Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანგველაძის საქმე: „კილერი“ კვლავ დუმს, ორმა მოწმემ ჩვენება არ მისცა, გამომძიებლის მასალები „უდავოდ“ მიიღეს


ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე, 13 ოქტომბერს მიმართავს სასამართლოს.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე, 13 ოქტომბერს მიმართავს სასამართლოს.

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა ბრალდების მხარისათვის ჩვენების მიცემაზე დღეს უარი თქვა, თუმცა პირობა დადო, რომ მომდევნო სხდომაზე თავისი ადვოკატების კითხვებს უპასუხებს.

დღევანდელ სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ბრალდების მოთხოვნილი კიდევ ორი მოწმე ამბობს უარს ჩვენების მიცემაზე.

  • ერთი, მამუკა ბაღდავაძე თავად ბრალდებულია მომიჯნავე საქმეში.
  • მეორე მოწმე, ზურაბ ჯანიაშვილი კი არის ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ძმა.


პროკურორი ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს მოწმეებისადმი შესაძლო „მუქარაზე“ და ვერც სასამართლოში უძილაურის წინა სხდომებისას გამოცხადებულ ცრუ განგაშთან ხედავს საქმის შესაძლო კავშირს.

ბრალდებულის ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს საქმის მთავარი გამომძიებლის მოპოვებული მტკიცებულებები, - შესაბამისად, დეტექტივი, რომელიც სასამართლოზე გამოცხადდა, აღარ დაუკითხავთ. ეს დიდ გამარჯვებად ჩათვალა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

განაჩენამდე დარჩენილია ორი სხდომა - უძილაურის გამოკითხვა და ბრალდებისა და დაცვის მხარეთა დასკვნითი სიტყვები. თუმცა გელა უძილაურის განაჩენის შემდეგ მკვლელობის დაგეგმვაში ბრალდებულთა პროცესი უნდა დაიწყოს.

მოკლედ: ჯანგველაძის მკვლელობა

  • 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მოკლეს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე – „კანონიერი ქურდის“, მერაბ „სოხუმსკის“ ძმა. მისი მძღოლი და ამავე დროს დაცვა გია ჩადუნელი დაჭრეს;
  • სამ დღეში ჯანგველაძის მკვლელობისა და ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური.
  • მოგვიანებით, მაისში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ ბრალდებით ვინმე სანდრო წივწივაძე დააკავეს, აგვისტოში კიდევ სამი ადამიანი და ორზე ძებნა გამოაცხადეს; ბოლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვის წევრიც - მას ბრალად ადვოკატზე „მუქარა“ წაუყენეს.
  • პასუხისგებაში მიცემულთა შორის არიან ძმები დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე. დათუნა მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან;
  • სასამართლო განხილვებისას ერთ-ერთმა დეტექტივმა, - „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, წყაროს გარეშე, - ასევე, მოკლულის მამიდაშვილმა, - ახსენეს ოთარ ფარცხალაძე და 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. თუმცა მკვლელობის შეკვეთის ბრალი ოფიციალურად ჯერ არავისთვის წაუყენებიათ;
  • მკვლელობის შემდეგ, საქმის მიმდინარეობისას შეიცვალა საქმის პროკურორი; ასევე, შეიცვალა რამდენიმე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რაც ოფიციალური განმარტებებისა და ასევე მედიაში გაჟღერებული სხვადასხვა ვერსიის თანახმად, საქმეს არ უკავშირდება, - თუმცა საქმეში პოლიტიკურ გავლენებზე ეჭვი რჩება.

„კილერობაში“ ბრალდებულის დუმილი და პირობა

ბრალდებული გელა უძილაური ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

მისი გამოკითხვა სასამართლოში დღეს ჰქონდა პროკურორ ლევან ვეფხვაძეს დაგეგმილი, თუმცა „კილერობაში“ ბრალდებულმა თქვა, რომ დღეს ამისთვის მზად არ იყო.

„მზად ვარ. ჩვენების მიცემას ვაპირებ“, - თქვა დღევანდელ სხდომაზე თავდაპირველად გელა უძილაურმა, თუმცა დასძინა, რომ სურს, არ შეაწყვეტინონ საუბარი; იქვე განაცხადა, რომ დღეს ჩვენებისთვის მზად არ იყო.

მის ადვოკატებსა და პროკურორს შორის მცირედი კამათისა და მოსამართლის მიერ მხარეების პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამოცხადებული შესვენების შემდეგ, გაირკვა:

  • გელა უძილაური არ აპირებს, ბრალდების მხარეს მისცეს ჩვენება. ის არ იქნება ბრალდების მხარის მოწმე. „არ სურს, პროკურორს მისცეს ჩვენება“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა;
  • მაგრამ, ადვოკატის თქმითვე, ბრალდებული მომდევნო სხდომაზე - 13 ოქტომბერს - მისცემს ჩვენებას, როგორც დაცვის მხარის მოწმე;
  • პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომის ბოლოს თქვა, რომ უძილაურს კითხვებს მაინც დაუსვამს.

ორი მოწმე არ გამოცხადდა - რატომ?

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულისა და მთავარი გამომძიებლის გარდა, ორი მოწმე გამოიძახა:

  1. ზურაბ ჯანიაშვილი - კიდევ ერთი დაკავებულის, სანდრო წივწივაძის ძმა. წივწივაძეს იარაღის „გასაღება“ ედება ბრალად;
  2. მამუკა ბაღდავაძე, - საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი კაცი, რომლის საქმე, მიქაძეებთან და ჯოხაძესთან ერთად არის ძირითადი საქმისგან გამოყოფილი. მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად - გიორგი ჯოხაძე მამუკა ბაღდავაძის დეიდაშვილის ბიძაშვილია.

მოსამართლემ ორივე მათგანის სახელით სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილები წაიკითხა.

ჯანიაშვილის წერილი 7 ოქტომბერსაა მიღებული და წერია, რომ მისი ძმა ზეწოლის ქვეშაა, უნდათ მისი ინფორმაციის წყაროდ გამოყენება. ის კი უარს ამბობს გამოცხადებაზე.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ჯანიაშვილი აქამდე თანახმა იყო დისტანციურად დაკითხვაზე, ეს კი მისთვის სიახლეა.

უძილაურის ადვოკატმა მოითხოვა, რომ ჯანიაშვილი გამოცხადდეს სხდომაზე: „ჩვენ ეჭვი გვეპარება, ეს [წერილი] მისი დაწერილია საერთოდ თუ არა“, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

„მოწმე თუ აპირებს, რომ არ მისცეს ჩვენება, მობრძანდეს და განაცხადოს სასამართლო პროცესზე. ფარული საგამოძიებო ქმედებაა ჩატარებული და მიღებულია გარკვეული შედეგი. ხომ უნდა მიეცეს საშუალება, რომ პასუხი გასცეს? იქნება და გვაძლევს რაიმე ჩვენებას. სასამართლოში გამოცხადდეს და ამის შემდეგ, იმის მიხედვით, რა პოზიცია გამოცხადდება [გადაწყვიტეთ]“, - თქვა ადვოკატმა.

მოსამართლემ თქვა, რომ მოწმე უნდა გამოცხადდეს სასამართლო დარბაზში და დააფიქსიროს პოზიცია და განმარტება მისცეს სასამართლოს. ხოლო რა ფორმით, ეს მხარეთა გადასაწყვეტია.

პროკურორის პოზიციით, აუცილებელი არ არის ამჯერად მისი გამოკითხვა, რადგან სანდრო წივწივაძის საქმის განხილვისას მას მაინც მოუწევს, კითხვებს უპასუხოს.

ჯანიაშვილის ძმა, სანდრო წივწივაძე იმ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და გასაღებისთვისაა ბრალდებული, რომლითაც ლევან ჯანგველაძე მოკლეს.

მამუკა ბაღდავაძეც უარს ამბობს

რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს: დღეს არც ის გამოცხადდა.

მოსამართლის თქმით, დღეს დილას შემოვიდა ოქმი, რომლის თანახმადაც ბაღდავაძემ უარი თქვა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მამუკა ბაღდავაძე წინა, პირველ ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც იყო გამოძახებული.

პროკურორის განცხადებით, ის სასამართლოშიც იმყოფებოდა: „ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ დაკითხვა ტექნიკური პრობლემის გამო“.

  • პირველ ოქტომბერს სასამართლოში განგაში გამოცხადდა „ბომბის შესახებ“ შესული შეტყობინების გამო;
  • ასე მოხდა ერთ-ერთ წინა სხდომაზე, 24 სექტემბერსაც.

დარბაზში მყოფმა ადვოკატმა რევაზ მაისურაძემ, - რომელიც ბაღდავაძის ადვოკატია, - მოსამართლეს წარუდგინა, მისი თქმით, ოქმის დედანი, სადაც წერს, რომ ბაღდავაძე „არ აძლევს ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ … დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე“.

უძილაურის ადვოკატები ბაღდავაძის დაკითხვას მაინც ითხოვდნენ: „არის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია არა თავის წინააღმდეგ ჩვენებაზე, არამედ სხვა პირის წინააღმდეგ ჩვენებაზე. ამიტომ მას არ უნდა შეეზღუდოს ეს პოზიცია და უნდა მოხდეს მისი წარმოდგენა სასამართლოზე, სულ მცირე ამ პოზიციის დასადასტურებლად“, - თქვა ადვოკატმა.

თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ განსხვავებით ჯანიაშვილისგან, მოსამართლე ბაღდავაძეს, როგორც ბრალდებულს, ვერ დაავალდებულებს ჩვენების მიცემას.

ჯერ 24 სექტემბერს და შემდეგ პირველ ოქტომბერს, - როცა უძილაური იკითხებოდა, - სასამართლოში „ბომბზე“ (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცრუ) შეტყობინების შემდეგ ევაკუაცია გამოცხადდა. უძილაური ორივეჯერ გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ბომბებზე ცრუ შეტყობინებებს ამ საქმეს, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა: „ვერ შევაფასებ“.

სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ვეფხვაძემ ასევე თქვა, რომ გაუჭირდება, ახსნას, რატომ გადაიფიქრა ბაღდავაძემ ჩვენების მიცემა. კითხვაზე, როგორ ხსნის ამას, თქვა: „კონკრეტულ სხვა დეტალებს ვერ შევაფასებ“.

რატომ არ პასუხობდა ჯოხაძე უძილაურს?

პროკურატურის ვერსია ასეთია:

  • გელა უძილაური მკვლელობის შემდეგ დაკავებამდე მუდმივად ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან, - მის დამსაქმებელთან დაკავშირებას;
  • უძილაური „კრიმინალური ავტორიტეტის“, გიორგი ჯოხაძის მძღოლი იყო;
  • „მამუკა ბაღდავაძესთან გელა უძილაური მკვლელობის შემდეგ რამდენჯერმე მიდის. 16 მარტს ხვდება, 17 მარტს უკავშირდება და ისევ ხვდება;
  • მამუკა ბაღდავაძე იყო გიორგი ჯოხაძის ნათესავი და მისი მიზანი იყო, როგორმე გასულიყო გიორგი ჯოხაძეზე, გასულიყო კონტაქტზე“, - თქვა დღესაც პროკურორმა.


მამუკა ბაღდავაძე დააკავეს ხუთი თვის შემდეგ, 12 აგვისტოს - დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით.

ამ დროისთვის გაურკვეველია, - თუკი ბრალდების ვერსია სიმართლეს შეესაბამება, - რატომ არ პასუხობდა გიორგი ჯოხაძე, გამოძიების ვერსიით, „მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი“, - რომლის ინტერესებშიც უნდა ყოფილიყო თავის ნდობით აღჭურვილი პირის უსაფრთხოება, - ტელეფონს და რატომ არ გავიდა უძილაურთან კონტაქტზე.

რადიო თავისუფლებამ ეს კითხვა დაუსვა პროკურორ ლევან ვეფხვაძეს, თუმცა მან თქვა, რომ ამ კითხვას დასკვნით სიტყვაში გასცემს პასუხს.

მთავარი გამომძიებლის მასალები - „უდავოდ“

დღეს დაგეგმილი იყო მკვლელობის საქმეზე მთავარი გამომძიებლის, გიორგი ავალიშვილის გამოკითხვა.

33 წლის ავალიშვილი პროცესზე გამოცხადდა და წარუდგინა კიდეც საკუთარი თავი სასამართლოს, თუმცა დაცვის მხარემ სიტყვა გააწყვეტინა.

უძილაურის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ უდავოდ მიიჩნევენ ავალიშვილის საგამოძიებო მოქმედებებს.

პროკურორმა დააზუსტა, რომ „ყველა საგამოძიებო ქმედებას“ ხდიდნენ უდავოდ, რაზეც დასტურის შემდეგ ის დაეთანხმა, რომ ავალიშვილი აღარ გამოეკითხათ.

სწორედ ამ გამომძიებელმა შეისწავლა გელა უძილაურის „პოლონური ნომრის“ ამონაწერი, - რაც გამოძიების ბრალდებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.

„დაცვის მხარემ უდავოდ ცნო უძილაურის პოლონეთში რეგისტრირებული ნომრის ამონაწერი, - სად გადაადგილდება, როდის აქტიურდება, როდის ითიშება, როგორ აქტიურდება ეს პოლონური ნომერი“, - თქვა სხდომის დასასრულს პროკურორმა.

მისი თქმითვე, ეს ინფორმაცია „ერთი-ერთში არის დასმული გელა უძილაურის გადაადგილებასთან“.

„[დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობა] ნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებული ავტომატურად ყველა საგამოძიებო ქმედება არის უდავოდ ცნობილი“, - თქვა პროკურორმა.

მომდევნო პროცესი დანიშნულია 13 ოქტომბერს, 13:00 საათზე.

თუ უძილაურმა სიტყვა თუ არ გადათქვა, ამ დღეს მისი ჩვენებაა დაგეგმილი.

ამის შემდეგი პროცესი კი 15 ოქტომბერს 11:00 საათზეა დანიშნული. სავარაუდოდ, განხილვა სწორედ 15-ში დასრულდება.

რაც შეეხება ძმები მიქაძეების, გიორგი ჯოხაძისა და სხვათა საქმეს - წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG