Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - გზა "მნიშვნელოვანი მიღწევიდან" "დიპ სტეიტის ბოლო კოზირამდე"


წინასწარი განცხადებების მიხედვით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აგვისტოს ბოლომდე არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, რაზეც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ბედია დამოკიდებული.
წინასწარი განცხადებების მიხედვით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აგვისტოს ბოლომდე არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, რაზეც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ბედია დამოკიდებული.

"კაცი უნდა დარჩეს კაცად", უვიზო მიმოსვლა "ტექნიკური საკითხია", "დიპ სტეიტის" ომის გეგმის "ბოლო კოზირია", თუ ევროპაში ვეღარ წავა, სამკურნალოდ ხალხი სხვა ქვეყნებში ივლის - ეს განცხადებები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე/პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხეზე საუბრისას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებით დებატები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა - ინდივიდუალური სანქციების საკითხი ვერ შეათანხმეს.

თბილისს წერილი ევროკომისიამ მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე გაუგზავნა და 8-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა. საქმე ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას შეეხება - ევროკავშირის რეკომენდაციები მოიცავს: ადამიანის უფლებების დაცვას, დისკრიმინაციის აკრძალვას, ევროპულ პრინციპებთან შეუსაბამო კანონების გაუქმებასა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.

ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის ვალდებულებები საქართველომ წლების წინ აიღო. 2017 წლიდან, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას "ქართული ოცნება" მნიშვნელოვან მიღწევებში ითვლიდა.

დღეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული პარტია, რომელიც საქართველოს 2012 წლის დასასრულიდან მართავს, ცდილობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე "გლობალური ომის პარტიის"/"დიპ სტეიტის" მიერ საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის "მეორე ფრონტის" გახსნის დაუოკებელ სურვილს დაუკავშიროს.

ევროკომისიის წერილს "ქართულმა ოცნებამ" გასულ კვირაშივე უპასუხა - პოლიტსაბჭოს ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ტექსტითა და საგანგებო ბრიფინგებზე ჟურნალისტებისთვის ზეპირად გაკეთებული განცხადებებით.

რადიო თავისუფლებამ ევროკომისიის რეკომენდაციებს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის იმ არგუმენტებს გადახედა, რაც მიუთითებს, რომ მმართველი პარტია არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის მიუხედავად.

რას ითხოვს ევროკომისია?

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის 2024 წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას [შესრულებას], აგვისტოს ბოლომდე.


ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ფრაგმენტი
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ფრაგმენტი

და რას ეხება ევროკომისიის რეკომენდაციები?

  • საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის - შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების, პირადი ცხოვრების დაცულობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.
  • ისეთი კანონმდებლობის არ მიღებას/გაუქმებას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ნახსენებია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტი, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მათ შორის ლბტქ+ ადამიანების უფლებების დასაცავად.
  • საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოიყვანს.
  • თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ ზომების მიღებას.
  • კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, ცვლილებებს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში - ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების შესრულებას, ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად.
  • პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანას. .


იქვე ნათქვამია, რომ ამ რეკომენდაციებზე არასათანადო რეაგირების გამო, ევროკავშირმა უკვე შეაჩერა ვიზების გამარტივებული რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის და შესაძლოა, მომავალში შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია მთლიანად, თუ საქართველომ არ გაითვალისწინა რეკომენდაციები.

რას პასუხობს "ქართული ოცნება"?

"ჩვენ ვაცხადებთ ჯიუტად, რომ კაცი კაცია"

“როგორ შეიძლება მე მივიდე სამოქალაქო რეესტრში და მოვითხოვო, რომ ვარ ქალი ამის ჩაწერა?!... და ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა“ - ირაკლი კობახიძემ ეს ბრიუსელიდან მიღებული წერილის შინაარსზე, კერძოდ კი, ერთ-ერთ რეკომენდაციაზე - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმების საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძემ თქვა, რომ ბრიუსელი ითხოვს ქართულ კანონის გაუქმებას, სადაც, მისი განმარტებით, "წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად“; კანონთა პაკეტი ასევე კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, შვილის აყვანას. შეზღუდულია გამოხატვისა და შეკრების უფლებაც.

დოკუმენტებში სქესის შეცვლას ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ აწესრიგებს, ზოგ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არ არ არსებობს და არც ყველა ევროპულ ქვეყანაშია ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული.

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტების მოწესრიგების მიზანი კი, ადამიანის უფლებების დაცვა [გადაადგილება, სამედიცინო მომსახურება, განათლება] და დისკრიმინაციისა უსაფრთხოების რისკების შემცირებაა.

უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად, 2014 წელს, ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, რომელსაც “ანტიდისკრიმინაციულ კანონს” უწოდებენ. ეს კანონი კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას - მათ შორის “სექსუალური ორიენტაციის” მიხედვითაც. კანონს ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქო, ხოლო აქტიურად ლობირებდა ბიძინა ივანიშვილი.

10 წლის შემდეგ, წინასაარჩევნოდ, 2024 წელს, "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა უფლებადამცველების შეფასებით - დისკრიმინაციული, უმცირესობების უფლებების შემზღუდველი და მეტწილად არარელევანტური საკანონმდებლო პაკეტი - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.

”ადამიანებს წვავდნენ ევროპაში, განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას და დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ - კაცი კაცია და ქალი ქალია… ჩვენ ვაცხადებთ ჯიუტად, რომ კაცი კაცია - ის მაინც ბრუნავს და ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს და კოცონზე დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია... ევროპა ინკვიზიციაზე ქვემოთ ჩავიდა" - თქვა ირაკლი კობახიძემ 18 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

“უვიზო რეჟიმი ქვეყანას რიგი პირობების შესრულების საფუძველზე ენიჭება. ერთ-ერთი მათგანი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაა”, “ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით [დეკემბერში გაწერილი რეკომენდაციების შესრულების კუთხით - რ.თ.] უმოქმედობა არჩია”; “სინამდვილეში, ვითარება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესდა. საქართველოს ხელისუფლებას ახლა რეაგირებისა და ზომების მისაღებად აგვისტოს ბოლომდე აქვს დრო”, - თქვა, 18 ივლისს, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ვიზალიბერალიზაცია - "დიპ სტეიტის" ბოლო "კოზირი", საქართველოს ომში ჩართვისთვის

საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე “ქართული ოცნება” 2022 წლიდან ლაპარაკობს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

"ქართული ოცნება" მის მომხრეებს ეუბნება, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების თემა და ამჯერად უკვე - სავიზო ლიბერალიზაციის საკითხიც, დასავლეთის მხრიდან "მეორე ფრონტის" გასახსნელი შანტაჟის ნაწილია.

ირაკლი კობახიძე და მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ევროკავშირის “ბოლო კოზირი” უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარია":

„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ "გლობალურმა ომის პარტიამ" მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება“.

"ოცნება" "გლობალური ომის პარტიის" გეგმის ნაწილად განიხილავს ევროკავშირის მოთხოვნასაც - გაუქმდეს ე.წ. აგენტების, იგივე რუსული კანონი, რომელსაც ოფიციალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ჰქვია: "ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვაზე" - ამბობს კობახიძე.

"გლობალური ომის პარტიის"/ "დიპ სტეიტის" მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებულ რიტორიკას პოლიტიკის ექსპერტები შეთქმულების თეორიად განიხილავენ. თავად “ქართული ოცნება” არც ამ “პარტიის” წევრებს ასახელებს და არც კონკრეტულ დასავლელ დიპლომატსა თუ პოლიტიკოსს - რომელიც თითქოს მათ ომში ჩართვის მოთხოვნით მიმართავდა. კობახიძის ბოლო განცხადების მიხედვით, ეს იმიტომ, „რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას ვიცავთ, როდესაც ამ განცხადებას არ ვაკეთებთ და არ ვასაჯაროებთ ყველა დეტალს. არ გვიდა, რომ დამატებითი პრობლემები შევქმნათ და გვინდა, რომ გავუფრთხილდეთ რაღაც-რაღაცებს და ამისთვის კონკრეტული სუბიექტები უნდა იყვნენ მადლიერები ჩვენი ხელისუფლების მიმართ“ .

"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ თუკი სავიზო ლიბერალიზაცია გაუქმდება - საქართველოს მოქალაქეებმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ - მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ.

სამკურნალოდ სხვა ქვეყნებშიც შეიძლება წასვლა

“სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში გინდა უვიზოდ წადი მერე სხვა ქვეყანაში და გინდა ვიზით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ 18 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

„შენ ან გიწევს [ვიზებისთვის] რიგში დგომა, ან არა“ - კობახიძე თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი და მხოლოდ “ტექნიკური საკითხია”, ხოლო თუკი “სტაბილურობის დაცვისთვის” გამიზნული კანონები [დაასახელა - გამჭვირვალობის შესახებ, გრანტების შესახებ და „ფარა“] გაუქმდება, უვიზო მიმოსვლაც აზრს დაკარგავს - რადგან ქვეყანა აირევა და ომში გაეხვევა.

ის "თითიდან გამოწოვილ სპეკულაციას" უწოდებს ოპონენტების განცხადებას, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას შეამცირებს: ევროკავშირის მიღმაც სხვა “უამრავი ქვეყანაა”, “თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო - თქვა კობახიძემ.

ევროკავშირის ქვეყნებში მკურნალობა ბევრი ადამიანისთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ხოლო უვიზო მიმოსვლა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

„მინდა არალეგიტიმური მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას გამოვეხმაურო, რომლებმაც თქვეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ეგზისტენციალურად საჭირო არ არის. გააჩნია ვისთვის! - ალბათ, კობახიძისთვის არა, მაგრამ იმ 50 ათასი ადამიანისთვის, რომელიც 2024 წელს უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა და აქედან მესამედზე მეტი ევროპაში წავიდა, მათთვის ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია”, - თქვა ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, ვატო სურგულაძემ. 18 ივლისს მან მედიასთან განმარტა, რომ რადგან საქართველოში ყველა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით ვერ მკურნალობენ, ამიტომ იზრდება დახმარების საზღვარგარეთ მძებნელთა რიცხვი.

