშირად თავში; სცემდნენ მათ ქუჩაში, ძირს დაგდებულებს თუ დაჭერის შემდეგ, დაკავების მანქანებში.

დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. პოლიციასთან დაპირისპირების, დაუმორჩილებლობის გამო თუ ჯგუფური ძალადობის ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილე - ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ცრუ მოწმეების ნაამბობის საფუძველზე.

სხვადასხვა დროს, საპატიმროში აღმოჩნდნენ მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ექიმები, პედაგოგები, სტუდენტები. „ქართული ოცნება“ მათ "კოლექტიური დასავლეთის" - „დიპ სტეიტის“ - მიერ გარედან მართულ „აგენტებს“ და "უსამშობლო" "რადიკალებს" უწოდებს.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ასევე ნახეთ სასამართლომ პირველივე სხდომაზე შეწყვიტა კობახიძის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა

„როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავუშვებთ. ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ… მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ მდგარ 150 კაცში, 10-15 იყოს გულწრფელი სულელი. მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული”, - თქვა “ოცნების” პრემიერმა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ეთერში 2025 წლის ოქტომბერში მათ შესახებ, ვინც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. კობახიძემ თქვა ასევე, რომ ეს პროცესი “მეთოდურად” აღიკვეთება. მთავარი "მეთოდი" შეკრებისა და მანიფესტაციების, ასევე სხვა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლაა.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე პარლამენტთან აქციებზე: მიიღებენ პასუხს

#3. კანონების გამკაცრება - ქუჩაში, სასამართლოებში

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 300-ზე მეტი დღის მანძილზე ყოველდღე კეტავდნენ რუსთაველის გამზირს, “ქართულმა ოცნებამ” გამკაცრებული კანონმდებლობა დაუპირისპირა. "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონსა და სხვა აქტებში შეტანილმა ცვლილებებმა, ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი.

5000-ლარამდე გაზრდილ ჯარიმებს "ქართულმა ოცნებამ", 2025 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები დაამატა:

  • გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა.
  • ხოლო მეორე ჯერზე - სასჯელი სისხლის სამართლის წესით.


კანონის გამკაცრების მიუხედავად, მაინც იკეტებოდა რუსთაველის გამზირი. პოლიცია ხალხს ამის საშუალებას აძლევდა, ხოლო შემდეგ იჭერდა. ქუჩაში ადამიანებს აჩერებდნენ სამედიცინო პირბადეების ტარებისთვის (სახის დაფარვა აიკრძალა საპროტესტო შეკრებებისას); პირბადეებს ნივთმტკიცების სახით ლუქავდნენ.

ამ პროცესში დაიჭირეს კიდევ ათეულობით ადამიანი.

2025 წლის ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ხალხს გამზირის გადაკეტვის საშუალებას აღარ აძლევენ - პოლიციელები მათ ცოცხალ ბარიერად, საკუთარი სხეულებით ეღობებიან და აკავებენ - როგორც პარლამენტის წინ, ასევე მიმდებარე ქუჩებზე მარშირებისას. თვითმხილველების თქმით, დაკავება ხშირად პოლიციის შეურაცხყოფისა თუ დაუმორჩილებლობის ცრუ ბრალდებით ხდება.

აკრძალვები შეეხო სასამართლოსაც.

2025 წლის 28 ივნისიდან მედიას აეკრძალა ვიდეო- და ფოტოგადაღება, ლაივჩართვები, დაზარალებულების, ადვოკატისა თუ პროკურორების ჩაწერა - სასამართლოს შენობასა თუ ეზოში.

დაჩქარებული წესით მიღებული კანონითა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უფლება მისცეს, სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს ჩამოართვან ნებისმიერი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია ფოტო- და ვიდეოგადაღება, ხმის ჩაწერა.

7 ნოემბერს გაირკვა, რომ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა“ სასამართლო შენობებისთვის იყიდა სპეციალური კარადები, პატარა სათავსოებით, სავარაუდოდ, - ტელეფონების შესანახად.

ასევე ნახეთ სხდომაზე მობილურის შეტანის აკრძალვა შეეხება ყველას - ამბობს მოსამართლე გვრიტიშვილი
ასევე ნახეთ “სადაც ძალადობაა, ყველგან ის არის”, - მანდატურების ხელშეუხებელი უფროსი

ბოლო თვეებში სასამართლოს მანდატურები, სხვადასხვა მიზეზით - მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით - უპირისპირდებოდნენ სასამართლოში მისულ აქტივისტებს, მედიას.

რადიო თავისუფლებამ ოქტომბერში გაარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების ძალადობის ფაქტებზე, ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის პროკურატურაში 10-მდე საჩივარი იყო შესული და ერთ საქმედ გაერთიანებული.

#4. წმენდა საჯარო სექტორში

“ქართული ოცნების” 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა საჯარო სექტორში.

სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული ადამიანები ხელს აწერდნენ პეტიციებს - ითხოვდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სვლის გაგრძელებას. ასეთ პეტიციებს ხელს აწერდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა თუ თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი.

ოდნავ მოგვიანებით, მათგან ზოგი რეორგანიზაციას შეეწირა, ზოგს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და უთხრეს, რომ საჭირო აღარ იყვნენ.

მათი დათხოვნის პროცესი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გააადვილა.

ასევე ნახეთ მორჩილი საჯარო სექტორი? - გათავისუფლება ერთი წინადადებით
ასევე ნახეთ „საახალწლო საჩუქარი“ - საჯარო მოხელეების გათავისუფლება გრძელდება

გათავისუფლებულების დიდი ნაწილი მათ მიმართ წმინდა პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებს.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა და რომ გათავისუფლებულთა შორის მხოლოდ ხელმომწერები არ იყვნენ, ხოლო ხელმომწერთა ნაწილი კვლავ განაგრძობდა მუშაობას. თუმცა სხვა განცხადებები წმენდის სურვილზე მიუთითებდა.

  • “წინა კვირას მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს”, - განაცხადა 1 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, თანამშრომლების პეტიციაზე საუბრისას.
  • ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ „ამ პროცესში რაც არის კარგი, სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული" და "რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი”.


საჯარო სექტორიდან გაუშვეს არაერთი გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომლები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ უწყებაში პროცესები ზუსტად კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გახმაურებული გეგმის შესაბამისად წარიმართა და “რეორგანიზაციის” ცვლილებები ძირითადად შეეხოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ მიმართულებებს. გაუქმდა ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი.

წელს გაუქმდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრიც. მისი ფუნქცია სამინისტრომ შეითავსა.

ასევე ნახეთ “ჩვენ არა, ქვეყანაა მსხვერპლი” - საგარეოს ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან “რეორგანიზაციის” ამბებს

„ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც მოჰყვება, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გაცნობიერებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენებას საჭიროებს“, - სწერდა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თანამშრომლებს. წერილი მედიამ მოიპოვა.

ბოჭორიშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ სისტემა რეფორმირებას საჭიროებდა “უფრო ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის”.

წლის ბოლოსთვის, საჯარო სექტორში დასაქმებულებს კიდევ ერთი მოულოდნელი ცვლილება შეეხოთ.

  • გარკვეული გამონაკლისების გარდა, 1 ნოემბრიდან აიკრძალა მეორე სამსახური საჯარო სექტორში.
  • ზემდგომების წერილობითი ნებართვა სჭირდება სხვა სარგებლის მიღებასაც. ნებართვა კი ერთჯერადია და მაქსიმუმ - ერთწლიანი.


კანონის მოთხოვნების დამრღვევებს არა თუ მხოლოდ სამსახურს დაატოვებინებენ, არამედ ორი წლით აუკრძალავენ საჯარო სექტორში მუშაობას და კომპენსაციის სახით გადაახდევინებენ დარღვევის პერიოდში მიღებულ ანაზღაურებას.

ასევე ნახეთ საჯარო მოხელე ვარ, შემიძლია მეორე სამსახურიც მქონდეს?

ოფიციალური განცხადებებით, ახალი რეგულაციები საჯარო სამსახურებში მეტ კეთილსინდისიერებასა და ანგარიშვალდებულებას დაამკვიდრებს; ექსპერტები კი ამ სიახლეს საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების კონტროლის ახალ მექანიზმად განიხილავენ.


#5. NGO-ების, მედიის შევიწროება, დაყადაღება, გაქრობა

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ბოლო წლის განმავლობაშიც დარჩნენ “ქართული ოცნების” მთავარ სამიზნეებს შორის.

„რეპრესიულად” შეფასდა ამ მიმართულებით სადავო პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთელი რიგი კანონები:

  • 2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა 1 აპრილს დამტკიცებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც “ოცნება” ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგად მოიხსენიებს.
  • 2025 წლის 1 აპრილს დამტკიცდა ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში - შეფასდა, როგორც ცენზურის დაწესება, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლი და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი.
  • მაუწყებლებს სრულად აეკრძალათ უცხოური დაფინანსება.
  • დამტკიცდა ცვლილებები "გრანტების შესახებ კანონშიც", რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტები არ გაიცემა მთავრობის ნებართვის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მას „ქართველი ხალხის დევნის აქტი” უწოდეს.


ამ კანონების შედეგად, მუშაობა შეაჩერა არაერთმა სამოქალაქო ორგანიზაციამ. სხვადასხვა დროს დააყადაღეს იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და სხვა საჭიროებებს ფარავდნენ.

“ქართული ოცნება” ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის აუცილებელია "აგენტების" გამოაშკარავება, ხოლო მიღებული კანონები და მიმდინარე პროცესები დასავლურ, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

საპირისპიროა დასავლეთის შეფასებები.

ასევე ნახეთ „რუსული კანონების აღსრულება დაიწყო“ - რა ინფორმაციას ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო ორგანიზაციებისგან
ასევე ნახეთ მთავრობის ფავორიტები - ვის და რისთვის ერგო სახელმწიფო გრანტები?


“ოცნების” მთავრობამ თავად დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გრანტებით. ამ ფულის მიმღებთა შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ ორგანიზაციების ერთი ნაწილი 2025 წელს შეიქმნა.

პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში ნოემბრის ბოლოს გასული სიუჟეტის შემდეგ, ონლაინ მედიასაშუალებების წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღა დაიწყო.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არიან „ბრიუსელის პროპაგანდისტები" და ამაზე თითქოს ისიც მეტყველებს, რომ "თავისი დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებენ“.

„სინათლე მედიაში“ გაერთიანებული 20-ზე მეტი მედიაორგანიზაცია აცხადებს, რომ „იმედის“ სიუჟეტი „სახელდახელოდ შეთხზულ ტყუილებს“ ეყრდნობა და ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოსგან მოითხოვენ, ცრუ ინფორმაციის უარყოფასა და პირდაპირ ეთერს “აბსურდულ ბრალდებებზე” პასუხის გასაცემად.

ასევე ნახეთ „სინათლე მედიამ“ უპასუხა „იმედის კვირის“ სიუჟეტს

2025 წლის გაზაფხულზე საზოგადოებრივი მაუწყებლის “1 არხიდან” გაათავისუფლეს თანამშრომლები, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.


#6. “წულუკიანის კომისია” - ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?

2025 წელს “ქართულმა ოცნებამ” საგანგებოდ შექმნა სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია [“წულუკიანის კომისია”], რომელზე დაყრდნობითაც დაიწყო საპარლამენტო არჩევნებამდე გახმოვანებული მიზნების ხორცშესხმა - პოლიტიკოსების გასამართლება, პარტიების აკრძალვა თუ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის [წინა ხელისუფლების] დადანაშაულება.

როცა კომისიამ მუშაობა დაიწყო, მმართველ პარტიას უკვე ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია - აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ გარე ძალების დაკვეთით დაიწყო. მათთვის რუსეთის საქართველოზე თავდასხმა მხოლოდ „საპასუხო ინტერვენციაა”, რასაც, უკვე 17 წელია, ამტკიცებს კრემლი, ომის შემდეგ.

  • “თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული”, - თქვა 31 მარტის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.
  • "არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ გადაწყვეტილებებს“ , - ეს ციტატაც მას ეკუთვნის.


ასევე ნახეთ წულუკიანის კომისია და აგვისტოს ომი - რა იკითხეს, რა ითქვა, რა გავიგეთ?
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა
  • 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები “ომის გამჩაღებლებად” მოიხსენია, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატი უწოდა. “ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ”, - თქვა ივანიშვილმა.
  • მანამდე, 2024 წლის აპრილში, რუსთაველის გამზირზე გამართულ პროსამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთთან ომში „გლობალური ომის პარტიამ” ჩაითრია. მას არაფერი უთქვამს აგვისტოს ომში რუსეთის დანაშაულზე.


თვეების განმავლობაში, "წულუკიანის კომისიის" სხდომებზე ძირითადად აფასებდნენ საზოგადოდ ცნობილ ამბებს და იმეორებდნენ ბრალდებებს, რომელთა შესახებაც „ქართული ოცნება”, მისი მოკავშირეები და მომხრეები 13 წელია ლაპარაკობენ. კომისია უსმენდა დაზარალებულებსა და მათი ოჯახის წევრებს - მკვლელობის, ფიზიკური ძალადობის, ციხეებში წამებისა თუ ქონების წართმევის საქმეებზე. კომისიის სხდომებზე მიიწვიეს ადამიანები, მათ შორის - მკაფიოდ ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით - “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.

“წულუკიანის კომისიამ” ორჯერ გამოჰკითხა “ქართული ოცნების” ყოფილი შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, სხვა ბრალდებებთან ერთად, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანასთან, 2019 წელს საპოლიციო საგუშაგოს [“ჩორჩანის საგუშაგოს”] “თვითნებურად”, “ერთპიროვნულად” აგებასა და 100 ჰექტარი ტერიტორიის დაკარგვას ედავებოდნენ.

13 ნოემბერს გახარიას ბრალი პროკურატურამაც წაუყენა.

"ოცნების" ქმედებები და გადაწყვეტილებები მეტის მოთხოვნის მადას უხსნიდა საოკუპაციო რეჟიმებს.

ასევე ნახეთ „ოცნების“ განცხადებების შემდეგ ცხინვალში იმედოვნებენ, რომ ჩორჩანის საგუშაგო გაუქმდება
ასევე ნახეთ "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ლიკვიდაციით თბილისი ცხინვალზე "ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმს" კარგავს?


#7. პოლიტიკური ოპონენტები ციხეში, პარტიების აკრძალვა

ამ ეტაპისთვის დაჭერილია ანდა გასამართლებას ელოდება 20-მდე მოქმედი თუ ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სხვადასხვა საქმის ფარგლებში.

ერთი ნაწილი საპატიმროში იმის გამო მოხვდა, რომ არ გამოცხადდა “წულუკიანის კომისიის” სხდომაზე. ამ მიზეზით დააპატიმრეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე; ორი ლიდერი “ლელო - ძლიერი საქართველოდან” - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. იმავე მიზეზით მოხვდნენ საპატიმროში ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან [შეწყალების მექანიზმით] თვითმმართველობის არჩევნებში მათი პარტიის მონაწილეობის საფუძვლით გამოუშვეს, თუმცა ნოემბერში მათ, სხვებთან ერთად, “საბოტაჟის საქმე” დაეწიათ.

ასევე ნახეთ პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
ასევე ნახეთ მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე

6 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელთაგან 6 ამ დრომდე საპატიმროშია. ახალი გამოძიებით, მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს - მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი - ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს. ამ სიაშია ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

ბრალდებები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოგვიანებით დააკავეს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის [„რუსული ოცნება“] გაკეთების გამო. მან გირაო არ გადაიხადა და დაცვაზეც უარი თქვა. "საბოტაჟის საქმეში" ხოშტარიაც ფიგურირებს. “წერეთ და იკითხეთ, რუსებო!” - მიმართა მან "ოცნების" ხელისუფლებას ციხიდან.
  • 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, დამატებით 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.
  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაკავებული არიან ასევე 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“. პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის გარდა, დაკავებულია ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე. 26 ნოემბერს სასამართლომ ლიდერები პატიმრობაში დატოვა. ამ საქმეზე დაკავებულია კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი.
  • პატიმრობაშია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა. 11 სექტემბერს ის სუსმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „200 000 დოლარის შეთავაზების“ ბრალდებით.


“ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ღიად აცხადებდა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლება და მათი პარტიების აკრძალვა ჰქონდათ ჩაფიქრებული. მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ "ოცნების" სხვა წარმომადგენლებიც და მიზანში ამოღებულ ოპონენტებს “კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობად” მოიხსენიებდნენ.

ახლა “ოცნების” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პროცესი სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავეების დასჯასა და ახალი ოპოზიციური ძალებისთვის ადგილის გათავისუფლებას ემსახურება.

„ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა გამყარებულია „ფაქტების ძალიან დიდი ჩამონათვალით“ - სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [„წულუკიანის კომისია“] დასკვნიდან.

იკრძალება პარტიებიც

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს, ესენია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

გასაქრობად შერჩეული პარტიების სამეულს, 2024 წლის არჩევნებზე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ასევე ნახეთ "ივანიშვილის შურისძიება" - გახარია "პატიმრობას" ვერ გადაურჩა, მისი პარტია სადავო პარლამენტში რჩება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია - “გახარია საქართველოსთვის” - “ქართულმა ოცნებამ” ასაკრძალთა სიაში არ შეიტანა.

ახსნეს, რომ ამ პარტიამ სადავო პარლამენტში დეპუტატების შესვლით “გადაირჩინა თავი”. თუმცა სამართლებრივ დევნას ვერ გადაურჩა თავად გიორგი გახარია. 13 ნოემბერს მას წინასწარი პატიმრობა ორ საქმეზე შეუფარდეს [დაუსწრებლად] - “20 ივნისის აქციისა” [“გავრილოვის ღამე”] და “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეებზე. გახარია, უკვე თვეებია, საქართველოდან არის წასული.

გახარია, ღარიბაშვილის შემდეგ, „ქართული ოცნების“ უკვე მეორე ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც თავად „ოცნება“ ასამართლებს. თუმცა, გიორგი გახარიასგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის პატიმრობა არ შეუფარდებიათ - ის მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ღარიბაშვილს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება], განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით. ბოლო თვეებში, კორუფციის, გაფლანგვისა თუ ფულის გათეთრებისთვის "ოცნების" არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, მათი ნათესავები და მათთან დაკავშირებული ადამიანები დააკავეს.

ოპოზიციონერების დაჭერისა და პარტიების აკრძალვის საკითხები დაემატა პრობლემების ვრცელ ნუსხას - რომლის გამოც დასავლეთიდან თბილისს მწვავედ აკრიტიკებენ და ევროკავშირის ორბიტაზე ვეღარ ხედავენ.

ასევე ნახეთ დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს - PACE-ს თანამომხსენებლები

#8. ემიგრანტები არჩევნების გარეშე

2025 წლის ნოემბერში ემიგრანტებმა გაიგეს, რომ მათთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ადგილზე აღარ ექნებათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ უფლებას მათ “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ართმევს [ცვლილებები საარჩევნო კოდექსში], რომელიც სადავო პარლამენტში 25 ნოემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

“ოცნების” წარმომადგენლები ამ საკითხშიც გარე ძალების ჩარევას ეძებენ. ასეთ ჩარევას კი ისინი მხოლოდ დასავლეთს აბრალებენ.

„საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს", - სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ემიგრანტებს განუმარტა, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად, ოთხ წელიწადში ერთხელ, საქართველოში მოუწევთ ჩამოსვლა.

ასევე ნახეთ "მშობლის დაკრძალვაზე ვერ მიდიან და არჩევნებზე ჩავლენ?“ - ხმის მიცემის შეზღუდული უფლება ემიგრანტებისთვის

ემიგრანტები თავს გარიყულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ. მათთვის ეს არჩევნებში მონაწილეობის უფლების წართმევაა, რადგან ზუსტად იციან, რომ საქართველოში ჩამოსვლას ბევრი უბრალოდ ვერ შეძლებს - მაშინ, როცა წინა წლებში მეზობელ ქალაქებში ჩასვლაც უჭირდათ, დროისა თუ ფულის არქონის გამო; ხოლო საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვერც შვილების სანახავად ანდა ოჯახის წევრების გარდაცვალების შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, ემიგრანტების დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება და თუკი ჩამოვლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან.

“ივანიშვილი ემზადება არჩევნების დასანიშნად, ალბათ, გაზაფხულზე და ველს ასუფთავებს”; “ეს დემოკრატიის, სინათლის, გამჭვირვალობის შიშია”, - ეუბნებიან ემიგრანტები რადიო თავისუფლებას.

ყველა იხსენებს წინა წლების რეალობას, როცა ემიგრანტების აქტივობა არჩევნებში მაღალი არ ყოფილა, მაგრამ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში “ქართული ოცნება” ძირითადად ვერ იმარჯვებდა.

ამ დისკუსიებს ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში “ოცნების” მომხრეთა ანგარიშებიდან ემიგრანტების მისამართით ლანძღვის ნიაღვარი მოჰყვა. მათ ზოგი სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს უწუნებს, ზოგი ღალატში სდებს ბრალს, ზოგს კი ყველანი მუქთახორა ქმარ-შვილის მონებად გამოჰყავს.

“ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 25 ნოემბერს ისიც დააზუსტა, რომ ემიგრანტების გამოგზავნილი ფული [რაც 2024 წელს 3 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენდა] ბიუჯეტში არ ირიცხება.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების დროს თანასწორობის პრინციპი ირღვეოდა

ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ, სულ ცოტა, მილიონი ქართველი ცხოვრობს. ექსპერტებს წარმოდგენაც უჭირთ, რა შეიძლება მოხდეს, ყველამ ერთად რომ გადაწყვიტოს არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა.


ასევე ნახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტია
ასევე ნახეთ მერე რა მოხდა? - რექტორების უმრავლესობას მოსწონს ის, რასაც მათ და მათ სტუდენტებს ხელისუფლება უპირებს
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, კერძო სკოლებს 12-წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნება შეეძლებათ