საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ხსნის, რა მოეთხოვება საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ გაუუქმდეთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში და მკაფიოდ განმარტავს, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.
"რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის", - ეუბნება ელჩი "ინტერპრესნიუსს". მისი კომენტარის ფონია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ევროკავშირის მხრიდან "შანტაჟის" და "სუვერენიტეტში ჩარევის" შესახებ. "ქართული ოცნების" წევრები ამ ნარატივით ცდილობენ მოსახლეობის წარმოდგენებში ევროკავშირის დისკრედიტაციასა და დემონიზაციას.
ელჩი განმარტავს, რომ გარკვეულწილად ევროკავშირს უკვე შეჩერებული აქვს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს აღარ შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ევროკომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 1 სექტემბრიდან მოსალოდნელია, რომ ვიზის გარეშე ვერც საქართველოს მოქალაქეები ვერ ივლიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
“წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება. ამასობაში, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წერილში სთხოვა, 2024 წლის დეკემბერში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში აგვისტოს ბოლომდე წარმოადგინოს.
2017 წლის 28 მარტი იყო ის პირველი დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურეს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი 2017 წელს სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზეიმოდ აღნიშნა. ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული დღე და საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის აღიარება. სამწუხაროდ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, საქართველოს ხელისუფლება დგამდა ნაბიჯებს, რომელმაც სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ევროკავშირის მხრიდან კურსის შეცვლისკენ მრავალი მოწოდების მიუხედავად.
უვიზო რეჟიმი ქვეყანას რიგი პირობების შესრულების საფუძველზე ენიჭება. ერთ-ერთი მათგანი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაა. გასული წლის დეკემბერში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში, ევროკომისიამ მკაფიო რეკომენდაციები მისცა საქართველოს ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რეკომენდაციები მოიცავდა გარკვეული კანონების გაუქმებას და ზოგიერთი კანონის შესწორებას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უმოქმედობა არჩია. სინამდვილეში, ვითარება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესდა. საქართველოს ხელისუფლებას ახლა რეაგირებისა და ზომების მისაღებად აგვისტოს ბოლომდე აქვს დრო", - ამბობს ელჩი.
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის მოხსნის გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ია).
"სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ამ ვითარების ყურება გულსატკენია.
კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული ახალი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, როგორიცაა - ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკა „ისარგებლე როუმინგით ისე, როგორ შენს ქვეყანაში“, ევროში განხორციელებული ერთიანი გადახდების სივრცეში მონაწილეობა და ბევრი სხვა - არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს", - უთხრა ელჩმა "ინტერპრესნიუსს".
ფორუმი