  • საქართველო, რეგიონის არაერთი ქვეყნებისგან განსხვავებით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. უვიზო მიმოსვლის გამო - გაფართოვდა საავიაციო ტრანსპორტის ბაზარიც - რაც სამგზავრო ბილეთების საკმაოდ დაბალ ფასად ყიდვის შესაძლებლობასაც იძლევა.
  • მეზობელი სომხეთის მოქალაქეები ამ შესაძლებლობით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ. ადგილობრივი ჟურნალისტები ხშირად აღწერენ ვიზების აღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მათ შორის - ხალხის რიგებში დგომას.


"დიპ სტეიტი" დაანგრევს ამერიკას, ევროპას, რუსეთს; ტრამპი "დიპ სტეიტს" უშედეგოდ ებრძვის

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც 18 ივლისს ირაკლი კობახიძემ წაიკითხა, შეეხებოდა ე.წ. გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის "განზრახვასაც": - „უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს - ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც".

"დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის” - თქვა კობახიძემ.

ამავე კონტექსტშია მოხსენიებული:

  • „უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება“,
  • „სანქციების დამძიმება რუსეთისთვის“
  • „ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება“.


ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ ე.წ. გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის გეგმებს მიაწერს; ხოლო აშშ-ის პრეზიდენტზე კობახიძე ამბობს, რომ კვლავაც წარმატებებს უსურვებს „დიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

უკრაინისთვის „მილიარდობით დოლარის“ შეიარაღების მიწოდება და სანქციების შესაძლო დამძიმება რუსეთისთვის და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის - პრეზიდენტ ტრამპის მიერ დადასტურებული ინიციატივებია. ასევე, ყველაზე აქტიურად სწორედ პრეზიდენტი ტრამპი ლობირებდა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს [მთლიანი შიდა პროდუქტის] 5%-მდე გაზრდის ინიციატივას.

თავდაცვის ხარჯების, 2035 წლისთვის, 5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება 2025 წლის ივნისში, ჰააგაში, ნატოს სამიტზე შეათანხმეს. ჰააგაში იყო ჩასული აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპიც. ვაშინგტონში ამ გადაწყვეტილებას პირადად მის დამსახურებად თვლიან.

“კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს "დიპ სტეიტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, "დიპ სტეიტი", იგივე "გლობალური ომის პარტია" დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც”.

“სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით”, - ამოიკითხა პოლიტსაბჭოს განცხადების ტექსტიდან ირაკლი კობახიძემ.

უკვე მეექვსე თვეა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა და:

  • კვლავ ძალაშია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციები;
  • სანქცირებულთა შორის კვლავ რჩება ბიძინა ივანიშვილი;
  • შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა [2024 წლის 30 ნოემბრიდან].

“უკრაინაში მიმდინარე ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს”, - აცხადებდა ერთი წლის წინ - “ქართული ოცნების” მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

და ბოლოს - აქვს თუ არა ევროკომისიას ევროკავშირს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების კანონიერი საფუძველი?

ევროკავშირის #2018/1806 სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში, ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიამ უნდა შეამოწმოს სპეციალური მოთხოვნების შესრულება იმ ქვეყნების მიერ, რომელთა მოქალაქეებსაც მინიჭებული აქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება.

შემოწმება პირველ მუხლში ჩამოთვლილი კრიტერიუმებით ხდება და ამ მუხლში ვხვდებით - „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის“ კრიტერიუმსაც. ასევე ჩამონათვალშია: არალეგალური მიგრაცია; სახელმწიფო პოლიტიკა და უსაფრთხოება; ეკონომიკური სარგებელი [ტურიზმი, ვაჭრობა], რეგიონული თანამშრომლობა.

  • ამ დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ შესაძლებელია გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის უფლება, თუკი ასეთი პრივილეგიის მქონე ქვეყანა არ ასრულებს ერთ ან რამდენიმე მოთხოვნას.

ევროკომისიამ ვიზის შეჩერების მექანიზმის ბოლო [მე-7] ანგარიში 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა და სწორედ იქ ჩამოთვალა 8 რეკომენდაცია - რომლებიც ახლა თბილისისთვის გაგზავნილ წერილშიც გადაიტანა და ვადა 31 აგვისტომდე დააწესა.

რეკომენდაციების მეორე პუნქტის თანახმად, საქართველო ვალდებულია “თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილი კვლავ აცხადებს, რომ მზად არიან ევროკავშირის წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. 18 ივლისს, ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ თუ ინტერესი არის და თუ საქმეს სჭირდება, მზადაა "დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში". თუმცა იქვე აღნიშნა, რომ - ამას აზრი არ ექნება.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს გულისხმობს).

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG