Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ვიცოდი, დღეს რომ უნდა დავკითხულიყავი, მზად არ ვარ“ - ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული უძილაური


მარცხნივ: მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური. მარჯვნივ: მოკლული ლევან ჯანგველაძე
მარცხნივ: მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური. მარჯვნივ: მოკლული ლევან ჯანგველაძე

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური უარს აცხადებს ბრალდების მხარისათვის ჩვენების მიცემაზე - შესაბამისად, პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემაზე.

ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მისი გამოკითხვა სასამართლოში პროკურორ ლევან ვეფხვაძეს დღეს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა „ქილერობაში“ ბრალდებულმა თქვა, რომ დღეს ამისთვის მზად არ იყო.

დღეს, სხდომის დაწყების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პირველ მოწმედ ბრალდებული გელა უძილაური გამოიძახა - ის სხდომას ესწრებოდა.

„მე მზად ვარ. ჩვენების მიცემას ვაპირებ“, - თქვა გელა უძილაურმა, თუმცა დასძინა, რომ სურს, არ შეაწყვეტინონ საუბარი; ამასთან, მისი თქმით, დღეს ამისთვის მზად არ არის.

„დღეს მზად არ ვარ“

უძილაურის ადვოკატმა თქვა: „თავისუფალი თხრობის რეჟიმში სურდა გელას ესაუბრა, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიე პროკურორთან“.

თუმცა დღეს პროკურორმა თავისუფალი თხრობის რეჟიმში მოსმენისათვის მზაობა დააფიქსირა, - შემდეგ დამატებითი კითხვების დასმის უფლებით.

უძილაურმა განაცხადა, რომ ეგონა, რომ შემდეგ პროცესზე უნდა დაკითხულიყო: „არ ვიცოდი, რომ დღეს უნდა დავკითხულიყავი... დღეს მზად არ ვარ“, - თქვა მან.

პროკურორმა ამაზე პროტესტი განაცხადა და უძილაურს მიმართა:

„ამ პასუხს ვერ მივიღებ. პროცესი არ ყოფილა, რომ არ ყოფილიყავით. 1 ოქტომბერს გავწერეთ გრაფიკი, დავამატეთ კიდე ორი პროცესი, 8 და 13 ოქტომბერს.

15 ოქტომბერს უნდა გვეთქვა დასკვნითი სიტყვები. თუმცა თქვენმა უფლებადამცველებმა განაცხადეს, პროკურორის დასკვნითი სიტყვის შემდეგ მოფიქრება, დრო გვინდაო. რასაც დავთანხმდი. მე მხოლოდ საათ-ნახევარი მომცა მოსამართლემ დასკვნითი სიტყვისთვის. ვიკითხე თქვენ გასაგონად, მომცემთ ჩვენებას-მეთქი? ეს არ არის თქვენთვის ახალი ამბავი“.

„მოგცემთ საშუალებას, თავისუფალი თხრობით მოჰყვეთ. თუ ზუსტად, იდეალურად მოჰყვებით ყველაფერს, ხომ კარგი, თუ არადა, თუ შემდეგ კითხვები მექნა, გკითხავთ. თუ არ ხართ თანახმა, უპასუხოთ კრიტიკულ კითხვებს, ეგ თქვენი გადასაწყვეტია“, - მიმართა მან ბრალდებულს.

ადვოკატებმა კიდევ ერთი სხდომის დანიშვნა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ უთხრა, რომ მოუცლელობის - სხვა პროცესების გამო - არ შეუძლია.

ის ბრალდების მხარეს ჩვენებას არ მისცემს

შესვენების შემდეგ გაირკვა, რომ უძილაური არ აპირებს, პროკურორს მისცეს ჩვენება.

„არ სურს, პროკურორს მისცეს ჩვენება“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა.

მისი თქმით, უძილაური ერთ-ერთ მომდევნო სხდომაზე მისცემს ჩვენებას, როგორც დაცვის მხარის მოწმე.

ჯერ უცნობია, ისარგებლებს თუ არა იგი საბოლოო სიტყვით.

სხდომა გრძელდება.


ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, - „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის („სოხუმსკის“) ძმა, - თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.

გელა უძილაურისთვის იარაღის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით 25 მაისს დააკავეს სანდრო წივწივაძე.

რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.

გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით (დათუნა) მიქაძეზე.

ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?

  • ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით. მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
  • გელა უძილაური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • სანდრო წივწივაძეს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას - სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG